ინტერიერის დიზაინი კლასიკური ელემენტებით არის ძალიან ელეგანტური და საინტერესო გადაწყვეტა, რომელიც ყურადღებას ამახვილებს არქიტექტურულ დეტალებზე, სიმეტრიაზე, დახვეწილ ფერთა პალიტრაზე, საგულდაგულოდ შერჩეულ დეკორზე და ასე შემდეგ. ასეთი მიდგომით შეგიძლიათ შექმნათ მარადიული ინტერიერი, რომელიც გააერთიანებს მომხიბლავ და დახვეწილ ატმოსფეროს. მიუხედავად იმისა, რომ კლასიკური სტილი დიდწილად ისტორიულ ფონს ემყარება, ის შეუფერხებლად შეიძლება დაბალანსდეს თანამედროვე დეტალებთანაც. ძველსა და ახალს შორის შესაფერისი ბალანსის პოვნით კი შეძლებთ, რომ თქვენი საცხოვრებელი მუდმივად განსხვავებულად და საინტერესოდ გამოიყურებოდეს. დღევანდელ სტატიაში რამდენიმე ქართულ პროექტს გაგიზიარებთ, რომლებიც სწორედ კლასიკური ელემენტების დახმარებით შეიქმნა.
ბინა საირმის ქუჩაზე
საპროექტო დავალება გულისხმობდა თანამედროვე ინტერიერის მოწყობას, რომელიც მცირე რაოდენობის მოლდინგებითა და ხის ფაქტურით მოპირკეთდებოდა. პროექტი მაცხოვრებლებზე მორგებული, თანამედროვე, ჰაეროვანი ინტერიერით გამოირჩევა, რომელშიც მცირე კლასიკური ელემენტებიც იჩენს თავს, რაც ბინის მრავალფეროვან ხასიათს განსაზღვრავს. სადა ფერთა პალიტრა და ნაზი ტექსტურის ავეჯი კი სიმყუდროვესა და სასიამოვნო გარემოს უზრუნველყოფს.
ბინა ქავთარაძის ქუჩაზე
მუქმა ფერთა პალიტრამ კლასიკური და ელეგანტური იერსახე მიანიჭა ბინას, ჭერის დეკორატიულმა განათებამ კი სივრცე მეტად გამოკვეთა. კედლის პანელებმა და მოლდინგებმა კიდევ უფრო უკეთ გაუსვა ხაზი პროექტისთვის დამახასიათებელ კლასიკურ დეტალებს. მისაღები ოთახის ინტერიერი შედარებით ღია ფერებში მოეწყო და თანამედროვე ავეჯითა და აქსესუარებით მოირთო, რამაც კლასიკურ და თანამედროვე სტილს შორის სასიამოვნო ბალანსი შექმნა. პატარა ფართის მიუხედავად, სივრცე კომფორტულადაა გადანაწილებული და მოსახერხებელ, ფუნქციურ გარემოს ქმნის, რომელშიც კლასიკური, თანამედროვე და ბუნებრივი ელემენტები ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს.
ბინა ვაკეში
მუშაობის პროცესში ბინა ცალკეულ ნაწილებად დაიყო და სივრცე კლასიკური და თანამედროვე ელემენტების მიხედვით გადანაწილდა და საერთო ჯამში, ერთი მთლიანობა შეიქმნა. საინტერესო განწყობა შექმნა ინგლისური წყობის პარკეტმაც. კონტრასტის შესაქმნელად დიზაინერმა თანამედროვე ავეჯი და დეკორაციები გამოიყენა, რის ხარჯზეც ინტერიერში სასიამოვნო და მრავალფეროვანი ატმოსფერო გამოიკვეთა. ინტერიერში, უმეტესად, თეთრი და ოქროსფერი ტონალობა ფიგურირებს, რაც სივრცეს მდიდრულ იერსახეს ანიჭებს. განათება კი სახლს უფრო შთამბეჭდავსა და ელეგანტურს ხდის.
ბინა ყიფშიძის ქუჩაზე
სიმსუბუქის და ჰაეროვნების მისაღებად ინტერიერი ღია, თეთრ ფერთა გამაშია გადაწყვეტილი, რაც ერთიან და სადა საცხოვრებელს უზრუნველყოფს. ავეჯის შემთხვევაში მთავარი აქცენტი კრემისფერსა და ხისფერ ტონალობაზეა გაკეთებული. ბინის დიზაინი თანამედროვე და მინიმალისტურია და მასში მსუბუქად შემოდის კლასიკური შტრიხებიც. ძველისა და ახლის სასიამოვნო ბალანსით ინტერიერში ძალიან კომფორტული, მყუდრო და დახვეწილი ხასიათი იქმნება.
ბინა კრწანისში
ინტერიერი კლასიკურ და თანამედროვე სტილშია გადაწყვეტილი, რაც მოლდინგების ხშირი გამოყენებით, დახვეწილი ავეჯითა და ფერების ჰარმონიული ურთიერთკავშირით მიიღწევა. სივრცეში წამყვან როლს თეთრი ფერი, ხის ელემენტები და მწვანე დეტალები თამაშობს. ამ ყველაფრის ერთიანობით კი ბინაში დახვეწილი და ბუნებრივი ხასიათი იქმნება. თითოეული ზონა ფუნქციურად სწორად არის გადანაწილებული და მაცხოვრებლების მოთხოვნების შესაბამისად, სრულად არის ათვისებული, რაც იდეალურ საცხოვრებელ პირობებს უზრუნველყოფს.
“იცხოვრე შენი ცხოვრებით” სათქმელად უფრო ადვილი, გასაბედად კი რთულია. ხშირად გაბედვა უნდა ერთი შეხედვით მარტივ საკითხებს, მაგალითად, სახლის საკუთარი გემოვნების მიხედვით მოწყობას. m2–ის კამპანია “გაბედე” სწორედ ამ საკითხზე გვაფიქრებს და კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ყველაფერი საინტერესო გაბედვით იწყება.
გაბედე, იცხოვრე შენი ცხოვრებით!
რუბრიკა „გაბედეს“ წარმდგენია m2