in

7 რამ ინტერიერში, რაც განწყობას გვიფუჭებს

დღეს ვისაუბრებთ ობიექტებზე, რომლებიც სივრცის ესთეტიკაზე ყოველთვის არ ზემოქმედებს, მაგრამ ხშირად უარყოფით ემოციებს იწვევს.

გაბზარული ჭურჭელი

გაბზარული ჭიქები და თეფშები ფუნქციას კვლავ ასრულებს და ამიტომ თაროებზე ადგილს ხშირად იკავებს. ყოველდღე, მათი დანახვა ჩვენს განწყობას აუარესებს.

ეს არა მხოლოდ არაესთეტიკურია, არამედ, არაჰიგიენურიც — ბზარებში ბაქტერიები გროვდება. ეზოთერიკით დაინტერესებული ადამიანები, თავის მხრივ, ამტკიცებენ, რომ ასეთ ჭურჭელს ენერგიის ადამიანის მიზიდვა და სახლში უბედურების მოტანა შეუძლია. ამას რომ თავი დავანებოთ, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, გატეხილი ჭურჭელი იწვევს უარყოფით ასოციაციებს განადგურებასთან და არასრულფასოვნებასთან. გამონაკლისი შეიძლება იყოს ისეთი ნივთები, რომლებსაც საგვარეულო ან ანტიკვარული ღირებულება გააჩნია.

გაფუჭებული ტექნიკა

პარაფსიქოლოგები, თუ მათი აზრი გაინტერესებთ, თვლიან, რომ გაფუჭებული ტექნიკა უარყოფით ენერგიას ასხივებს და გაფუჭებული საათი ავისმომასწავებელიც კია. ამ აზრს შეიძლება არ ეთანხმებოდეთ, მაგრამ ფაქტია, რომ გატეხილი საათი უსარგებლო ნივთია.

„არამუშა“ ნივთების კატეგორიას შეიძლება სავსებით ფუნქციონირებადი ტექნიკაც მიეკუთვნებოდეს, მაგალითად: სავარჯიშო ტრენაჟორი ოთახის კუთხეში, რომელიც დიდი ხანია ტანსაცმლის საკიდად გადაიქცა და წარმოადგენს უსიამოვნო შეხსენებას იმისა, რომ შეწყვიტეთ (ან შესაძლოა არც დაგიწყიათ) მისი დანიშნულებისამებრ გამოყენება.

ცუდი მოგონებები

ამ შემთხვევაში საუბარია ისეთ საგნებზე, რომლებიც თქვენთვის არასასიამოვნო ადამიანებს, მათთან დაკავშირებულ მოვლენებს ან სხვა გამაღიზიანებელ დეტალებს გაგონებთ. ყველაფერი, რაც თქვენში უარყოფით ემოციებს აღძრავს და ცხოვრების ნეგატიურ ეტაპებს გახსენებთ, დეპრესიას იწვევს.

ნივთები ბავშვობიდან

სასიამოვნო მოგონებების გამომწვევი ნივთები უნდა შეინახოთ, მაგრამ ხშირად ისინი გაუცნობიერებელი სევდის წყაროდ იქცევა.

სამწუხაროა, იმ თოჯინას გადაგდება ან გაჩუქება, რომელსაც ბავშვობაში საიდუმლოებებს ანდობდით, მაგრამ თქვენ ალბათ არ გრძნობთ იგივე ემოციურ კავშირს სათამაშოსთან და სწორედ ამიტომ ცდილობთ მის „შორეულ კუთხეში“ დამალვას, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ნივთი ინტერიერში არ ჯდება და ეს თქვენში დანაშაულის გრძნობას იწვევს.

გარდა ამისა, ყველას არ მოსწონს იდეა იმის შესახებ, თუ როგორ ცვლის დრო ადამიანებს, რაც შეიძლება სწორედ ძველი ნივთების დათვალიერებისას წარმოიშვას.

სინთეტიკური ქსოვილები

თეთრეული, დეკორატიული ბალიშის გადასაფარებლები, საბნები, პირსახოცები, ის საგნებია, რომლებთანაც ჩვენ ყოველდღიურად შეხებით გვაქვს კონტაქტი. ბუნებრივ მასალებს ანტისტრესული ეფექტი აქვს და ისინი საცხოვრებელ სივრცესთან ემოციურ კავშირს აძლიერებს. თუმცა, თუ ყოველდღე სინთეტიკასთან ურთიერთქმედებთ, შეიძლება ეფექტი საპირისპირო იყოს.

ზედმეტად ბევრი სარკე

სწორად გალაგებულ სარკეებს შეუძლია ინტერიერზე დადებითად იმოქმედოს, ვიზუალურად გაზარდოს სივრცე და ოთახი უფრო ნათელი გახადოს. თუმცა, სახლში ამრეკლავი ზედაპირების ჭარბი რაოდენობა შეიძლება ფსიქიკისთვის საზიანო იყოს. თუ ყველგან საკუთარ ანარეკლს ხედავთ, შეიძლება გარეგნობაზე ზედმეტად ფოკუსირდეთ და მის მუდმივად გაკონტროლებას შეეცადოთ.

ნივთები განსაკუთრებული შემთხვევებისთვის

ასეთი ობიექტების დათვალიერებისას შეიძლება მიხვიდეთ დასკვნამდე, რომ, სამწუხაროდ, ცხოვრებაში სულ რამდენიმე განსაკუთრებული შემთხვევაა. თქვენ კი შეგიძლიათ ყოველი დღე განსაკუთრებული გახადოთ — დილით ყავა განსაკუთრებული ფინჯნით დალიეთ, საღამოობით დეკორატიული სანთლები აანთეთ და უბრალოდ გაალამაზეთ სივრცე!

ჩვენ ვცდილობთ გარშემორტყმული ვიყოთ სასიამოვნო პიროვნებებით და შეძლებისდაგვარად, დავშორდეთ ტოქსიკურ ადამიანებს. იგივე ეხება იმას, რასაც სახლში ყოველდღე ხედავთ. თუ ინტერიერში აღმოაჩენთ საგნებს, რომლებიც თქვენში გაღიზიანებას, დეპრესიულ აზრებსა და სხვა უარყოფით ემოციებს იწვევს, ისინი თავიდან სინანულის გარეშე მოიშორეთ.

რა ფუნქციები აქვს და როგორ მუშაობს ჭკვიანი საკეტი

სახლი დომინანტი ლურჯი ფერით ოქროყანაში – რუსა თუმანიშვილის ნამუშევარი