ინტერიერის დიზაინში საკმაოდ ხშირია შემთხვევები, როდესაც ადამიანები უარს ამბობენ მნიშვნელოვან ცვლილებებზე, რადგან საცხოვრებელი დროებით აქვთ დაქირავებული და არ სურთ კედლების დაზიანება, ტიხრების შეცვლა ან რაიმე სხვა კარდინალური ცვლილება, რამაც შეიძლება სახლის პირვანდელი სახე დააზიანოს. თუმცა, თანამედროვე სამყაროში უამრავი მარტივი და საინტერესო გზა არსებობს, რომელთა დახმარებითაც მარტივად არის შესაძლებელი საცხოვრებლის განახლება ისე, რომ სერიოზული სარემონტო სამუშაოები არ გახდეს საჭირო. დღევანდელ სტატიაში სწორედ 5 ასეთ საინტერესო მეთოდს შემოგთავაზებთ, რომლებსაც დიზაინერები ყოველდღიურად იყენებენ.
შემოიტანეთ ფერი სივრცეში
ფერის დამატება შეიძლება ხშირად კედლებისა და ჭერის ან დიდი ზომის ავეჯის შეღებვასთან იყოს კავშირში, მაგრამ სულაც არ არის აუცილებელი, საინტერესო კონტრასტისა და ფერადი ინტერიერის შესაქმნელად დიდი აქცენტების გაკეთება. ამის ნაცვლად, შეიძინეთ მკვეთრი ფერის ბალიშები, თამამი დეკორაციები და მცირე ზომის დეტალები, რომლებიც სივრცეში თამამ და გაბედულ ელემენტებს შემოიტანს
საინტერესო გზაა კედლის გალერეების მოწყობაც, რომლებიც შეგიძლიათ ხელოვნების გამორჩეული ნიმუშებით, პოსტერებითა და თქვენი საკუთარი ფოტოებით გაამდიდროთ. დამატებით კი ნუ დაგავიწყდებათ ხალიჩები და ფარდები, რომელთა დახმარებითაც მარტივად შეძლებთ სახლში ფერის, ტექსტურისა და გამორჩეული დეტალების შექმნას.
კარგად შეარჩიეთ კედლის დიზაინი
მნიშვნელობა არ აქვს კედლისთვის შპალერს, საღებავს თუ რაიმე სხვას ირჩევთ, მნიშვნელოვანია, რომ მოსაპირკეთებელი მასალის ფერები, დიზაინი და ტექსტურა საინტერესო ბალანსში იყოს სახლის საერთო ესთეტიკასთან.
იმ შემთხვევაში თუ სივრცეში ფერის დამატება არ გსურთ, შეარჩიეთ ხის, მარმარილოს, ბუნებრივი ქვისა და სხვა სახის ტექსტურით შთაგონებული დიზაინი. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებამდე აუცილებელია კედლების მდგომარეობის შემოწმება, რადგან თუ კედელი სათანადოდ დასრულებული არ არის, შესაძლოა ამან გამოიწვიოს შპალერის აქერცვლა და სხვა პრობლემები.
ნუ დაზოგავთ ფინანსებს განათებაზე
როგორც წესი, სახლი თავდაპირველად უზრუნველყოფს ძირითად განათებას, რაც გულისხმობს ჭერში დამონტაჟებულ ნათურებსა და მსგავს დეტალებს, რომლებიც არ ქმნიან განათების ეფექტურ სქემას. თუ თქვენ გსურთ, ინტერიერი საინტერესო და გამორჩეული გახადოთ, მნიშვნელოვანია, ყურადღება სწორედ განათებაზე გაამახვილოთ. იდეალურ შემთხვევაში, სახლში უნდა გქონდეთ იატაკის სანათები, მაგიდის სანათები და სამზარეულოს ზედაპირისთვის გამოყოფილი ნათურები. ეს მიდგომა აუცილებელია სივრცეში სითბოსა და მყუდრო აქცენტების დასამატებლად.
შეარჩიეთ ნათურები თბილი და რბილი ჩრდილებით, რათა შექმნათ კომფორტული ატმოსფერო, რომელიც ინტერიერში ჰარმონიულ ხასიათს აღძრავს. დიდი ზომის ჭაღების ნაცვლად, გამოიყენეთ მინიმალისტური სანათები, სტანდარტული მოდელები კი ჩაანაცვლეთ ვინტაჟური ნათურებითა და მსგავსი გამორჩეული დეტალებით.
შეარჩიეთ ავეჯი სწორად
რა თქმა უნდა, სახლში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან როლს ავეჯი და მისი განლაგება ასრულებს. ყურადღება გაამახვილეთ სამ ძირითადად მათგანზე, რომელიც სახლში აუცილებლად უნდა იყოს. შეიძინეთ სავარძელი, რომელსაც მისაღებში განათავსებთ და შეძლებთ მყუდრო საკითხავი თუ სასაუზმე კუთხის მოწყობას, შემდეგ ყურადღებით შეარჩიეთ პატარა მაგიდა, რომელიც შეიძლება იყოს ყავის ან ჟურნალებისთვის განკუთვნილი და უზრუნველყოს კომფორტული სივრცე დასასვენებლად, ბოლოს კი არჩევანი გააკეთეთ ისეთ სათავსოზე, რომელიც დაგეხმარებათ სივრცის მაქსიმალურად ათვისებაში და შეგიქმნით საკმარის ადგილს სხვადასხვა ნივთების შესანახად.
იპოვეთ სურნელი სახლისთვის
ეს ყველაზე მარტივი და ბიუჯეტური ნაბიჯია, თუმცა ძალიან დიდ ყურადღებასა და დაკვირვებას საჭიროებს. სურნელის დასამატებლად შეგიძლიათ შეიძინოთ სანთლები და სხვადასხვა სპეციალურად შექმნილი დეკორაციები, ისინი კი თქვენს ინტერიერს ინდივიდუალურ და ძალიან სასიამოვნო ხასიათს მიანიჭებს.
გარდა ამისა, შეგიძლიათ გამოიყენოთ ახალი ყვავილები, რომლებიც არა მხოლოდ სასიამოვნო სურნელს მოგგვრით, არამედ სახლში ფერად და მრავალფეროვან განწყობასაც შემოიტანს. განათავსეთ ისინი ფანჯარასთან, რათა შექმნათ ბუნებით შთაგონებული კუთხე, რომელიც სახლს თქვენი სტილითა და გემოვნებით შეავსებს.