გიორგი ზაუტაშვილი სტუდია „R312 Architects“-ის დამფუძნებელი და მთავარი არქიტექტორია, ამასთანავე, ის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და საქართველოს უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორია, შესაბამისად, საგანმანათლებლო პროცესში აქტიურად არის ჩართული. აღსანიშნავია ისიც, რომ გიორგის ინიციატივით არსებობს „R312 platform“ – ღონისძიება, სადაც თვეში ერთხელ, ქართველი და უცხოელი არქიტექტორების მონაწილეობით საჯარო ლექციები იმართება არქიტექტურასა და არქიტექტურული პროექტების შესახებ.
გიორგი ზაუტაშვილის ახალი, საინტერესო წამოწყება ინტერიერის დიზაინის სასწავლო კურსს უკავშირდება, რომელიც ყველა იმ ადამიანზეა გათვლილი, რომლებსაც ეს სფერო აინტერესებთ, პირველ ნაბიჯებს დგამენ ან პრაქტიკული გამოცდილების ახალ გზებს ეძებენ.
კურსს გაუძღვება თავად გიორგი ზაუტაშვილი, რომელსაც მრავალწლიანი გამოცდილება აქვს განსხვავებული ტიპოლოგიისა და ფუნქციის არქიტექტურულ ობიექტებსა და ინტერიერის დიზაინზე მუშაობის.
„პრაქტიკულ არქიტექტურულ მუშაობასთან ერთად, 2013 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ვასწავლი, ასევე საქართველოს უნივერსიტეტის ლექტორიც ვარ. ზოგადად, სწავლების პროცესი ძალიან მაინტერესებს და მსიამოვნებს, ის მეც ბევრ რამეზე მაფიქრებს და სხვადასხვა საკითხის განსხვავებულად გადააზრების შესაძლებლობას მაძლევს. ამიტომ დიდი ხანია ვფიქრობ მსგავსი კურსის შექმნაზე. რადგან არქიტექტურა ბევრად კომპლექსური საქმეა და ცალკეული კურსით ვერ დაეუფლები, გადავწყვიტე, დამწყებთათვის ინტერიერის დიზაინის სასწავლო კურსი გამეკეთებინა, სადაც დაინტერესებული პირები პრაქტიკულ და თეორიულ ცოდნას მიიღებდნენ. ამ კურსამდე შევქმენი პლატფორმა („R312 platform“), რომელიც სრულიად უფასოა და არქიტექტურაზე საჯარო ლექციათა ციკლს მოიცავს. მომავალში ვგეგმავ, საბაზისო ინტერიერის დიზაინის კურსი შემდეგ, უკვე პროფესიონალებისთვისაც გავაკეთო მსგავსი ღონისძიება, ჯერ-ჯერობით ამ საკითხზე ვმუშაობ“, — ამბობს ჩვენთან საუბრისას გიორგი ზაუტაშვილი.
როგორც გიორგი ზაუტაშვილი აღნიშნავს, სასწავლო კურსი ინტენსიურია და თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნაზეა ორიენტირებული, სადაც „R312 Architects“-სტუდიის პროექტებზე დაყრდნობით, სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ სხვადასხვა მაგალითი განიხილონ და ამის საფუძველზე, თავად შექმნან ნამუშევარი.
კურსი 5 ნაწილად არის დაყოფილი და 24 ვორქშოფისგან შედგება. მეცადინეობა კი კვირაში ორჯერ, 2 საათის განმავლობაში ჩატარდება. კურსი ჰიბრიდულია, ამიტომ სწავლის ნაწილი ოფისში, დანარჩენი კი დისტანციურად წარიმართება. ხოლო საბოლოო ეტაპზე სამუშაოების შეჯამება და დასკვნითი პრეზენტაციები გაიმართება.
საინტერესოა ისიც, რომ კურსის მსვლელობისას მონაწილეები მოირგებენ როგორც დამკვეთის, ასევე დიზაინერის როლს და ორივე მხრიდან შეაფასებენ საქმის სპეციფიკას და მიიღებენ გამოცდილებას. ამასთანავე, ისინი დიზაინერისთვის აუცილებელ ციფრულ ინსტრუმენტებს დაეუფლებიან: Archicad; Enscape; Adobe Indesign.
ინტერიერის დიზაინის კურსი 24 ივნისს დაიწყება ( 24.06.2024-19.09.2024) ადრეული რეგისტრაციის გავლა კი 15 ივნისამდე იქნება შესაძლებელი. სასწავლო პროცესში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა „R312 Architects“-ის ვებ-გვერდზე რეგისტრაციის გავლა და შესაბამისი მონაცემების შევსება. ლექციების შესახებ დეტალური ინფორმაციაც ვებ-გვერდზეა ხელმისაწვდომი. აღსანიშნავია ისიც, რომ ვორქშოპის ადგილები შეზღუდულია და მხოლოდ 10 მონაწილეზეა გათვლილი.