in

არქიტექტურა, როგორც უწყვეტი ფიქრის პროცესი — ინტერვიუ მამუკა ხარაზიშვილთან

მამუკა ხარაზიშვილი თანამედროვე ქართული არქიტექტურის ერთ-ერთი წარმომადგენელია, რომელიც საკუთარ პროფესიას დიდი სიყვარულითა და პასუხისმგებლობით ემსახურება. როგორც თავად გვიყვება, ბავშვობიდანვე გატაცებული იყო ხელოვნებით და შემოქმედებითი პროცესით, რაც შემდგომში არქიტექტურისადმი ინტერესში გადაიზარდა. ჩვენი რესპონდენტისთვის მუშაობის დროს ყველაზე მნიშვნელოვანი უწყვეტი ფიქრი და ძიებაა. თვლის, რომ მუდმივი ზრდა და ახალი ცოდნის მიღება ამ პროფესიაში აუცილებელია, რომლის გარეშეც ღირებული ნამუშევარი ვერ შეიქმნება.  დღევანდელ სტატიაში ის თავისი კარიერის შესახებ გვიყვება და გულწრფელად გვიზიარებს საკუთარ დამოკიდებულებას ქართული არქიტექტურისა და ამ სფეროში არსებული პრობლემებისადმი.

მამუკა, გვიამბეთ თქვენ შესახებ, როგორ გაიხსენებდით ბავშვობას?   

დავიბადე ხაშურში 1988 წელს. ბავშვობა ხაშურსა და სოფელში გავატარე, სადაც კერძო სახლში ვიზრდებოდი. ამას იმიტომ ვუსვამ ხაზს, რომ დიდი სივრცე საშუალებას მაძლევდა, ბევრი ინტელექტუალური გასართობი მომეფიქრებინა და დამეგეგმა. ჩემი ძირითადი გასართობი რაღაცების გამოგონება, აწყობა, დაშლა, გამოთლა და გამოძერწვა იყო. შეიძლება ითქვას, რომ „ჩხირკედელა“ ვიყავი და ახლაც ასე ვარ, ყველაფერი დეტალურად მაინტერესებს რისგან რა როგორ კეთდება. ძალიან გამიმართლა, რომ სკოლაში განსაკუთრებული პედაგოგი მყავდა, რომელმაც ჩემნაირი ენთუზიასტები ერთად შეგვკრიბა, ჯგუფი ჩამოაყალიბა და ყოველთვის გვეხმარებოდა ჩვენი იდეების განხორციელებაში. იმ პერიოდში არაერთი გამოგონება და პროექტი შევქმენით, რომლებიც კონკურსებზე გაგვქონდა და წარმატებასაც ვაღწევდით. ასევე, ვაწყობდით გემების, მატარებლების, თვითმფრინავების მოდელებს, რომლებიც დაცურავდნენ, დადიოდნენ, დაფრინავდნენ. შეიძლება ითქვას, ჩემი ბავშვობა საინტერესო თავგადასავლებით იყო აღსავსე.  ძალიან მაინტერესებდა ხელოვნება — ლიტერატურა, სიმღერა, დაკვრა, ქანდაკება და ცხადია, ხატვა. ჩემს ოჯახში არქიტექტურასთან კავშირი არავის ჰქონდა. მე-9 კლასამდე მეც არ ვიცოდი რომელ პროფესიას გავყვებოდი, საბოლოო არჩევანზე კი ერთმა ფაქტორმა იქონია გავლენა — იმ დროს ხაშურის მუზეუმში ჩემი პერსონალური გამოფენა გაიმართა, სადაც უამრავმა ადამიანმა არქიტექტურის პროფესია მირჩია. მათი აზრი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ამიტომ ამ შემთხვევამ დიდი როლი ითამაშა და ვფიქრობ, ყველაზე სწორი გადაწყვეტილება მივიღე ცხოვრებაში.

ბოტანიკური ბაღის ვიზიტორთა ცენტრი. საკონკურსო პროექტი

მოგვიყევით თქვენი პროფესიული განათლების შესახებ  

2005 წელს ჩავაბარე თბილისის სამხატვრო აკადემიაში, არქიტექტურის ფაკულტეტზე, თვითნასწავლი ხატვისა და ფერწერის ცოდნით. არქიტექტურა უმალვე შემიყვარდა, ამ სფეროში სრულად „ჩავიძირე“ და მას შემდეგ ეს პროფესია ჩემი ცხოვრების განუყოფელი, უმთავრესი ნაწილია. როდესაც პირველ კურსზე ვიყავი, კომპიუტერი და ინტერნეტი ყველასათვის ხელმისაწვდომი არ იყო. მე და ჩემმა მეგობარმა, რომელიც ამჟამად ჩემი პარტნიორია, მარტივი გამოსავალი მოვძებნეთ და ფრანგულ ბიბლიოთეკაში დავიწყეთ სიარული, რათა არქიტექტურის შესახებ ლიტერატურას, ჟურნალებსა და ვიდეომასალას გავცნობოდით. კარგად შევისწავლეთ თანამედროვე არქიტექტურის ნამუშევრები, მიღებული ცოდნა კი თანამედროვე არქიტექტურის ისტორიის ლექციაზე გავიღრმავეთ, რომელსაც ჩემთვის გამორჩეული ლექტორი, უაღრესად კარგი პიროვნება გვასწავლიდა. მისმა ლექციებმა უმთავრესი როლი ითამაშა ამ პროფესიისადმი ინტერესის გაზრდაში. 2011 წელს პირველი სამაგისტრო კურსი დავასრულე. ზემოხსენებული ლექტორის შთაგონებით კი მე და ჩემმა მეგობარმა 2012 წელს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურათმცოდნეობის სპეციალობის სამაგისტრო საფეხურზე ჩავაბარეთ, სადაც არქიტექტურის ისტორიასა და კრიტიკას უფრო სიღრმისეულად  გავეცანით.

კერძო სკოლა კრწანისში

როგორ წარიმართა თქვენი კარიერული გზა? 

მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე კომპანიისგან მქონდა სამსახურის შემოთავაზებები, მე და ჩემი მეგობარი ვფიქრობდით, რომ ჩვენი იდეების განხორციელების შესაძლებლობა ასეთ პირობებში ნაკლებად მოგვეცემოდა. იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან გვიყვარს და გვიზიდავს დამოუკიდებლობა, გადავწყვიტეთ, ჩვენი არქიტექტურული კომპანია დაგვეარსებინა და მაგისტრატურის მეორე კურსზე კომპანია „Wall“ დავაფუძნეთ (სახელი მუსიკისა და არქიტექტურის სიყვარულის სინთეზით მივიღეთ). ეს გადაწყვეტილება მაშინ ძალიან გაბედული იყო, რადგან არცერთი დამხმარე თუ მრჩეველი არ გვყავდა, რომელიც თუნდაც ინფორმაციით დაგვეხმარებოდა ან გამოცდილებას გაგვიზიარებდა. უნდა ითქვას, რომ ეს წამოწყება საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. დიდი შრომითა და შეუპოვრობით იმასაც კი მივაღწიეთ, რომ გარკვეული პერიოდი თბილისში განხორციელებული პროექტების პირველ სამეულში მოვხვდით. თუმცა ეს რაოდენობა შეგნებულად შევამცირეთ, რადგან პროექტების მასშტაბები გაიზარდა. ცხადია, პირველ ეტაპზე მცირე ობიექტები გვქონდა, კომპანიის წინსვლაში კი დიდი როლი კონკურსებმა ითამაშა, ამ გამოწვევებმა საშუალება მოგვცა, შემდგომში ბევრად დიდ, საინტერესო და მნიშვნელოვან პროექტებზე გვემუშავა.

112-ის ადმინისტრაციული შენობა. კონკურსში გამარჯვებული პროექტი
პროექტის გენგეგმა

როგორ ფიქრობთ, რა მნიშვნელობა აქვს არქიტექტურას? როგორია მისი როლი 21- საუკუნეში?

არქიტექტურის ამოცანა დაახლოებით ერთნაირია მისი დაბადებიდან დღემდე. იმ დროიდან მოყოლებული, როდესაც ადამიანი გამოქვაბულში შევიდა, თავად გადახურა სივრცე და პრიმიტიული თავშესაფარი მოიწყო, არქიტექტურა გარემოს გაუმჯობესებას ემსახურება. თავდაპირველად, ადამიანი ერგებოდა გარემოს, ხოლო ახლა თვითონ ირგებს მას. ამიტომ ვფიქრობ, რომ წლების წინ  მინიმალურ, ახლა კი მაქსიმალურ მოთხოვნებს უნდა ვპასუხობდეთ, გამოვიყენოთ ყველაფერი – ცოდნა, გამოცდილება, ტექნოლოგია, კულტურა –  რათა ადამიანის სამყოფელი უკეთესობისკენ შევცვალოთ, როგორც კონკრეტულ ნაგებობაში, ასევე, ურბანულ გარემოში.

კონკურსში „სივრცე სივრცისთვის“ გამარჯვებული პროექტი

როგორ დაახასიათებდით ქართულ არქიტექტურას და რა ძირითად პრობლემებს გამოყოფდით?   

ქართული არქიტექტურა რამდენიმე წელია, გაურკვევლობაშია, როგორც, ზოგადად, ჩვენი საზოგადოება. არქიტექტურა ყოველთვის ასახავს იმ დროს, პოლიტიკურ-სოციალურ მდგომარეობას, განათლებისა და თვითშეგნების დონეს, სადაც ის იქმნება. არქიტექტურა გამოხატავს საზოგადოებას, საზოგადოება კი არქიტექტურას. დღეს ეს სფერო თითქოს გაზრდილია, რაღაც ინერგება, სიახლე ჩნდება, მაგრამ რაც მთავარია, მას დაკარგული აქვს შინაარსი, თვითმყოფადობა, რეგიონული მიდგომა, სამშენებლო კულტურა, გამოცდილება, ტრადიცია. როგორც სხვა დარგებში, თითქოს არქიტექტურაშიც სხვისი კარნახით ხდება ყველაფერი. ჯერჯერობით, სამწუხაროდ, საქართველოში სწორად არ ფასდება ეს პროფესია. მაგალითად, თუ ნებისმიერი უცხოური გამოცემა რომელიმე ქართულ ობიექტზე დაწერს, რომ კარგია, ყოველგვარი კრიტიკისა და განხილვის გარეშე ქართველები ბრმად ვეთანხმებით, რაც ძალიან ცუდია. არქიტექტურა არაა გემოვნების საკითხი, ის სრულიად შეფასებადია. მას ისტორიაზე, ცოდნაზე და გამოცდილებაზე დაფუძნებული კრიტერიუმები გააჩნია. აუცილებელია, შევიმუშაოთ ჩვენს გამოცდილებაზე, საყოფაცხოვრებო კულტურაზე დაფუძნებული არქიტექტურული ინსტრუმენტები, რათა უფრო ღირებული და საინტერესო გახდეს ქართული არქიტექტურა როგორც თავად ქართველებისთვის, ასევე სხვებისთვისაც.  მაგალითად, ერთი შეხედვით შეგვიძლია გამოვიცნოთ: სკანდინავიური, ბრიტანული, სამხრეთ ამერიკული, იაპონური, ავსტრალიური არქიტექტურა (რა თქმა უნდა, თუ ნიჭიერი და კარგი არქიტექტორის ნამუშევარია), ქართველებს კი ეს ნიშა არ გვაქვს. არადა მსოფლიოში გავრცელებული ტენდენციის მიხედვით, სწორედ ეს მიდგომა ფასდება ყველაზე მეტად. ამას პრიცკერის პრემიის შარშანდელი ლაურეატის, ფრანცის კერის გამარჯვებაც ადასტურებს. მგონია, ჩვენი რესურსებისა და შესაძლებლობების სწორი გამოყენება არის მნიშვნელოვანი, თუ ტექნოლოგიებსა და კულტურას მთლიანად სხვა ხალხებისგან ვუკეთებთ იმპორტს, საზოგადოებას დიდ სიკეთეს ვერ მოვუტანთ, ტყუილი “წყლის ნაყვა” იქნება.

საქართველოში რომელ მნიშვნელოვან ობიექტებს გამოარჩევდით?

საქართველოში არაერთი საინტერესო არქიტექტურული ობიექტია, ზოგის მნიშვნელობა დადებითი, ზოგიერთის კი უარყოფითია. ბევრი საკულტო ნაგებობა, საბჭოთა მოდერნიზმისა და თანამედროვე არქიტექტურის ნიმუშები გვხვდება, მაგრამ ამჯერად გამოვყოფდი საცხოვრებლებს და ჩემთვის ყველაზე საინტერესო — თუშურ სოფლებს, როგორც თავისი ესთეტიკური დახვეწილობით, ასევე, შეუდარებელი სამშენებლო ტრადიციითა და  ურბანული დაგეგმარებით. მიუხედავად იმისა, რომ მთაა და ცოტა ადგილია საცხოვრებელ სივრცეებად გამოსადეგი, თუშები მაინც ახერხებენ სახლებს შორის საზოგადოებრივი სივრცეების მოწყობას — მცირე მოედნებს, რომლებიც ერთმანეთს ვიწრო ქუჩებით უკავშირდება. ეს იმდენად განმეორებადია, რომ როგორც ჩანს, თუშებმა კარგად იცოდნენ საზოგადოებრივი სივრცის მნიშვნელობა, რაც შესანიშნავად წარმოაჩენს მაშინდელ ხალხს და გარკვეულ წარმოდგენებს გვიქმნის მათი ცხოვრების წესზე. ვფიქრობ, სწორედ ასეთი დეტალები და არქიტექტურაა მნიშვნელოვანი.

გვესაუბრეთ სამუშაო პროცესზე, როგორია ის და რისგან იღებთ მთავარ შთაგონებას?

არქიტექტურა ფიქრის პროცესია, თითოეული პროექტი იწყება ფიქრითა და ძიებით. შენს გონებაში, გარემოში, ადამიანებში ეძებ იმ საწყის წერტილს, იდეას, ქვაკუთხედს, რაზეც უნდა დაშენდეს მთელი არქიტექტურა. ეს იდეა კი ყველგანაა, ყველა ადგილას, ადამიანსა თუ სოციუმში. თუ არქიტექტორი ამას მიაგნებს, მაშინ საკუთარი პროექტის სისწორეში დარწმუნებულია, რაც ყველაზე დიდი სიამოვნებაა შემოქმედი ადამიანისთვის. შემდეგ ამ იდეების ხორცშესხმა იწყება — ჩანახატებით, მოდელებით, ნახაზებით. მეორე უდიდესი სიამოვნება საბოლოო შედეგის მიღებაა, როდესაც შენობაში მოხვედრისას იგრძნობა შენ მიერ შექმნილი არქიტექტურის ძალა.

შთაგონებას ბევრი რამისგან, მათ შორის დიდი არქიტექტორების არქიტექტურისადმი მიდგომების ცოდნისგან ვიღებ. მჯერა, რომ ახალი ჯერ კიდევ შესაქმნელი და მისაგნებია. პროექტზე მუშაობისას კონკრეტული ადგილისგან, ადამიანისგან მოდის ინსპირაცია, მე კი ვცდილობ ეს ფილოსოფია არქიტექტურაშიც გადავიტანო.

რომელ თქვენს ნამუშევრებს გამოარჩევდით და რას გვეტყვით მიმდინარე და სამომავლო გეგმებზე?

ნამუშევრებიდან ჩემს სახლს გამოვარჩევდი, რომელიც ჩემი და ჩემი მეუღლის, მარიამ ძამაშვილის ერთობლივი ნამუშევარია. ამავდროულად, მგონია, რომ რაც არ უნდა ვეცადო, გავიცნო ადამიანები, გავიგო მათი ცხოვრების სტილისა თუ სურვილების შესახებ, საკუთარ თავს მაინც ყველაზე უკეთ ვიცნობ, ყოველ შემთხვევაში მე ასე მგონია, ამიტომ ჩემს სახლში ყველა სივრცე თუ წერტილი წინასწარაა ნაფიქრი და გააზრებული. თითოეულ ადგილს თავისი დანიშნულება აქვს და კონკრეტული იდეის მატარებელია, შესაბამისად, ამ პროექტის შესაქმნელად ყველაზე დიდი დრო დამჭირდა.

ამჟამად ბევრი მიმდინარე პროექტი გაქვს, რომელთაგან ზოგი ფიქრის, ნაწილი კი დამუშავებისა და მშენებლობის პროცესშია. ახლო მომავალში საკუთარი ოფისის აშენებას, გაფართოებასა და სამუშაო პროცესის სრულად გადახალისებას ვგეგმავთ. სამუშაო მიდგომების დახვეწას ვაპირებთ და გვინდა უფრო მეტი კარგი არქიტექტურა ვაკეთოთ.

სასტუმრო შაორის ტბაზე. საკონკურსო პროექტი

რას ურჩევდით  მომავალ არქიტექტორებს? 

მომავალ არქიტექტორებს ვურჩევდი, კარგად გაერკვიონ ამ პროფესიაში, გაეცნონ მის ისტორიას და საკუთარ თავზე ბევრი იმუშაონ. განათლებას დიდი ყურადღება მიაქციონ და ბევრი დრო დაუთმონ მას, რადგან ამ სფეროში უნივერსიტეტებში სწავლების დონე ძალიან დაბალია. პირადად მე, უამრავ ისეთ „არქიტექტორთან“ მიწევს შეხება, რომლებიც  მის ვან დერ როეს  ლე კორბუზიესგან ვერ არჩევენ. ჩემთვის გაუგებარია, რატომ უნდა აკეთო ის საქმე, რომელიც არ გიყვარს და არ გაინტერესებს?! მითუმეტეს მაშინ, როდესაც ბევრი პროფესია არ გაძლევს ისეთ სიამოვნებას, როგორც არქიტექტურა. ამ სფეროში აუცილებელია მუდმივი ცოდნის გაღრმავება. ბაკალავრის საფეხური რომ დავამთავრე, მეგონა, ყველაფერი ვიცოდი არქიტექტურის შესახებ, სანამ მაგისტრატურაზე არ გავაგრძელე სწავლა. მაგისტრატურის დასრულების შემდეგაც იგივე თავდაჯერებულობა მქონდა, სანამ მეორე მაგისტრატურის კურსი არ გავიარე. ვფიქრობ, მთავარი ვისწავლე — ყოველთვის საჭიროა სიახლე და ახალი ცოდნის მიღება, ამიტომ ჩემი დღე არქიტექტურული ვებ-გვერდებით იწყება და მთავრდება. მომავალმა არქიტექტორებმა უამრავი ექსპერიმენტი უნდა აკეთონ და მაქსიმუმი მიიღონ ამ პროფესიისგან, მით უმეტეს სწავლის პროცესში, რა დროსაც არანაირი შეზღუდვა არ აქვთ.

ქუთაისის ცენტრალური არქივი

ავტორი: მეკო მეტრეველი

რა ძირითადი მახასიათებლები უნდა გავითვალისწინოთ სამზარეულოს ზედაპირის შერჩევამდე?

როგორ გავწმინდოთ საშხაპე ონკანი სახლის პირობებში? – 5 მარტივი და სასარგებლო რჩევა