in

“ინტერიორისმო” – ესპანური ესთეტიკისა და გამორჩეული სტილის მქონე ახალი ავეჯის მაღაზია თბილისში

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ყველანაირი პროდუქტის შეძენა შეიძლება, როდესაც საქმე ხარისხიან და გემოვნებიან ავეჯს ეხება, ამ მხრივ ნამდვილად არ ვართ განებივრებული. სწორედ ამიტომ, ძალიან სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ თბილისში ახალი ავეჯის შოურუმი გაიხსნა, სადაც ქართველ მომხმარებელს დახვეწილი პროდუქციის ფართო არჩევანი დახვდება. საუბარია მაღაზია ინტერიორისმოზე, რომელიც დიდ დიღომში, ფარნავაზ მეფის 51 ნომერში მდებარეობს.

ეს არის ოთხი მეგობრის მიერ დაფუძნებული ავეჯის შოურუმი. აქ მომხმარებელს ესპანური პროდუქცია დახვდება, რომელიც განსაკუთრებული სტილითა და დიზაინით გამოირჩევა. “ინტერიორისმოს” შექმნის იდეასა და ხედვებზე ჩვენ მის ერთ-ერთ თანადამფუძნებელს, ნინო ჯიბლაძეს გავესაუბრეთ.

ნინოს საქმიანობა საკმაოდ მრავალპროფილიანია. მიუხედავად იმისა, რომ მას რამდენიმე სამსახური აქვს, მისი ძირითადი საქმე კომპანია “გალფს” უკავშირდება, სადაც იგი მარკეტინგის რგოლს ხელმძღვანელობს.

“გალფში მიღებულმა გამოცდილებამ მიბიძგა, რომ კიდევ მეტი მეკეთებინა. გალფში შევძელი, საკუთარ თავში იქამდე უცნობი და თითქოს არ არსებული შესაძლებლობები მეპოვა. და ნაწილობრივ, ეს გამოვიდა. თუმცა, რა თქმა უნდა, საბოლოო მიზნამდე ჯერ კიდევ შორია. მგონია, ადამიანებს მეტი და მეტი შეგვიძლია, თუ სწორად დავგეგმავთ დროს – დროის ფაქტორი ბევრს ნიშნავს. მერე წარმოსახვის უნარი ერთვება – თუ გინდა რამე გააკეთო, უნდა წარმოიდგინო, როგორ ხერხდება ამა თუ იმ პროექტის რეალიზება, უნდა დაინახო შორი პერსპექტივა… მერე კი გამოდის, მართლა გამოდის – და როცა გამოვა, იმაზე ფიქრის გეშინია, რა ცუდი იქნებოდა, რომ არ დაგეწყო ამ ყველაფერზე ფიქრი.”

სწორედ ამ ფილოსოფიის გათვალისწინებით, ნინო არ გაჩერდა და კიდევ ერთი ძალიან საინტერესო საქმე წამოიწყო, რომელიც ინტერიერის დიზაინს უკავშირდება. როგორც თავად გვიამბობს, ამ სფეროში პროფესიული განათლება არასდროს მიუღია, თუმცა ძალიან კარგად ახსოვს, თუ როდის და როგორ აღმოაჩინა ინიტერესი ინტერიერის დიზაინის მიმართ.

“ერთხელ, თინეიჯერობისას, დედამ წყნეთში დამტოვა მარტო 2 დღით. მაშინ ორსართულიანი სახლი გვქონდა – ლამაზი მწვანე, ცისფერი და ყვითელი კედლებითა და წარმოუდგენლად ლამაზი ავეჯით, რომელიც ბაბუას შეძენილი იყო. თითოეული მათგანი ხელოვნების ნიმუშს წარმოადგენდა… მოკლედ, როცა დედა (რომელსაც ასევე ძალიან უყვარს ინტერიერებში “ხელების ფათური”) წავიდა, მე ჯერ ავეჯი გადავდგი, გადმოვდგი, შემდეგ კი მივადექი კედლებსა და განათებას. მაშინ დედას ახალი ჩამოტანილი ჰქონდა ამერიკიდან რამდენიმე ჟურნალი “ვოგი” და “ელი”. ამოვჭერი თითქმის მთლიანად და კედელზე ავაკარი. ყველა ფოტო იყო ერთმანეთზე უკეთესი. 80-იანების ბოლო იყო, შესაბამისად, ლინდას, სინდის, ნაომის, ქეით მოსისა და ამ თაობის მოდელების ბუმი იწყებოდა. მათ ჰელმუტ ნიუტონი, რიჩარდ ავედონი და მარიო სორენტი იღებდნენ. ჰოდა, სულ ამ ფოტოებით ავაჭრელე მთელი მეორე სართული. სწორედ ეს იყო პირველი ნაბიჯი, როცა მივხვდი, რომ ძალიან მახარებდა საქმე, რომელსაც სახლის დეკორირება ჰქვია და დღემდე მიყვარს. სულ რაღაცის გადაკეთებაში და გადასხვაფერებაში ვარ. ეს ალბათ ჩემთვის დაუსრულებელი თემაა… პანდემიისას კი უფრო მეტად დავფიქრდი, როგორც ბევრი სხვა ადამიანი – თუ რამდენად მნიშვნელოვანია ის ადგილი, სადაც ცხოვრობ. სახლი უნდა იყოს კომფორტულიც და ლამაზიც. ეს სინთეზი ხშირად რთულად მისაღწევია. პირველი “ლოქდაუნის” შემდეგ სწორედ ავეჯის მაღაზიაში მივედი და იქ რაც დამხვდა, არ მავიწყდება. უამრავი ხალხი იდგა ქუჩაში. ყველა თავის რიგს ელოდა, ყველას სურდა სახლის განახლება, ყველას რაღაც მიგვქონდა სახლში. თითქოს, რაღაც უნდა მოგვესწრო, თანაც აუცილებლად. მე ასე მგონია, რომ ავეჯი მუდმივი თემაა.”

როგორც ნინო გვიამბობს, “ინტერიორისმოს” იდეა პირველად მის მეგობარს, სოფო კალანდარიშვილს მოუვიდა თავში, როცა ის მადრიდში გადავიდა საცხოვრებლად.

“იმდენად ლამაზი და განსხვავებული ავეჯია ესპანეთში, მაშინვე ვთქვით, რამენაირად ეს ყველაფერი თბილისში უნდა მოვახვედროთო.”

მალე ამ იდეას შემოუერთდა კიდევ ორი ადამიანი – ელენე გუნცაძე და თამუნა ბაქრაძე, რომლებიც წლებია ცხოვრობენ მადრიდში და ესპანეთს ძალიან კარგად იცნობენ. შემდეგ მოხდა ისე, რომ გასული წლის აგვისტოში ყველა თბილისში შეიკრიბა და ერთად დაგეგმეს მომავალი ნაბიჯები.

“მაშინ ყველაფერს ძალიან მარტივად ვუყურებდით და ვერც წარმოგვედგინა, რამდენად რთულ საქმეს ვეჭიდებოდით და რამხელა შოკი გველოდა წინ. გავიარეთ ყველა ეტაპი ისე, როგორც ეს ბიზნესს სჭირდება – ბანკიდან დაწყებული, იურიდიული დეტალებით დასრულებული. “ლიბერთი ბანკი” დაგვიდგა გვერდში და სესხი საკმაოდ ხელსაყრელი პირობებით ავიღეთ. მერე იყო კიდევ ბევრი სირთულე, სირთულე და სირთულე… მარტივი გზა არ გაგვივლია, ვერ მოვიტყუები. ყველა ეტაპს ახლდა გამოწვევები, უამრავი დიდი და პატარა დეტალებია ასეთ საქმეში. თუმცა, ეს ყველაფერი მაინც შევძელით ოთხივემ ერთად და ახლა გვაქვს საერთო საქმე, რომელსაც გოგოები ესპანეთიდან – მე კი აქ, ადგილზე ვუძღვები და რომელიც ძალიან გვიყვარს. თანაბრად გვაქვს გადანაწილებული ფუნქციები და ამიტომ, არაფერი გვეზარება…ზუსტად 9 იანვარს ჩვენი კონტეინერით დატვირთული გემები ვალენსიიდან ფოთის პორტში შემოვიდა. 13 იანვარს კი კონტეინერებმა “ინტერიორისმომდეც” მოაღწიეს.

კითხვაზე, თუ რა ტიპის პროდუქციას სთავაზობს შოურუმი ქართველ მომხმარებელს და რით იქნება ის გამორჩეული ბაზარზე არსებული პროდუქტისგან, ნინო შემდეგნაირად გვპასუხობს:

“გვაქვს სურვილი, მომხმარებელმა ჩვენთან იშვიათი და განსხვავებული ნივთები ნახოს, რადგან ინტერიერში ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია დეტალები და აქცენტები – ჩვენი ავეჯიც ასეთ ნიშას დაიკავებს. გვექნება ესპანელი დიზაინერის ხელნაკეთი სანათები, ნამდვილი ხელოვნების ნიმუშები. ეს იქნება უცხო და განსხვავებული პროდუქტი.

ამას გარდა, გვყავს ჩვენი პარტნიორები, რომლებთანაც ვაპირებთ ექსკლუზიური თანამშრომლობის დამყარებას და მალე ამ ბრენდებსაც გაგაცნობთ. ვეცდებით, ფასების მხრივ, ჩვენი ბრენდი არ იყოს ძალიან მაღალი საფასო კატეგორიის. თუმცა, კოლექციებში შიგადაშიგ გამოერევა ძვირიანი ნივთებიც. “ინტერიორისმოს” ავეჯი იქნება განკუთვნილი ნებისმიერი ტიპის ინტერიერზე. ვინაიდან კლასიკურ სტილს უხდება თანამედროვე ელემენტები, ხოლო თანამედროვეს პირიქით, კლასიკური, ვფიქრობთ, ამ მხრივ ჩვენი მომხმარებელი არ იქნება შეზღუდული.

“ინტერიორისმოს” დამფუძნებლების ნომერ პირველი ამოცანა ჩვენი მომხმარებლის გულის მოგებაა. გვინდა ჩვენი ბრენდი სიახლესთან, საინტერესო ადგილთან, დადებით ემოციასთან ასოცირდებოდეს. ალბათ როცა ბრენდს ქმნი, სწორედ ეს კომპონენტებია მთავარი. ვნახოთ, როგორ შევასრულებთ ამ ყველაფერს, მომავალი გვიჩვენებს.”

აპარტამენტები ლონდონის ვიქტორიანული ეპოქის სახლში

ორდონიანი ბინის ეფექტური გარდასახვა თბილისში – სტუდია STIPFOLD-ის ნამუშევარი