მართებულია თუ არა სიტყვიერი რეკომენდაციების ნდობა, ღირს თუ არა დაუყოვნებლივ ერთ კანდიდატზე შეჩერება, რა კითხვები უნდა დაისვას პირველი შეხვედრისას და მნიშვნელოვანია თუ არა ფსიქოლოგიური თავსებადობა? დღეს ჩვენ შემოგთავაზებთ რეკომენდაციებს, რომლებიც თქვენი ინტერიერის დიზაინერის პოვნაში დაგეხმარებათ.
ნუ დაეყრდნობით შემთხვევითობის პრინციპს
შეგიძლიათ ინტერნეტში დიდხანს ეძებოთ ინტერიერის დიზაინერი და საკმაოდ დამღლელი სამუშაო შეასრულოთ, მაგრამ უმჯობესია, დაუყოვნებლივ მიმართოთ სპეციალიზებულ ვებგვერდებს, სადაც უკვე თავმოყრილია დიზაინერების პორტფოლიოები. შეისწავლეთ არა მხოლოდ ფოტოები, არამედ ტექსტიც, რომელიც შეიძლება დაგეგმარების ან სტილის გადაწყვეტის ახსნას შეიცავდეს. არ დაგავიწყდეთ, შეინახოთ ყველაფერი, რაც ძიების პროცესში მოგეწონებათ.
სიტყვიერი რეკომენდაციების მოსმენისას გახსოვდეთ, რომ შედეგებით ჩამოყალიბებულ აზრს უნდა ენდოთ. თუ შესაძლებელია რეკომენდებული დიზაინერის პროექტის მიხედვით გარემონტებული სახლის მონახულება, ეს აუცილებლად გააკეთეთ. მაგრამ გაითვალისწინეთ: შესაძლოა ინტერიერი არ მოგეწონოთ არა ცუდი განხორციელების, არამედ გემოვნების განსხვავების გამო. უპირველეს ყოვლისა, ყურადღება მიაქციეთ იმას, თუ როგორ დააკმაყოფილა შედეგმა მომხმარებელი.
ჩაატარეთ საკუთარი ანალიზი
აუცილებელი არ არის დიზაინერთან ინტერიერის შესახებ დეტალური აღქმით მიხვიდეთ, მაგრამ ზუსტად უნდა იცოდეთ, რისი მიღება გსურთ პროფესიონალებთან მუშაობისას.
იფიქრეთ, რა არის თქვენთვის უფრო კომფორტული — ღრმად ჩაძირვა შემოქმედებით პროცესში თუ შესაძლებლობა, არ ჩაუღრმავდეთ დეტალებს. ამის განსაზღვრა დაუყოვნებლივ შეამცირებს თქვენს საძიებო არეალს.
ეძებეთ რელევანტური გამოცდილება
თუ მეზობლები აღფრთოვანებულნი არიან პროვანსის სტილის ინტერიერით, რომელიც დიზაინერმა მათი აგარაკის სახლისთვის შექმნა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ იგივე დიზაინერი წარმატებით შეიმუშავებს მინიმალისტური სულისკვეთების დიზაინს თქვენი ბინისთვის.
ბევრი დიზაინერი კონკრეტულ ნიშაზეა ორიენტირებული, ამიტომ შერჩევის პროცესში ეს ფაქტი აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ.
მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სპეციალიზაცია, არამედ ისიც, თუ რამდენად შესაბამისია დიზაინერის მუშაობის მეთოდები პირადად თქვენთან.
შეაფასეთ უკუკავშირის ხარისხი
პორტფოლიოს, ნიშისა და/ან ცნობების საფუძველზე დიზაინერის შერჩევისას, მიზანშეწონილია, არ შეჩერდეთ ერთ კანდიდატზე. აირჩიეთ რამდენიმე, რათა მომსახურების ფასი შეადაროთ და გქონდეთ ზუსტი წარმოდგენა სამუშაო პირობების შესახებ.
პირველ ეტაპზე კომუნიკაცია შეიძლება ონლაინ რეჟიმში შედგეს და ეს საჭიროა არა მხოლოდ შედარებითი ანალიზისთვის, არამედ იმის გასაგებად, თუ რამდენად სწრაფად, დეტალურად, პროფესიონალურად და ადეკვატურად პასუხობს სპეციალისტი კითხვებს. ზოგჯერ უკვე ამ ეტაპზეც კი შეგიძლიათ გაიგოთ, კომფორტული იქნება თუ არა ადამიანთან თანამშრომლობა. თუ ონლაინ რეჟიმში პირველივე საუბარმა უსიამოვნოდ ჩაიარა, უნდა დაფიქრდეთ, რამდენად ღირს შემდეგ ეტაპზე გადასვლა.
მოაწყვეთ შეხვედრა
თუ ონლაინ კომუნიკაცია დამაკმაყოფილებელი აღმოჩნდა, გადადით შემდეგ ეტაპზე. პირადი შეხვედრა არის შესაძლებლობა, შეაფასოთ პუნქტუალურობა და, რაც მთავარია, გაიგოთ, რამდენად კომფორტულად გრძნობთ თავს ამ ადამიანის გარემოცვაში. იმ შემთხვევაშიც კი თუ დადებითი კავშირი მაშინვე შედგება, მაინც სასარგებლო იქნება კიდევ ერთ კანდიდატთან შეხვედრა.
შეხვედრაზე მნიშვნელოვანია ფინანსური საკითხების დაზუსტება — შეიქმენით წარმოდგენა ავანსის მოცულობის, მთლიან თანხისა და დამატებითი სერვისების ღირებულების შესახებ.
გაიგეთ მეტი წინა პროექტების შესახებ
ისაუბრეთ არა მხოლოდ მომავალ, არამედ დასრულებულ პროექტებზეც. სთხოვეთ დიზაინერს შეხვედრაზე პორტფოლიოთი, შესრულებული პროექტების ნახაზებითა და ფოტოებით მოსვლა. გაითვალისწინეთ, რომ ასეთი მასალები ყოველთვის არ იქნება ხელმისაწვდომი, მაგრამ მაინც შეეცადეთ გაარკვიოთ, რამდენად დაემთხვა დიზაინის კონცეფცია საბოლოო რეალობას, რა შეიცვალა ამ პროცესში და, რაც მთავარია, რატომ.
აუცილებლად იკითხეთ, იყო თუ არა შემთხვევები დიზაინერის პრაქტიკაში, როდესაც მისი და მომხმარებლის მოსაზრებები რადიკალურად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან და როგორ გადაიჭრა ეს პრობლემა.
ასეთი კითხვები საშუალებას მოგცემთ, მოემზადოთ პოტენციური სირთულეებისთვის, გამოკვეთოთ პროგნოზები, შეაფასოთ დიზაინერის პროფესიონალიზმი, სტრატეგია და კლიენტის მოთხოვნებზე ორიენტირების ხარისხი.
ერთი კანდიდატის შერჩევისას, უმჯობესია იქონიოთ სარეზერვო ვარიანტიც იმ შემთხვევისთვის, თუ “ალიანსი” თქვენს პირველ არჩევანთან მოულოდნელად დაიშლება.
მეგობრის ძებნა აუცილებელი არ არის
ურთიერთგაგება აუცილებელია, ფსიქოლოგიური თავსებადობა — სასურველი, მაგრამ მეგობრული ურთიერთობების დამყარება აუცილებლობას სულაც არ წარმოადგენს.
მეგობრობამ შეიძლება ხელი შეგიშალოთ გულწრფელად საუბარში იმაზე, რაც მუშაობის პროცესში არ მოგეწონებათ.
ნუ ეძებთ ადამიანს, ვინც ყველაფერში დაგეთანხმებათ. ყურადღება მიაქციეთ ინიციატივას, დიზაინერმა უნდა გაითვალისწინოს კლიენტის საჭიროებები და სურვილები, მაგრამ ასევე შეძლოს თავისი აზრის დაცვა და არგუმენტირება. აქვე გახსოვდეთ, რომ ინიციატივა და ზეწოლა ორი განსხვავებული რამ არის.