in

ინტერიერის 8 სტილი ცნობილი დიზაინერების სახლებიდან

Banner M2
Banner M2

წიგნი — Inside, At Home with Great Designers არის კრებული მთელი მსოფლიოს მასშტაბით იმ 60 სახლისა, რომლებშიც ადრე ცხოვრობდნენ ან ამჟამად ცხოვრობენ წამყვანი არქიტექტორები და ინტერიერის დიზაინერები. საკუთარი სახლების დაპროექტებისას მათ შეუძლიათ პირადი გემოვნება სრული თავისუფლებით გამოავლინონ, რადგან არ არსებობს შეზღუდვები, რომლებიც, როგორც წესი, კლიენტების მიერ არის დაწესებული. შედეგად, ეს სახლები მათი ხედვის უფრო სუფთა, პიროვნული გამოხატულებაა, ეს არის სივრცეები, სადაც შესაძლებელია იდეების თავისუფლად გამოცდა.

კოლორისტი

უგო გრისანტი, რომელმაც 2007 წელს კანა კუსენთან ერთად Grisanti & Cussen დააარსა, 1940-იანი წლების ერთსართულიან სახლში ცხოვრობს. ის მარტო ცხოვრობს და აქვს სრული თავისუფლება, ჩაატაროს ექსპერიმენტები დეკორაციის თვალსაზრისით, რასაც კუსენთან თანამშრომლობით აკეთებს. თავდაპირველად, სახლს ჰქონდა ოთხი პატარა საძინებელი, მაგრამ ისინი ერთ დიდ საძინებლად და ოფისად გადაკეთდა. დუეტი გატაცებულია ფერებით და ამ უფრო დიდი, ღია სივრცის შექმნისას მათ მიერ შესრულებული სამუშაო წიგნში აღწერილია, როგორც „ლაჟვარდისფერი, მწვანე და მარჯნისფერი ტონების სიმფონია”. გრისანტი ამბობს, რომ მხოლოდ ფერს შეუძლია შეცვალოს ან განაახლოს ჩვენი გარემო: „ჩვენ ვიყენებთ სხვადასხვა ფერებს ახალი ატმოსფეროს შესაქმნელად“.

შუა საუკუნეები

ლოს-ანჯელესში მცხოვრები ჯეფ ენდრიუსი შუა საუკუნის მოდერნის მოყვარულია, ეს არის სტილი, რომელიც მან წარმოაჩინა საკუთარ 1930-იანი წლების ესპანურ კოლონიურ სახლში, სადაც 2012 წლიდან 2020 წლამდე ცხოვრობდა. დიზაინერმა სახლის ინტერიერი ძირითადად ხელუხლებელი დატოვა, თუმცა იგი შეცვალა ახალი ტექსტურების, ნიმუშების და მოპირკეთების, ასევე, შუა საუკუნეების ავეჯისა და თანამედროვე ელემენტების შემოღებით. ძირითადად მონოქრომული ინტერიერი შეიძლება ერთგვაროვანი ჩანდეს, მაგრამ ტექსტურების სიმრავლე, რომელიც ვიზუალურ ინტერესს იწვევს, ისევე როგორც რამდენიმე თვალწარმტაცი სკულპტურული ელემენტი, ინტერიერს განსაკუთრებულ ატმოსფეროს სძენს.

ინგლისური ექსცენტრიკული სტილი

არქიტექტორისა და ინტერიერის დიზაინერის, ბენ პენტრიტის სიყვარული კლასიკური, ხელნაკეთი ბრიტანული დიზაინისადმი ნათლად იგრძნობა მის ლონდონურ სახლში. ის ცხოვრობს ხელოვნების მუშაკთა გილდიის შენობაში, რომელიც 1880-იან წლებში მორისის მიმდევრების მიერ დაარსდა. პენეტრიტი ცნობილია თავისი მყუდრო, მაგრამ ელეგანტური ესთეტიკური და კომფორტული ინტერიერით და არაჩვეულებრივი ფერების კომბინაციით.

თბილი მინიმალიზმი

ჩრდილოეთ ლონდონში, ჰაიგეიტში მდებარე მოდერნისტული შენობა, რომელიც შვეიცარიელი არქიტექტორის — ვალტერ სეგალის მიერ არის დაპროექტებული, დიზაინერ ფეი ტუგუდის მეუღლემ — მეტ გიბერდმა, უძრავი ქონების სააგენტოს — The Modern House-ის თანადამფუძნებელმა, აღმოაჩინა. ტუგუდმა გადაწყვიტა შენობის ორიგინალური დაგეგმარება არ შეეცვალა და თავშეკავებული მონოქრომული პალიტრა აირჩია. თუმცა, როდესაც საქმე ახალი სახლის კეთილმოწყობაზე მიდგა, მოდერნიზმის ორგანული ვერსია მისთვის ყველაზე მთავარი იყო.

ეკლექტიკური სტილი

ემილიანო სალჩი, იტალიური დიზაინის სტუდიის — Dimorestudio-ს თანადამფუძნებელი და კრეატიული დირექტორი, ცხოვრობს 1940-იანი წლების კორპუსში, რომელიც პალმებით სავსე ბაღს გადაჰყურებს. Dimorestudio ქმნის ატმოსფერულ ინტერიერებს მოდის ბუტიკებისთვის, კერძო სახლებისთვის, რესტორნებისა და სასტუმროებისთვის. თავის სახლში, სალჩიმ გამოიყენა შერეული დიზაინი Dimorestudio-ს პროდუქციის ხაზიდან, Dimoremilano-დან, მათ შორის ხალიჩა ლეოპარდის პრინტით დერეფანში და კოქტეილის მაგიდა მისაღებ ოთახში, შუა საუკუნეების ელემენტებთან ერთად, როგორიცაა ამერიკელი დიზაინერის — ჯორჯ ნელსონის ოვალური, მაჰაგონის მაგიდა.

ხელახლა წარმოდგენილი სკანდინავიური სტილი

დანიელი არქიტექტორისა და დიზაინერის, დევიდ ტულსტრუპის კოპენჰაგენის ბინა ასახავს ცნობილ ფუნქციონალურ სკანდინავიურ ესთეტიკას, რომელიც ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ძალიან პოპულარული გახდა. როდესაც დიზაინერმა ბინა შეიძინა, მისი განლაგება რადიკალურად შეცვალა და საცხოვრებელი ღია დაგეგმარების ლოფტის მსგავს სივრცედ გადააქცია.

ინდუსტრიული და სოფლის სტილების შეხვედრა

დიზაინერის — იზაბელ ლოპეს-კესადას პროექტები ადასტურებს, რომ ყველაზე თავმდაბალი კონსტრუქციებიც კი შეიძლება ელეგანტურ გარემოდ გარდაიქმნას. დიზაინერისთვის ერთ-ერთი განსაკუთრებით რთული პროექტი იყო მის სახლთან არსებული რამდენიმე ბეტონის საქათმის გადაკეთება სასტუმრო სახლად, რომელიც დამატებით საცხოვრებელს უზრუნველყოფს სტუმრებისთვის. ინტერიერს გააჩნია მიწიერება, რომელიც შერეულია რომანტიზმთან მტკიცე, სოფლის სტილის ავეჯის სახით.

ბოჰო

იტალიელ დიზაინერს — პაოლა ნავონეს უნაკლო ავანგარდული წარმომავლობა აქვს. 1970-იანი წლების შუა ხანებში ის იყო ექსპერიმენტული იტალიური კოლექტივის, სტუდია Alchimia-ს წევრი, რომელიც უარყოფდა იმას, რასაც მიიჩნევდა მოდერნიზმის გაცვეთილ პრინციპებად, როგორიცაა ამ მიმდინარეობის აქცენტი რაციონალურობასა და გამარტივებულ ფორმებზე. გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ნავონეს სახლი მილანში სწორედ ამ ფილოსოფიის გამოხატულებაა. ტრადიციული კარგი გემოვნების უარყოფა ყველაზე დრამატულად გამოიხატება მის საძინებელში, სადაც საშხაპე განყოფილება კერამიკული ჭურჭლით არის მოპირკეთებული.

ლოფტის სტილის ბინა ბრატისლავაში – Kilo/Honc-ის პროექტი

დეკორატიული ფასადის აგურები