in

ბუნებრივი მასალით შექმნილი ჯანსაღი ინტერიერი კრწანისში – „კერე დიზაინის“ ნამუშევარი

დღეს „კერე დიზაინის“ ერთ-ერთ საინტერესო პროექტს გაგაცნობთ. სტუდიის დაარსების იდეა ინტერიერის დიზაინის განუსაზღვრელ სიყვარულს უკავშირდება, რომელმაც ორი სხვადასხვა პროფესიის ადამიანი გააერთიანა.

თავდაპირველად, დამფუძნებლებმა ინტერიერის დიზაინისა და 3D Max-ის კურსები გაიარეს, რათა თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება გაეღრმავებინათ. მოგვიანებით დამკვეთისა და ინტერიერის დიზაინერის როლები თავადვე მოირგეს და ბინა შეიძინეს, რომელშიც საკუთარი ხედვის განხორციელება სრულყოფილად შეძლეს.

„ვფიქრობდით, როგორ გარემოში უნდა გაგვეერთიანებინა ჰარმონიულად ინტერიერი და ექსტერიერი. საბოლოოდ, არჩევანი ძველი თბილისის ერთ-ერთ გამორჩეულ და ეკოლოგიურად სუფთა უბანზე, კრწანისზე შევაჩერეთ. ბინა ერთ-ერთ პრემიუმ-კლასის კომპლექსში თებერვალში შევიძინეთ. შავნაბადას მთის ხედი ჩვენი პროექტის მთავარ შთაგონებად იქცა“, – გვიყვებიან ჩვენი რესპონდენტები.

საცხოვრებლის ფართობი 79 მ2-ია. რემონტის დაწყებამდე სახლი თეთრი კარკასის მდგომარეობაში იყო. სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობისას მთავარი სირთულე შესაფერისი მზა მასალის მოძიება აღმოჩნდა, რის გამოც ალტერნატიული გზების მონახვა და ტექნიკურ საკითხებში უკეთ გარკვევა გახდა საჭირო. შედეგად, პროექტის პირვანდელი დაგეგმარება შენარჩუნდა და დასახული მიზანიც წარმატებით განხორციელდა.

დიზაინერების თქმით, ხედიდან გამომდინარე, წამყვან ელემენტებად ხე, ბუნებრივი მასალა, ფერების „მდუმარე“ პალიტრა და სიმწვანე იქცა, რამაც ბუნება და ინტერიერი იდეალურად დაუკავშირა ერთმანეთს.

„შერჩეული მოსაპირკეთებელი მასალა და ავეჯი აუცილებლად ეკოლოგიურად სუფთა, გარემოსთან შესაბამისი უნდა ყოფილიყო. გვინდოდა, სახლში შესვლისთანავე მომავალ მობინადრეს ხის სუნი შეეგრძნო“, – ამბობენ „კერე დიზაინში“.

გაშლილ სივრცეში განათების მეშვეობით სხვადასხვა ზონა შეიქმნა, რომლებიც ერთმანეთისგან გაიმიჯნა და შემოსასვლელი, სამზარეულო და მისაღები კუთხეები წარმოიქმნა. მიუხედავად იმისა, რომ ზონები იზოლირებულია, მთლიანობა მაინც შენარჩუნებულია.

კედლები თეთრადაა შეღებილი. ღია ფერის იატაკი, ჭერზე გამოყენებული ხის კონსტრუქციები და ხის ავეჯი სივრცეს დადებითი განწყობით ავსებს, ოთახის ვიზუალს კი ამრავალფეროვნებს.

სამზარეულოში თეთრი და რძისფერი დომინირებს. ტექნიკა და ავეჯი კარადებშია მოთავსებული, რაც სახლის მთლიანობას კიდევ უფრო გამოკვეთს და ზონას განსხვავებულ იერს სძენს. სკამებზე, აქსესუარებსა და განათებაზე გამოყენებული შავი ტონი კლასიკურ აქცენტებს ქმნის და სივრცეში ელეგანტურობა შემოაქვს.

ვინაიდან ბინის მთავარი კონცეფცია ჯანსაღი, მყუდრო და მშვიდი გარემოს შექმნა იყო, პროექტის ავტორების აზრით, ამ მხრივ ბუხარი ყველაზე გამორჩეულია. მას ინტერიერში განსაკუთრებული სითბო და დადებითი განწყობა შემოაქვს. ბუხარი, დიზაინ-ობიექტებსა და აქსესუარებთან ერთად, ბინის ხასიათს განსაზღვრავს და მის ორიგინალურ, ინდივიდუალურ სტილს განაპირობებს.

კომპოზიციაში გამოყენებულია თიხისა და კერამიკის დეკორაციები, ხის სანათები, სიმეტრიულად განლაგებული სარკეები, ჩალა, ტილო და სხვადასხვა ელემენტი, რომლებიც მიწის ფერთან ასოცირდება. ეს ყველაფერი ბუნებასთან სიახლოვის განცდას ამძაფრებს.

საძინებელი ოთახი ბინის კონცეფციას იმეორებს, რომელშიც განსაკუთრებული ყურადღება ხის მასალასა და განათებას ექცევა. ოთახი გადატვირთული არ არის. ფართის სიმცირის მიუხედავად, სივრცე საკმაოდ ეფექტურადაა ათვისებული. აქ ვხვდებით დიდ, მოსახერხებელ საწოლს და კომპაქტურ სათავსოს, რომელიც ინტერიერს დამატებით მომხიბვლელობას სძენს.

დახვეწილი დიზაინის აბაზანაში გამორჩეული ადგილი ხელსაბანს უკავია, რომელიც ხის ელემენტებით, განათებით აღჭურვილი სარკითა და ოქროსფერი დეტალებით საინტერესოდაა გაფორმებული.

აივანზე მოწყობილია დასასვენებელი კუთხე, რომელიც განტვირთვისა და დროის სასიამოვნოდ გატარებისთვის იდეალური ადგილია.

ბუნებრივი, ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან შექმნილი ინტერიერი, ჯანსაღ, სასიამოვნო გარემოს ქმნის, რომელიც ნებისმიერ მნახველს თავს შესანიშნავად აგრძნობინებს. საინტერესო დიზაინ-ობიექტებით, აქსესუარებითა და განათებით სივრცეს ორიგინალური, მყუდრო და მიმზიდველი იერი ეძლევა.

აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე ბინა გასაყიდად არის გამოტანილი და მისი ღირებულება 218 000 დოლარს შეადგენს. დამატებითი დეტალები შეგიძლიათ იხილოთ განცხადების ბმულზე.

პროექტის ავტორი: შპს „კერე დიზაინი“

გამოყენებული მასალა:

აბაზანა და აქსესუარები – „VitrA Georgia“

კერამიკული ფილები – „LEGOROOM“

შემრევი და ონკანები – „TEKA“

განათება – „New Light“

ავეჯი – „Bloomingville“, „Mysa“, „Kare“

რუბრიკის წარმდგენია თიბისი ბიზნესისთვის

ავტორი: მეკო მეტრეველი

ენობრივი რედაქტორი: სოფიო მენთეშაშვილი

ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე

ავეჯი კერამიკის დეტალებით – „White Studio“-ს ახალი პროექტი

Musubi House — მონოლითური ბეტონის სახლი ჰავაიზე