ბინა, რომელზეც დღეს გიამბობთ, თბილისში, იყალთოს ქუჩაზე მდებარეობს და მისი საერთო ფართობი 176 კვადრატულ მეტრს შეადგენს. ინტერიერზე დიზაინერმა ანა აბაშიძემ იმუშავა, რომელიც აღნიშნულ სფეროში უკვე 12 წელია მოღვაწეობს.
აღსანიშნავია, რომ პროექტი დისტანციურად განხორციელდა, ვინაიდან ბინის მესაკუთრეები ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობენ და დიზაინერს მათთან ურთიერთობა ონლაინ ფორმატში უწევდა, რაც ბუნებრივად, რიგ გამოწვევებთან იყო დაკავშირებული.
ანა აბაშიძემ დამკვეთისგან მიიღო საპროექტო დავალება, რომლის მიხედვით, მას უნდა შეექმნა ე.წ. ამერიკული სტილის ინტერიერი, რაც პროექტის ავტორს საკმაოდ წარმატებულად გამოუვიდა.
რაც შეეხება გეგმარებას, ბინაში გვხვდება სამი საძინებელი, საგარდერობო ოთახი, ორი აბაზანა და სამრეცხაო. სამზარეულო და მისაღები ზონები გაერთიანებულია, რაც ქმნის ამერიკული სტილისთვის დამახასიათებელ ერთ დიდ სივრცეს.
ინტერიერში დომინირებს თეთრი ფერი, რაც ბინას მეტ სინათლეს მატებს და სივრცეს ჰაეროვნების შეგრძნებას სძენს. პროექტში გამოყენებულია ისეთი მასალები, როგორიცაა შეღებილი მდფ, კვარცი, მარმარილო და ხე. რაც შეეხება ავეჯსა და აქსესუარებს, მათი უმრავლესობა ამერიკის შეერთებული შტატებიდან არის ჩამოტანილი და ძირითადად Hooker furniture ფირმის პროდუქციას წარმოადგენს.
დიზაინ სტუდია: Spacelogic
პროექტის ავტორი: ანა აბაშიძე
ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე
რუბრიკის წარმდგენია საქართველოს ბანკი