in

სამშობლოს სიყვარულით ნასაზრდოები არქიტექტურა — ინტერვიუ გივი გოგრიჭიანთან

ჩვენს ერთგულ მკითხველს, კიდევ ერთ საინტერესო რესპონდენტს, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე არქიტექტორს, გივი გოგრიჭიანს გავაცნობთ. გივი გოგრიჭიანის შემოქმედება ქართულ არქიტექტურულ სივრცეში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ისტორიული ქუთაისის რესტავრაცია —რეკონსტრუქციის პროექტი, ქუთაისსა და რაჭაში აგებული რამდენიმე  ხუროთმოძღვრული ძეგლი, ქუთაისის მარიონეტების თეატრის, ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმისა და ქუთაისის ისტორიული გიმნაზიის სარესტავრაციო  სამუშაოები.  როგორც თავად ამბობს, შემოქმედებით პროცესში შთაგონებას ქართული ისტორიიდან და კულტურიდან იღებს, თითოეული ნამუშევრით კი ცდილობს სამშობლოსადმი სიყვარული და პატივისცემა გამოხატოს. საკუთარი პროფესიისა და განვლილი გზის შესახებ  დღეს ის თავად გვესაუბრება…

ბატონო გივი, გვიამბეთ თქვენ შესახებ. როგორი იყო ის გარემო, რომელშიც გაიზარდეთ?

ჩემი აზრით, როდესაც ადამიანი ამ ქვეყანას მოევლინება, რაიმე პროფესიული კუთხით კი არა, რაღაც გარკვეული ნიშნებით მოდის, როგორიცაა ხელოვნების, მეცნიერების თუ სხვა სფეროს მიმართ მიზიდულობა, ეს ნიჭი კი შემდგომში იხვეწება. იმასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ როგორ გარემოში ყალიბდება ახალგაზრდა, რადგან ეს ფაქტორი გავლენას ახდენს მის პროფესიულ მომავალზეც.

მგონია, რომ პირველ რიგში, რაც ადამიანმა უნდა იგრძნოს და ცხოვრების მეგზურად გაიხადოს, სამშობლოს, რწმენისა და ოჯახის სიყვარულია. ეს ის იმპულსია, რომელიც პიროვნებას სრულყოფილ ინდივიდად აყალიბებს, რისი მეშვეობითაც საკუთარ თავში აღმოაჩენს იმ შესაძლებლობებსა და ნიჭს, რომელსაც მომავალს დაუკავშირებს.

დავიბადე 1955 წელს, რაჭაში, ონის რაიონში, სოფელ ჩორდიში, სადაც ხუთი წელი გავატარე. მეექვსე წელს, ოჯახი თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად. თბილისში ყოფნისას, სკოლის პერიოდში, მახსოვს, სოფელი და რაჭის ბუნება თავიდან არ ამომდიოდა და მუდმივად პირველად შეგრძნობილ გარემოს ვხატავდი. მე-6 კლასში ვიყავი, ი.ნიკოლაძის სამხატვრო სასწავლებელში რომ მიმიყვანეს. ისეთი შესანიშნავი ადამიანები და მხატვრები მასწავლიდნენ, როგორებიც იყვნენ: ირაკლი ოჩიაური, რობერტი ჩოჩელი, შოთა და თამარ მეტრეველები. სკოლის დამთავრებისას მინდოდა, მხატვრობას გავყოლოდი, მაგრამ მასწავლებლებმა არქიტექტურა მირჩიეს, რადგან მათი აზრით, ჩემი ნახატები უფრო კომპოზიციის ნიშნით გამოირჩეოდა და არქიტექტურულ ხედვასთან ახლოს იყო. ამგვარად, 1971 წელს საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, არქიტექტურის ფაკულტეტზე ჩავაბარე.

გვიამბეთ თქვენი კარიერული გზისა და იმ გამოცდილების შესახებ, რომელმაც თქვენი ამჟამინდელი მდგომარეობა განსაზღვრა?  

ინსტიტუტში გატარებული ხუთი წელი ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია. აქ მასწავლიდნენ გივი მელქაძე, ირაკლი ციციშვილი, ვახტანგ დავითაია, ნოდარ ჯანშიაშვილი, თინათინ ჩიჩუა და სხვა ბრწყინვალე არქიტექტორები. ინსტიტუტში ყოფნისას ბევრი ისეთი მოვლენა მოხდა, რამაც არქიტექტურისადმი ინტერესი გამიმძაფრა. გამოვყოფდი ორ მათგანს: მეოთხე კურსზე, საზაფხულო პრაქტიკულ არდადეგებზე სტუდენტები ქალაქ ოდესაში, სამშენებლო ინსტიტუტში გაგვაგზავნეს, სადაც ამ ინსტიტუტის დამაარსებელი და რექტორი, ცნობილი ქართველი არქიტექტორი — მიხეილ  გარაყანიძე დაგვხვდა. საქართველოში ცხოვრების დროს ბატონ მიხეილს გამოცემული ჰქონდა დღემდე ყველაზე სრულყოფილი სქელტანიანი წიგნი-ალბომი —“საქართველოს ხალხური ხუროთმოძღვრება“. ქართველ ახალგაზრდობასთან ურთიერთობას მოწყურებულმა ბატონმა მიხეილმა, ოდესაში სამი თვის განმავლობაში შინაარსობრივად შემასწავლა ქართული ხალხური ხუროთმოძღვრება. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რამაც არქიტექტურისადმი სიყვარული გამიძლიერა, საერთაშორისო არქიტექტურის კონკურსში მონაწილეობა იყო (1976 წელს), რომელიც კანადაში გაიმართა თემაზე: „სოფლის ტიპის დასახლება ათი ფერმერისათვის ონტარიოს ტბის სანაპიროზე ალტერნატიული ენერგიების გამოყენებით“. მაშინ ეს საკითხი მსოფლიოსთვის სიახლეს წარმოადგენდა. ჩემი პროექტი ამ კონკურსზე საუკეთესო ათეულში მოხვდა, მოწვევაც მივიღე ჯგუფში სამუშაოდ, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ მოვახერხე ჩართვა.

საკონკურსო პროექტი

სწავლის დასრულების შემდგომ მუშაობა დავიწყე საპროექტო ინსტიტუტ „თბილქალაქპროექტში“, ისტორიული თბილისის რესტავრაცია-რეკონსტრუქციის განყოფილებაში, სადაც შესანიშნავი ადამიანებისა და არქიტექტორების – გელა ჯაფარიძის, ვაჟა ორბელაძისა და გიგა ბათიაშვილის ხელმძღვანელობის ქვეშ ვიხვეწებოდი პროფესიულად.

1976-დან 1983 წლამდე, შეიძლება ითქვას, რომ ძირითადად, ორი მიმართულებით ვმოღვაწეობდი. პირველ რიგში, მონაწილეობას ვიღებდი საქართველოში გამოცხადებულ თითქმის ყველა კონკურსში, სადაც ჩემმა შედგენილმა პროექტებმა წარმატებას მიაღწია. მათ შორის გამოვყოფდი სასტუმროს კომპლექსს კრწანისის უბანში; სახელმწიფო მუზეუმს სოხუმში; 1921 წელს დაღუპულ იუნკერთა მემორიალს ტაბახმელაში, ალექსანდრეს ბაღში.

სასტუმრო კრწანისის უბანში
სახელმწიფო მუზეუმი სოხუმში
იუნკერთა მემორიალი

ამას გარდა, განვახორციელე რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი. აღსანიშნავია ბატონ გელა ჯაფარიძესთან ერთად დაპროექტებული შენობა მეტეხის აღმართზე – „მეტეხის N3-ში მდებარე არსებული შენობის რესტავრაცია და მისი გარდაქმნა სასტუმროდ“. ასევე, ბატონ გიგა ბათიაშვილთან და თემურ ღვანიძესთან ერთად შევქმენი ბაგა-ბაღის პროექტი, თანამედროვე შენობა ძველ თბილისში, ავლაბრის ქუჩაზე. აღსანიშნავია, რომ ამ შენობას 1987 წელს საუკეთესო ნაგებობის წოდება მიანიჭეს.

შენობა მეტეხის აღმართზე
ბაგა-ბაღის პროექტი

1983 წელს, ჩემი მასწავლებლებისა და ხელმძღვანელების რეკომენდაციითა და ქუთაისის აღმასკომის მიწვევით, სამუშაოდ და საცხოვრებლად ქუთაისში გადავედი, რადგან ისტორიული ქალაქის რეაბილიტაცია იგეგმებოდა. იმის გამო, რომ რეაბილიტაციის პროცესი ქალაქისთვის სიახლე იყო, ჩამოვაყალიბე ისტორიული ქუთაისის დაცვითი ზონის ინსპექცია, რომელსაც თავად ვხელმძღვანელობდი. ასევე, შევქმენი სპეციალური ჯგუფი ისტორიული ქუთაისის რესტავრაცია— რეკონსტრუქციისთვის და რესტავრაცია — რეკონსტრუქციის შინაარსის მცირე სამშენებლო უბანი. მიუხედავად იმისა, რომ ამ სამი ფუნქციის ერთდროულად შეთავსება მიზანშეწონილი არ იყო, საწყის ეტაპზე ქუთაისის ხელმძღვანელობამ სამივე რგოლი ჩამაბარა, რამაც, ვფიქრობ, საკმაოდ დადებითი შედეგები მოუტანა ქალაქს. 1983-1986 წლებში ჩემი ხელმძღვანელობით მთელი რიგი ადმინისტრაციული, საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები წარიმართა:

  1. საქართველოს მინისტრთა საბჭოს დადგენილებით, ქუთაისის ისტორიული ნაწილი „ისტორიული დაცვის ზონად“ გამოცხადდა და განისაზღვრა ადგილობრივი და რესპუბლიკის მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლები. შედგა ისტორიულ ქუთაისში ლოკალური უბნების რესტავრაცია-რეკონსტრუქციის პროექტები, როგორებიც იყო: საფიჩხიის მოედნის რესტავრაცია-რეკონსტრუქცია; ისტორიული უბნის ჯაჭვის ხიდიდან, რუსთაველის ხიდამდე რიონისპირა განაშენიანების რესტავრაცია, რეკონსტრუქცია-ადაპტაცია; მოხერხდა ქალაქის ხარების (კათოლიკური) უბნის რესტავრაცია-რეკონსტრუქცია. ასევე, ვიმუშავე ბატონ რეზო გაბრიაძესთან ერთად ქუთაისის მარიონეტების თეატრის, ზაქარია ფალიაშვილს სახლ-მუზეუმისა და ისტორიული გიმნაზიის რესტავრაცია-რეკონსტრუქციაზე.
  2. განხორციელდა სრულყოფილი სარესტავრაციო-სამშენებლო სამუშაოები „საფიჩხიის მოედნისა“ და რიონის სანაპიროების რეაბილიტაციის მიზნით.
  3. წარმატებით მოხდა ისტორიული დაცვის ზონის ინსპექტირება, რათა არ დამახინჯებულიყო ისტორიული ქალაქის იერსახე.
საფიჩხიის მოედნის რესტავრაცია
რიონისპირა განაშენიანების რეკონსტრუქცია
ქუთაისის მარიონეტების თეატრი
გიმნაზიის რესტავრაცია

სამწუხაროდ, უნდა ითქვას, რომ 1986 წლის შემდეგ ქუთაისის ისტორიული ქალაქის რესტავრაცია-რეკონსტრუქციის საქმე შეჩერდა და მიღწეული სასიკეთო ძვრები ისტორიას ჩაბარდა.  ქუთაისში ყოფნისას მნიშვნელოვანი რამ მოხდა, დავოჯახდი და ქუთაისისადმი სიყვარულმა იმერეთში ცხოვრება კიდევ უფრო გამიხანგრძლივა. ამ პერიოდში საქართველოში „საკავშირო დაქვემდებარების“ საპროექტო ორგანიზაცია — „არხპროექტი“ შეიქმნა და ქუთაისის არქიტექტურულმა საზოგადოებამ „არხპროექტის“ დირექტორად ამირჩია. ამ გარემოების გამო, საშუალება მომეცა, ქუთაისის ისტორიული ქალაქისთვის შექმნილი პროექტები საკავშირო კონკურსზე გამეტანა, რამაც დიდი წარმატება დაიმსახურა.  ვიცოდი, რომ პეტერბურგის სახელმწიფო არქივში, ისტორიული ქუთაისის შესახებ უამრავი მასალა ინახებოდა. ამიტომ, „არხპროექტის“ დახმარებით მოვახერხე რუსეთის იმპერიის მმართველობის დროს გატანილი საარქივო მასალების აღნუსხვა.

მოგეხსენებათ, 1991 წლიდან 2000 წლამდე, შემოქმედებითი თვალსაზრისით, საქართველოში უძრაობის ხანა იდგა. მაგრამ, დროის ამ მონაკვეთში ბევრი პროექტი შევქმენი, რომლებიც დღეს რეალიზდება. 1996 — 2000 წლებში „ქუთაის-გაენათის ეპარქიაში“ ვმოღვაწეობდი, რა დროსაც დავაპროექტე და ავაშენე დავით და კონსტანტინეს სახელობის ტაძარი, გელათის სამონასტრო კომპლექსთან არსებული მთავარანგელოზთა სახელობის ტაძარი; რაჭაში, სოფელ ღებში, მაცხოვრის აღდგომის  ტაძარი; რაჭაში, ჩემს სოფელში, ჩორდის მთავარანგელოზთა ეკლესია. მონაწილეობა მივიღე წმინდა სამების ტაძრის პროექტირების კონკურსში და ვხელმძღვანელობდი ტაძრის ცოკოლის (ნაგებობის ქვედა ნაწილი, რომელიც უშუალოდ საძირკველს ეყრდნობა და წინაა გამოწეული) მშენებლობას.

დავით და კონსტანტინეს სახელობის ტაძარი
მთავარანგელოზთა სახელობის ტაძარი
მაცხოვრის აღდგომის ტაძარი
ჩორდის მთავარანგელოზთა ტაძარი
სამების ტაძრის პროექტირება

1995 წელს ჩემი პროექტით განხორციელდა „მეფე დავით აღმაშენებლის საფლავისა და კარიბჭის კონსერვაცია“ გელათის სამონასტრო კომპლექსში. ლტოლვილთა განსახლების კომისარიატის დაკვეთით აშენდა მნიშვნელოვანი ობიექტი — მობილური სახლები „აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობისთვის 30 ოჯახზე“ ქალაქ ქუთაისში. 1999 წელს ეს პროექტი  „ქუთაის-გაენათის ეპარქიამაც“ მოიწონა და მათი დაკვეთით, ეპარქიის ტაძრებთან  მობილური სახლები ავაგეთ.

„მეფე დავით აღმაშენებლის საფლავისა და კარიბჭის კონსერვაცია“
მობილური სახლების მშენებლობა დევნილთათვის
მობილური სახლის პროექტი მღვდელთმსახურთათვის

2001 წელს თურქეთის არქიტექტორთა კავშირის მიწვევით, არქიტექტორ ნინო ჩაჩავასთან ერთად, თურქეთში, მიწისძვრის ზონაში ვიმყოფებოდი და მონაწილეობას ვიღებდი ექსპერტთა დისკუსიებში.  მობილური სახლების პროექტით დაინტერესდა თურქეთის რესპუბლიკაც და მათი დაკვეთით, მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთათვის, ქალაქ ბურსაში ათი მობილური შენობა ავაშენეთ.

პროექტი ქალაქ ბურსაში

2001— 2003 წლებში ამერიკის განვითარების ფონდში (“USAID”), მხარი დაუჭირეს ჩემ მიერ წარდგენილ პროექტს და ქუთაისში არასამთავრობო ორგანიზაცია — „იმერეთის რეგიონის არქიტექტორთა, მშენებელთა და რეგიონის სამშენებლო მასალების მეწარმეთა კავშირი“ ჩამოვაყალიბე. სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ ამ კუთხით აქტიური მოღვაწეობის გამო, დაინტერესდა საქართველოს „სახმშენი“  — მინისტრი, არქიტექტორი მერაბ ჩხენკელი, რომელმაც განსაკუთრებული  სხდომა მიუძღვნა ქუთაისში ჩვენ მიერ ჩატარებულ სამუშაოებს.

2003 წლიდან ოჯახთან ერთად თბილისში დავბრუნდი და აქ გავაგრძელე საქმიანობა. ვფიქრობ, დედაქალაქში დიდი მოცულობის სამეცნიერო, საპროექტო და სამშენებლო ნამუშევრები განვახორციელე. მათ შორის, საცხოვრებელი კომპლექსები, ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლები. ასევე, ამჟამად მიმდინარეობს 90-იან წლებში შექმნილი საცხოვრებელი კომპლექსის სამუშაოები, რომელიც რთულ რელიეფურ პირობებში, მწვანე ზონების შექმნის პერსპექტივით გამოირჩევა და „ქუთაისის რაიონის სანაპიროს ისტორიული განაშენიანების რესტავრაცია-რეკონსტრუქცია-ადაპტაციის“ პროექტი, რომელზეც 1983 წლიდან ვმუშაობ. მიმდინარე წლის 18 ივლისს სადოქტორო დისერტაცია დავიცავი  თემაზე: ქუთაისისა და საქართველოს ისტორიული ქალაქების რესტავრაცია-რეკონსტრუქციის მეთოდოლოგია. ამჟამად მონიტორინგს ვუწევ ადიგენის რაიონში არქიტექტურულ საქმიანობას და აბასთუმანში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს.

საცხოვრებელი კომპლექსი

როგორ დაახასიათებდით თქვენს პროფესიას? როგორი უნდა იყოს თანამედროვე არქიტექტორი?  

ვფიქრობ, ყველა ქვეყნის მოქალაქე თავისი ცხოვრებითა და პროფესიული საქმით, პირველ რიგში, საკუთარი სამშობლოს გამოწვევებს უნდა პასუხობდეს.  შესაბამისად, მიმაჩნია, რომ XXI საუკუნის ქართველი არქიტექტორი უნდა ფლობდეს თანამედროვე მსოფლიო არქიტექტურის მიღწევებს და მან ყველაფერი უნდა იღონოს საქართველოში შესაბამისი რეგულაციების დასამკვიდრებლად ისე, რომ არ დაჩრდილოს და დააკნინოს დღემდე მოღწეული შედეგები. დღევანდელი მსოფლიო გლობალიზაციის პირობებში განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ისტორიული მემკვიდრეობის შენარჩუნებას. ეს კი ქართული მემკვიდრეობის სიღრმისეულ ცოდნას მოითხოვს, რაშიც, მგონია, დღევანდელი არქიტექტურა ძლიერ დეფიციტს განიცდის.

საცხოვრებელი კომპლექსი

როგორ აფასებთ ქართულ არქიტექტურულ სივრცეს, როგორ ვითარდება ის? 

დღევანდელი ქართული არქიტექტურული სივრცე ურთულესი გამოწვევების წინაშე დგას. გაუქმებულია ისეთი სახელმწიფო ინსტიტუტები და სამსახურები, როგორებიც იყო: ზავრიევის სახელმწიფოს სეისმოლოგიის ინსტიტუტი, „ზონალური კვლევითი ინსტიტუტი“ („ზნიეპი“), ქალაქის საპროექტო ინსტიტუტი „თბილქალაქპროექტი“, საქართველოს მასშტაბით მოქმედი „საქალაქმშენსახპროექტი“ და სხვა მნიშვნელოვანი სამსახურები. აღარ არსებობს ისეთი ინსტანციები, რომლებიც პასუხს აგებს ქალაქის ურბანულ გარემოზე. დღეს ყველაფერს მერიის სამსახური წყვეტს. ამიტომაცაა მომრავლებული ქაოსური დასახლებები, შენობები და კატაკლიზმები. მგონია, სამშენებლო პოლიტიკა ემსახურება მხოლოდ დღევანდელობას და არა მომავალს. ფუჭია ლამაზი სიტყვები მომავალზე, საქართველოს სჭირდება პრაგმატული ურბანული და ლოკალური პროგრამები, რომლებიც სამშენებლო პოლიტიკას ჩიხიდან გამოიყვანს და რეალურად დაგვანახებს საქართველოს აღმშენებლობისკენ მიმავალ გზას, სადაც ყველა არქიტექტორი თავის ადგილს იპოვის. აღნიშნული მუხტით მომართული არქიტექტურული საზოგადოება ცოცხალ ორგანიზმად გადააქცევს უფუნქციოდ დარჩენილ „საქართველოს არქიტექტორთა კავშირს“- ერთადერთ ინსტიტუტს, რომელმაც დღემდე მოაღწია და რომელსაც დიდი მხარდაჭერა სჭირდება.

საცხოვრებელი სახლის კომპლექსი
საცხოვრებელი სახლის კომპლექსი

როგორ გესახებათ ურბანული პრობლემების გადაწყვეტის გზა?

ვიტყოდი, რომ ურბანული კუთხით, „არქიტექტურულ ხედვით ჭრილში“ ქვეყანას ჩამოუყალიბებელი სახე აქვს, რადგან საზოგადოებრივ შენობებს უცხოელი ინვესტორები (შესაბამისად, უცხოელი არქიტექტორები) ან სახელმწიფოს მიერ შერჩეული ფინანსურად დომინირებული ორგანიზაციები ახორციელებენ. ისინი „ადგენენ“ როგორი მოცულობისა და იერსახის შენობა უნდა აშენდეს. საცხოვრებელი ობიექტები კი დამკვეთის მოთხოვნით იგება ისე, რომ პროფესიონალ არქიტექტორებს აზრს არ ეკითხებიან. თითქოს სახელმწიფო დადგენილ რეგულაციებს იცავს, თუმცა სინამდვილეში, არქიტექტურული ნორმები ირღვევა და შედეგად, უსახო არქიტექტურას ვიღებთ. თბილისის ბევრ პროექტში გარემოსა და ლანდშაფტის გათვალისწინება არ გვხვდება. თუ საქართველოს ისტორიულ მემკვიდრეობას გადავხედავთ, ნათლად დავინახავთ, რომ ჩვენი წინაპრები გარემოსა და ქართულ წესს ითვალისწინებდნენ, მათ ზუსტად იცოდნენ, სად შეიძლებოდა ნაგებობის აღმართვა და სად არა, სად იყო სასოფლო-სამეურნეო მოქმედების ზონა და სად – საწარმოო არეალი. დღეს ეს დარღვეულია. მართალია,  ქალაქის გენგეგმები არსებობს, მაგრამ ისინი არასრულყოფილია.

ვფიქრობ, საჭიროა გაფართოებული საზოგადოებრივი დისკუსიები, სადაც არქიტექტორებთან და ურბანისტებთან ერთად, ის ადამიანებიც იმსჯელებენ, რომლებიც  ერთიანი ეროვნული ურბანული განვითარების პროგრამას ადგენენ. სხვა შემთხვევაში, ჩვენი მცდელობები  ფუჭი იქნება და სამომავლოდ ჩიხში შეიყვანს ქვეყნის არქიტექტურულ-ურბანული განვითარების გზას.

ინდივიდუალურ საცხოვრებელი სახლი
ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი

თქვენთვის მნიშვნელოვან რომელ არქიტექტურულ ობიექტებს გამოარჩევდით? 

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, პირველ რიგში, გამოვყოფდი მრავალრიცხოვან, ისტორიული ხუროთმოძღვრების ძეგლებსა და ხალხურ ეთნოგრაფიულ მემკვიდრეობას, რომელიც სამართლიანად მსოფლიო მემკვიდრეობადაა აღიარებული. თანამედროვე ქართულ არქიტექტურაში აღვნიშნავდი ყოფილი საავტომობილო გზების სამინისტროს (ახლანდელი საქართველოს ბანკის შენობა) და ყოფილ ქორწინების სასახლეს – ამ ნაგებობებში ნამდვილად იგრძნობა ის შინაარსი, რომელსაც „ჩვენი“ შეგვიძლია ვუწოდოთ.

ყოფილი ქორწინების სასახლე

გვესაუბრეთ სამუშაო პროცესზე, თქვენი შემოქმედებიდან რომელ პროექტებზე გაამახვილებდით ყურადღებას?

მუშაობის პროცესში შთაგონებას ქართული ერის განვლილი ისტორიიდან, ხუროთმოძღვრებიდან ვიღებ. ჩემი ნამუშევრების მთავარი სათქმელი მუდმივი შრომა და ძიების პროცესია, რათა ახლოს ვიყო ქართულ ისტორიასთან და კულტურასთან. ქართველები მდიდარი ტრადიციის  მქონე ხალხი ვართ და საჭიროა ამ ტრადიციის შენარჩუნება და თანამედროვეობაში გადმოტანა.

ჩემი შემოქმედებიდან ორ ნამუშევარს გამოვარჩევდი: „ისტორიული ქუთაისის რესტავრაცია, რეკონსტრუქცია, რეგენერაციის პროექტს“ და  „ექსპერიმენტალური საცხოვრებელი კომპლექსის მოდელს“.

„ისტორიული ქუთაისის რეაბილიტაცია“ იმითაა მნიშვნელოვანი, რომ 1983 წლიდან მოყოლებული (მაშინ 27 წლის ვიყავი და პროექტი საბჭოთა მთავრობის დაკვეთით დაიწყო) დღემდე ხელს უშლიან მის განხორციელებას, რადგან ესაა ერთადერთი მოკლე გზა, რომელიც  „ნამოხვანჰესის“ მშენებლობისათვის მიმავალ მაგისტრალზე გადის. ეს პროექტი რამდენჯერმე გაკეთდა და დამტკიცდა. ბოლოს, 1919 წელს, „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის“ დაკვეთით დამუშავდა, მაგრამ სასწრაფოდ გააჩერეს. ბოლო ოთხი წელიწადია სასამართლო პროცესები მიმდინარეობს, ორ ინსტანციაში გავიმარჯვეთ, ველოდებით მესამეს. დარწმუნებული ვარ, სიმართლე იზეიმებს და ისტორიული ქუთაისი აღდგება.

მეორე — „ექსპერიმენტალური საცხოვრებელი კომპლექსის“ პროექტი იმითაა გამორჩეული, რომ ვცდილობთ, ავითვისოთ ისეთი რთული, დახრილი ან კლდიანი რელიეფები, როგორებიც სამშენებლოდ დღეს გამოუყენებლად ითვლება. ჩვენი წინაპრები, უსაფრთხოების მიზნით, საცხოვრებელ დასახლებას რელიეფებზე, მთებზე და კლდეებზე აგებდნენ, დაბლობსა და ვრცელ მინდვრებზე კი სავარგულები და სამეურნეო დანიშნულების ობიექტები ჰქონდათ. ამ პროექტით მსურს არა მარტო რთული რელიეფი ავითვისო, არამედ ნაგებობა ნიადაგსაც მცირე ფართობით შეეხოს, რათა გამწვანებულ გარემოს დიდი ტერიტორია დაეთმოს. ამგვარად, აღნიშნული ნამუშევარი სამ მნიშვნელოვან საკითხს მოიცავს: ვითვისებთ სამშენებლოდ უვარგისად მიჩნეულ ტერიტორიებს, ისე, რომ არ ვაზიანებთ გარემოს; ვითვისებთ ტერიტორიის 90% -მდე ფართს, მაგრამ ნიადაგთან შეხებაში მხოლოდ 10%-ით შევდივართ; ვამწვანებთ სამშენებლო ტერიტორიის 90%-ს. ვფიქრობ, მიწის რაციონალურად გამოყენება ქართული ტრადიციაა და მას აღორძინება და განვითარება სჭირდება. ამ პროექტით დაინტერესდა თბილისის მერია და ვნახოთ, რა შედეგები გვექნება…

ასევე, აუცილებლად უნდა აღვნიშნო თიანეთის სახლის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციაც, რომელიც აწ განსვენებული თიანეთის მერის, თამაზ მეჭიაურის დაკვეთით, 2021-2022 წლებში განვახორციელე.

თიანეთის კულტურის სახლი

ამასთანავე, ამჟამად საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან, წითელ ხიდზე „ანდრია პირველწოდებულის“ სახელობის ტაძრის მშენებლობა მიმდინარეობს. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, მინდა მოვახერხო სადოქტორო ნაშრომის სრულყოფა და დავასრულო საქართველოს ისტორიული ქალაქების რესტავრაცია-რეკონსტრუქცია-ადაპტაციის მეთოდოლოგია.

ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძარი

თქვენთვის ვინ არის მთავარი შემფასებელი? 

მთავარი შემფასებლები ყოველთვის იყვნენ ჩემი მასწავლებლები, რომლებიც, სამწუხაროდ, დღეს აღარ არიან ჩვენთან — გივი მელქაძე, გელა ჯაფარიძე, ვაჟა ორბელაძე, ნოდარ ჯაშიაშვილი, ალექსი გოქაძე, მხატვარი არსენ ფოჩხუა, მწერალი ოტია იოსელიანი, დიდი ხელოვანი და დრამატურგი რეზო გაბრიაძე. მათგან ბევრი საუბარი და დარიგება მახსოვს, რომლებიც დღესაც აქტუალურია. ბატონი ვახტანგ დავითაია კი დღემდე მაძლევს მხნეობას, მას საუკუნო დღეგრძელობას ვუსურვებ.

დაბოლოს, რას ეტყოდით ახალგაზრდა არქიტექტორებს?

ყველა ქართველ არქიტექტორს ვურჩევდი, საკუთარი თავი დააყენოს ჩვენი ტაძრების ხუროთმოძღვრების ადგილას, წარმოიდგინონ რას იფიქრებდნენ წინაპრები, როდესაც ტაძრებს აგებდნენ. როგორი რწმენითა და პასუხისმგებლობით უდგებოდნენ საქმეს, შემდეგ კი დროდადრო, საკუთარი საქმიანობაც შეაფასონ. ახალგაზრდებს ვეტყოდი, რომ არქიტექტურა ცალკე, განყენებულად მდგომი მოვლენა არ არის. ის მჭიდროდაა დაკავშირებული მსოფლიო პროგრესთან და უფრო კონკრეტულად, სამშობლოსთან. ამიტომ, დაუღალავად უნდა ვიზრუნოთ არსებული პრობლემების აღმოჩენასა და შემდგომ მათ გადაჭრაზე. ამ ჭიდილში კი მივაგნებთ იმ მარცვალს, რომელიც აღიარებას მოუტანს არა მარტო შემოქმედს, არამედ საქართველოსაც.

მგონია, საქართველოს ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა არქიტექტორები ჰყავს. მათ უნდა გაიაზრონ, რომ ბევრი რამ, მათი გამოსასწორებელია და ამას სხვა ვერ გააკეთებს. დაუღალავი შრომითა და ბრძოლით კი საკუთარ ადგილს აუცილებლად დაიმკვიდრებენ.

ავტორი: მეკო მეტრეველი

ხარისხი და საიმედოობა ანუ რატომ არის გერმანული ტექნიკა მუდამ მოთხოვნადი

თანამედროვე სამშენებლო ინდუსტრიის ძირითადი ტენდენციები და ეფექტურობის ზრდის მეთოდები – რას გვთავაზობს “BIM” ტექნოლოგია