in

ინტერიერის დიზაინერი, როგორც პროფესია – ცოტნე მაზმანიშვილის ხედვა

თანამედროვე სამყაროში ინტერიერის დიზაინის მოთხოვნის ზრდასთან ერთად, იმატა არასწორმა წარმოდგენებმა და მცდარმა შეხედულებებმა ამ პროფესიასთან დაკავშირებით. ამის მთავარი გამომწვევი ფაქტორი კი დიზაინის — როგორც სივრცისა თუ პროდუქტის მხოლოდ გარეგნული მხარის გააზრებაა. აღნიშნული პრობლემა  არაერთ მცდარ წარმოდგენას ბადებს და ინტერიერის დიზაინერის პროფესიას აკნინებს. მოცემულ საკითხზე სასაუბროდ „SHRE Studio“-ს თანადამფუძნებელს — ცოტნე მაზმანიშვილს მივმართეთ, რომელიც ინტერიერის დიზაინის მნიშვნელობას გვიხსნის, მას განსხვავებული კუთხით გვანახებს და ამ პროფესიის საჭიროებაზე, მის სწორად გაგების აუცილებლობაზე გვესაუბრება.

ცოტნე, ჩვენთან საუბრისას,  ხაზს უსვამს დიზაინის  არა მხოლოდ ესთეტიკურ მხარეს, არამედ მის შინაარსობრივ, ფუნქციურ ნაწილსაც, რომელიც სწორად განხორციელებული იდეის შედეგია.

„უპირველესად, სანამ ინტერიერის დიზაინერის პროფესიას განვიხილავთ, მნიშვნელოვანია, შინაარსობრივად გვესმოდეს და ვიაზრებდეთ, რას ნიშნავს სიტყვა დიზაინი. ქართულ ენაში დიზაინი თითქმის დაკარგული შინაარსით დამკვიდრდა, რის გამოც ადამიანებს ჰგონიათ, რომ დიზაინი სივრცის ან პროდუქტის მხოლოდ გარეგნული მხარეა.

დიზაინი თავისი შინაარსით არის ფიქრის მოდელი თუ როგორ მუშაობს ესა თუ ის ობიექტი. დიზაინი არის ადამიანის წარმოსახვის ხელშესახებად ფორმირების პროცესი და შესაბამისად, მისი შედეგიც – როდესაც არსებული ცოდნის  მეშვეობით შესაძლებელია ახლის წარმოსახვა,  შექმნა, მისი მოქმედებაში მოყვანა. ამ აზროვნების საბოლოო პროდუქტთან კი ადამიანი სხვადასხვა ფორმით ურთიერთობს — მასში ცხოვრობს, გადაადგილდება, თვალით აღიქვამს.  ცნობილია ნათქვამია, რომ დიზაინი არის  „How it works“(როგორ მუშაობს)  და არა „How it looks like“ (როგორ გამოიყურება).

ამ მოცემულობიდან გამომდინარე, ინტერიერის დიზაინერი არის ადამიანი, რომელიც განსხვავებულ სივრცეებში ყოფნისას  სხვა ადამიანის ქცევებს სწავლობს და ცდილობს მათთვის უკეთესი გადაწყვეტილებები შექმნას და ფუნქციურად თუ ემოციურად მათი მდგომარეობა გააუმჯობესოს“.

ცოტნე ყურადღებას ამახვილებს ტექნოლოგიურ ნაწილზეც, რომელიც დღესდღეობით დომინანტურ როლს იკავებს ყველა სფეროში, მათ შორის დიზაინშიც და მის პროგრესზე დიდ გავლენას ახდენს. თუმცა ცოტნე მიიჩნევს, რომ პროექტის განხორციელებისას გაცილებით ღირებული ის ცოდნაა, რომელიც თავად ადამიანსა და სოციუმის ცხოვრების წესს უკავშირდება. ამიტომ ჩვენი რესპონდენტი პროექტის შექმნის პროცესში ტექნოლოგიურ მხარეზე მეტად, უპირატესობას მის შინაარსს, იდეურ ასპექტს ანიჭებს.

„დღეს, როცა ტექნოლოგია ასე სწრაფად ვითარდება, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია დიზაინის როლი, ამ სიტყვის ზემოთ განმარტებული მნიშვნელობით. იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც ამ პროფესიის დაუფლება სურთ, ზუსტად უნდა ესმოდეთ, რომ ტექნოლოგიურ უნარებზე მეტად გაცილებით მნიშვნელოვანია ცოდნა ადამიანის სოციალური ქცევების, ფუნდამენტური მოთხოვნილებებისა და მამოძრავებელი ძალების შესახებ, რათა რეალურად ღირებული პროდუქტი შექმნან.

ტექნოლოგიების პროგრესი სივრცის პროექტირებისა  და დიზაინისთვის საჭირო ხელსაწყოების მნიშვნელობას ამცირებს და დიდ უპირატესობას სძენს იმ შინაარსობრივ ნაწილს, რაც ტექნოლოგიებს აკლია. დღეს რომ ადამიანს გაფიქრებით შეუძლია ჭადრაკის თამაში, იმის მაგალითია, რომ მომავალში სივრცის მოდელირებასაც ამგვარად შეძლებს. თუმცა რას გაიფიქრებს გონებაში, სწორედ ეს არის მთავარი.

ამიტომ ამ სფეროთი დაინტერესებულ ადამიანებს ვურჩევდი, მულტიდისციპლინარულები იყვნენ და რაც შეიძლება მრავალმხრივად გაიაზრონ ადამიანის, საზოგადოებისა და კაცობრიობის, მათი კულტურების, ცხოვრებისა და გართობის წესები, ქცევები თუ ჩვეულებები. ამ პროფესიის მთავარი გამოწვევა სწორედ ესაა. ტექნოლოგიური პროგრესი არ შეჩერდება, შეიცვლება შესაძლებლობები და მიდგომები, რომლებიც დროდადრო უნდა გამოვიყენოთ კიდეც“.

ცოტნე თანამედროვე ბაზრის სპეციფიკასა და ამ სფეროში არსებულ კონკურენციის ზრდაზეც მსჯელობს და პროფესიის ფინანსურ მხარეებს აფასებს. მიუხედავად იმისა, რომ მისი აზრით, ამჟამინდელი მონაცემებით ინტერიერის დიზაინერის საქმე შესაბამისად არ არის დაფასებული და ანაზღაურებაც შეუსაბამოა, მომავალს პოზიტიურად უყურებს და საზოგადოების განვითარებასთან ერთად ამ სფეროს მეტად დაფასებასაც ვარაუდობს.

„ქართულ ბაზარზე უძრავი ქონების არანორმალურმა ზრდამ ინტერიერის დიზაინზეც მნიშვნელოვნად გაზარდა მოთხოვნა, ამიტომ ბევრი ინტერიერის დიზაინერი გაჩნდა ამ მოკლე პერიოდში. ამგვარად, დღეს განსხვავებული ხარისხისა და ფასის მომსახურების მრავალფეროვანი არჩევანია. მოთხოვნა-მიწოდების შესაბამისად, ბაზარზე გარკვეული წონასწორობის წერტილები არსებობს, თუმცა ვფიქრობ, რომ დღეის მდგომარეობით, ჯერ კიდევ მოუმწიფებელია ბაზარი და რეალური ღირებულების დაფასება თუ შეფასება არ ხდება. დღესდღეობით ინტერიერის დიზაინერის მიერ გაწეული შრომა ნაკლებად დაფასებულია, ვიდრე პირობითად, დეველოპერისა და პროგრამისტის, მაგრამ ეს წონასწორობის წერტილებიც დინამიკურია და ყოველდღე ვხედავთ დეველოპერული სექტორის რყევებს. ვერ ვიტყოდი, რომ საშუალო სტატისტიკის ინტერიერის დიზაინერი მაღალანაზღაურებადია. ვფიქრობ, ამ საქმეში ენთუზიაზმი და სიყვარული უფრო სჭარბობს, ვიდრე მაღალშემოსავლიანობა. თუმცა, პერსპექტივაში პოზიტიური მოლოდინები მაქვს და მგონია, რომ ქვეყნისა და საზოგადოების  განვითარებასთან ერთად, ამ პროფესიის დაფასებაც მეტად მოხდება“.

ავტორი: მეკო მეტრეველი

იატაკის შემრევი – როგორია მისი ტიპები და მახასიათებლები?

ძველი ბინის ტრანსფორმაციით მიღებული 4 დამოუკიდებელი საცხოვრებელი – მარიტა ჭანჭალეიშვილის პროექტი ვერაზე