ინტერიერის დიზაინი დინამიკური სფეროა, რომელიც მუდმივად ვითარდება ახალი ტენდენციების მიხედვით, ასახავს ტექნოლოგიურ წინსვლასა და თანამედროვე სტილს. სწორედ ერთ-ერთი ასეთი განვითარებადი ტენდენციაა თამამი ფერები და აქცენტები ინტერიერში. ასეთი მიდგომა პოპულარულია სივრცის გარდაქმნის უნარის გამო, რაც მას ერთდროულად აცოცხლებს და ხდის ბევრად უფრო დახვეწილსა და გამორჩეულს. დღევანდელ სტატიაში კი რამდენიმე ქართულ პროექტს გაგიზიარებთ, რომლებიც დაგარწმუნებენ თუ რატომ უნდა შეაჩეროთ არჩევანი თამამ და გაბედულ გადაწყვეტილებებზე და დაამატოთ სივრცეში მკვეთრი აქცენტები.
სახლი ძველ თბილისში
ინტერიერის კონცეფცია სამზარეულოს მიხედვით შეიქმნა, რომელიც ბინის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ზონაა. ერთი შეხედვით რბილი და სადა ფერები საინტერესო კონტრასტს ქმნის ლურჯ, დომინანტურ აქცენტებთან, რომლებიც ავეჯისა და მცირე დეკორაციების სახით არის დამატებული. მკვეთრი და თამამი ლურჯი შესანიშნავად ახერხებს სივრცის გამოცოცხლებას და ინტერიერში ფერადი, მაგრამ არა გადატვირთული განწყობის გაღვიძებას.
სახლი ორთაჭალაში
მეპატრონემ სახლის გეგმარება თავად შეასრულა, რადგან სურდა, რომ საცხოვრებელი რაც შეიძლება მეტად დამსგავსებოდა საყოველთაოდ აღიარებული სერიალის, კერძოდ კი Friends-ის ერთ-ერთი გმირის, მონიკა გელერის ბინას. იასამნისფერი კედლები, მწვანე კარები, ცისფერი სამზარეულო, ხის მასიური ოვალური მაგიდა, ფერადი სასადილო სკამები, შავი ფერის დატიხრული ვიტრაჟი, ფერადი ფარდები და სხვა ცოცხალი აქცენტები იდეალურად ახერხებს პერსონაჟის სახლისთვის დამახასიათებელი ესთეტიკის გაცოცხლებას.
ბინა თარხნიშვილის ქუჩაზე
ამ შემთხვევაში საპროექტო დავალება გულისხმობდა სწორად გადანაწილებულ სივრცეს, რომელშიც თანამედროვე სტილი და ქართული ავთენტური დეკორატიული ელემენტები სინთეზურად იქნებოდა წარმოჩენილი. მიზნის მისაღწევად დიზაინერებმა კონტრასტული ფერები, აგურის ელემენტები და არასტანდარტული გეგმარირება გამოიყენეს. საბოლოო ჯამში კი სწორად შერჩეული განათების ხარჯზე შეძლეს მუქი ტონების სასიამოვნოდ დაბალანსება და ჰარმონიული ინტერიერის შექმნა.
ბინა ნინოშვილის ქუჩაზე
ამ პროექტის ინტერიერის დიზაინი შთაგონებულია პორტუგალიის ქალაქ პორტოთი და მასში ცისფერი, თეთრი, ლურჯი ტონები და ხის ელემენტები გვხვდება. ბინის მეპატრონე მხატვარია, რაც თითოეულ სივრცეში აისახება. ინტერიერში გამოყენებულია საკმაოდ თამამი და მკვეთრი ფერები, კონტრასტული განწყობა კი დაბალანსებულია საერთო თეთრი ფონის გამოყენებით. მთლიანობაში ბინა ძალიან ფერადია, რაც ავეჯის მკვეთრი ფერებით, ფერადი აქსესუარებით, ნახატებით და გამწვანებით მიიღწევა. ინტერიერში ძირითადად გამოყენებულია ხე, რაც სივრცეს თბილ და სასიამოვნო იერს ანიჭებს.
ბინა ვერაზე
ბინა, რომელსაც ავტორმა POPPY CHESS უწოდა, ნახევრად ღია გეგმარებისაა და მასში მცირე სამზარეულო, სასადილო ოთახი, საძინებელი და სველი წერტილი განთავსდა. ინტერიერი საკმაოდ მკვეთრი აქცენტებით გამოირჩევა. მისაღებ ნაწილში დომინანტურ განწყობას ქმნის ნარინჯისფერი, რომლის ხარჯზეც სივრცე უფრო ფერადი და მრავალფეროვანი ხდება. იმავე ფერის აქცენტებია გამოყენებული სხვა ოთახებშიც, ავეჯისა და დეკორაციების სახით, რაც მთლიანობაში ერთიანობის სასიამოვნო შეგრძნებას აღვიძებს.
“იცხოვრე შენი ცხოვრებით” სათქმელად უფრო ადვილი, გასაბედად კი რთულია. ხშირად გაბედვა უნდა ერთი შეხედვით მარტივ საკითხებს, მაგალითად, სახლის საკუთარი გემოვნების მიხედვით მოწყობას. m2-ის კამპანია “გაბედე” სწორედ ამ საკითხზე გვაფიქრებს და კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ყველაფერი საინტერესო გაბედვით იწყება.
გაბედე, იცხოვრე შენი ცხოვრებით!
რუბრიკა „გაბედეს“ წარმდგენია m2