in

არქიტექტურა, როგორც უანგარო სიყვარულისა და დაუღალავი შრომის უწყვეტი პროცესი – ინტერვიუ მარიამ სუპატაშვილთან

მარიამ სუპატაშვილის კარიერული გზა, პირველ რიგში, პროფესიისადმი უანგარო სიყვარულს ეფუძნება. მისთვის, როგორც არქიტექტორისთვის, დამღლელი სამუშაო პროცესიც კი სიამოვნების მომნიჭებელია, რადგან შედეგად, საკუთარი ჩანაფიქრის წარმატებულად განხორციელებულ პროექტს იღებს. ამბობს, რომ გაუმართლა, რადგან თავიდანვე სწორი მიმართულება აირჩია, რომელმაც მისი შემდგომი ცხოვრება სრულიად სასიკეთოდ წარმართა. პროფესიისადმი ერთგულებამ მარიამის ამჟამინდელი მდგომარეობა განსაზღვრა და ის დღეს უკვე 10 წლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე საკუთარი კომპანიის მფლობელია. არაერთი განხორციელებული პროექტი და საინტერესო სამუშაო გარემო მუდმივი განვითარების საშუალებას აძლევს, რაც მის წინსვლას და მრავალფეროვან შემოქმედებითობას განაპირობებს. ხელოვნებისადმი სიყვარული კი ბავშვობიდან მოსდევს, როდესაც ჯერ კიდევ პატარა ასაკში, საცხოვრებელი გარემოს გარდაქმნითა და მისი ცვლილებით იყო გატაცებული…

მარიამ, სულ თავიდან დავიწყოთ, როგორ დაახასიათებდით თქვენს ბავშვობას?

მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ოჯახის წევრები არ მოღვაწეობენ ხელოვნების სფეროში, ბავშვობიდან დაინტერესებული ვიყავი სხვადასხვა დარგით. 5-6 წლის ასაკიდან დავიწყე ხატვა, შემდგომში ამ პროცესმა უფრო გააზრებული ხასიათი შეიძინა. ვცდილობდი მრავალფეროვანი მასალებით მემუშავა, შემოქმედების პროცესში მუდმივად ვატარებდი ექსპერიმენტებს. შემდგომ, უფრო მოზრდილ ასაკში, მინანქარზე მუშაობითაც დავინტერესდი.

შემოქმედებითობა ჩემთვის ბავშვობიდან თვითგამოხატვის საუკეთესო საშუალება იყო, შესაბამისად, პროფესიის არჩევისას სხვა მიმართულებაზე არც მიფიქრია. გამომდინარე იქიდან, რომ ყოველთვის მიზიდავდა საცხოვრებელი გარემოს ცვლილება, გადააზრება, გარდაქმნა და ასევე ხშირად ვაკეთებდი არქიტექტურულ ჩანახატებს, გადავწყვიტე არქიტექტურის ფაკულტეტზე ჩამებარებინა. აღნიშნულმა ნაბიჯმა გარდამტეხი გავლენა იქონია ჩემს ცხოვრებაზე და ეს პროფესია თავდავიწყებით შემიყვარდა. რაც უფრო მეტად ვუახლოვდებოდი ამ სფეროს, მით უფრო ვრწმუნდებოდი, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე.  ვფიქრობ, ძალიან გამიმართლა, რადგან უამრავი ადამიანი პროფესიის არჩევის თავდაპირველ ეტაპზე მცდარ ნაბიჯს დგამს და შემდეგ მთელი ცხოვრების მანძილზე საკუთარი მოწოდებისა და საქმის პოვნას ცდილობს.

აღგვიწერეთ ის გზა, რომელმაც ცხოვრების ამ ეტაპზე თქვენი კარიერული მდგომარეობა განსაზღვრა?

აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ბაკალავრის ხარისხის მოპოვების შემდეგ,  სწავლა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში არქიტექტურათმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამაზე განვაგრძე. იმ დროს უკვე ერთ-ერთ კომპანიაში ვმუშაობდი და ვფიქრობდი, რომ პრაქტიკული საქმიანობის პარალელურად, დარგის უფრო სიღრმისეული თეორიული ცოდნა ჩემი პროფესიული გზის ფორმირებაში დამეხმარებოდა.

მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი კრწანისში

მოგვიანებით, რამდენიმე წლის შემდეგ, 2013 წელს, მეგობართან ერთად, არქიტექტორული კომპანია – Werkraum დავაფუძნე, რომელიც მალე 10 წლის გახდება. მისი მთავარი მიმართულება არქიტექტურაა, მაგრამ ინტერიერის დიზაინზეც ვმუშაობთ. თითოეულ ახალ პროექტს, წარსულში წარმატებით განხორციელებული ნამუშევარი უდევს საფუძვლად. ამ პერიოდის მანძილზე, სხვადასხვა მოცულობისა და შინაარსის ობიექტებზე მუშაობის დიდი გამოცდილება დავაგროვეთ. საწყის ეტაპზე განსაკუთრებით დიდ დროს ვუთმობდით კონკურსებს, რამაც მნიშვნელოვანი ბიძგი მოგვცა წინსვლისთვის.  მათ შორის გამოვარჩევდი სკოლის და საბავშვო ბაღის პროექტს ლუქსემბურგში, რომელიც ლუქსემბურგულ არქიტექტურულ კომპანია Witry&Witry-თან კოლაბორაციით შეიქმნა და ამ ეტაპზე მშენებლობის პროცესშია. ჩემთვის აღნიშნულ პროექტზე მუშაობა მრავალმხრივ გამოწვევასთან იყო დაკავშირებული – მჭიდრო ვადებში ინტენსიური შემოქმედებითი პროცესის პარალელურად, შევისწავლე ადგილობრივ სამშენებლო სფეროში მოქმედი ტექნიკური რეგულაციები, რაშიც ძალიან დამეხმარა ჩვენი კომპანიის თანადამფუძნებელი, რომელსაც უკვე ჰქონდა ლუქსემბურგში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.

სკოლა ლუქსემბურგში

როგორია Werkraum-ის მუშაობის მთავარი პრინციპი და ფილოსოფია?

ყველა ჩვენი ახალი არქიტექტურული პროექტი, შენობის ორიენტირების სწორად განსაზღვრით იწყება. გამომდინარე იქიდან, რომ ვცხოვრობთ მსოფლიოში, რომელიც მუდმივ, სწრაფ ტრანსფორმაციას განიცდის, ვფიქრობ, ჩვენი ფილოსოფიაა ამ პროცესთან ადაპტირება, ახალი პარადიგმებისა თუ  ტექნოლოგიური პროგრესის ჩვენს პროექტებში ასახვაა იმ ფორმით, რომ ჩვენმა შემოქმედებამ მაქსიმალურად გაუძლოს დროის გამოცდას. ასევე, აქტიურად ვიკვლევთ დამკვეთის პრიორიტეტებსა და ინტერესებს, რათა მათ საკუთარ ცხოვრების სტილზე  მორგებული და ფუნქციური  საცხოვრებელი სივრცე შევთავაზოთ.

მუშაობის პროცესში, შთაგონება შეიძლება მიიღო ყველაფრისგან, თუმცა ეს ყველაფერი კონკრეტული პროექტის დაწყების და შესწავლის დროს იკვეთება. მნიშვნელოვანია თავად ობიექტის მოცემულობა, კონტექსტი, ის თუ რა ისტორიის მქონეა ეს ადგილი. გასათვალისწინებელია რეგულაციებით განპირობებული უამრავი შეზღუდვა, რაც კომპლექსურ აზროვნებას მოითხოვს. აუცილებლად უნდა გამონახო გამოსავალი შექმნილი პრობლემებიდან, სწორედ მსგავს საკითხებზე მუშაობის დროს წარმოიქმნება უამრავი იდეა, რომელსაც ეტაპობრივად აძლევ ფორმას და თანმიმდევრულად ხვეწავ. გასათვალისწინებელია მისი პრაქტიკული მხარეც, თუ ვისთვის აკეთებ ამას. პროექტზე მუშაობის პრინციპები ყველა ნამუშევარს აერთიანებს, შესაძლოა ისინი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდებოდეს, მაგრამ ალბათ არსებობს ხელწერა, რომელიც ყველასათვის დამახასიათებელ ხაზს ქმნის.

მრავალფუნქციური კომპლექსი თამარაშვილზე

როგორ შეაფასებდით ქართულ არქიტექტორულ სივრცეს?

ვფიქრობ, საქართველოს დიდ ქალაქებში არქიტექტურის დარგში არსებული გამოწვევების უმეტესობა მჭიდრო კავშირშია ურბანულ პრობლემებთან, რაც ძალიან კომპლექსურია.

ზოგადად, ეს სფერო და ამ საქმეში მოღვაწე ადამიანთა ჯგუფები კონტრასტულობით ხასიათდება, თუმცა თუ პოზიტივზე გავაკეთებთ აქცენტს, უნდა აღინიშნოს, რომ დღეს რამდენიმე ძალიან საინტერესო არქიტექტორული კომპანია არსებობს, რომლებიც მაღალი სტანდარტის დანერგვას ცდილობენ, არაერთ შთამბეჭდავ პროექტს ახორციელებენ და ჯანსაღი კონკურენციის განვითარებას უწყობენ ხელს. დამკვეთებიც ბევრად გახსნილები გახდნენ ექსპერიმენტების მიმართ, რაშიც დიდი წვლილი სწორედ დარგში მოღვაწე პროფესიონალებს მიუძღვით, რომლებიც  არ თმობენ საკუთარი ღირებულებებს, ხედვას და ცდილობენ ობიექტის მეპატრონეები მათ განსახორციელებლად დაიყოლიონ. ალბათ, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, დამკვეთებსაც მეტი მიმღებლობა, ნდობა გაუჩნდათ განსხვავებული და ხშირ შემთხვევაში, რთულად განსახორციელებელი იდეების მიმართ.

ჩვენი კომპანიის შემთხვევაში, გვეამაყება რომ მჭიდრო თანამშრომლობის დამყარება მოვახერხეთ ბევრ საინტერესო ადამიანსა თუ კომპანიასთან, რომლებიც მზად არიან თანამშრომლობისთვის კომპლექსური იდეების ხორცშესასხმელად, რაც პირველ რიგში, მრავალწლიანმა სამუშაო გამოცდილებად და გამართლებულმა ნდობამ განაპირობა.

ვიზიტორთა ცენტრი მუხრანში

როგორ შეაფასებდით ქართველ დამკვეთთან ურთიერთობას?

ჩვენი კომპანიის ათწლიანი სამუშაო გამოცდილების მანძილზე, ბევრ განსხვავებულ დამკვეთთან მოგვიწია ურთიერთობა. დაგროვილმა მრავალფეროვანმა გამოცდილებამ, დროთა განმავლობაში, კომუნიკაციის სწორად წარმართვა და ეფექტური გზების გამონახვა გვასწავლა. მნიშვნელოვანია ძირითადი პრინციპები და პროექტის მიმდინარეობა დამკვეთთან თანხვედრაში ხდებოდეს, მას უნდა ჰქონდეს განცდა, რომ  ყოველი დეტალი მისი ინტერესის სასარგებლოდ არის გათვლილი, თუმცა ეს არ უნდა მოხდეს შემსრულებლის მიერ, საკუთარი ღირებულებების დათმობის ხარჯზე. ვფიქრობ, სწორედ ამგვარი მიდგომა განაპირობებს წარმატებულ თანამშრომლობას.

გვიამბეთ თქვენს მიმდინარე პროექტებსა და იმ ობიექტებზე, რომელსაც გამოარჩევდით 

ამ ეტაპზე ვმუშაობთ სხვადასხვა მოცულობისა და შინაარსის პროექტებზე. გვაქვს რამდენიმე კერძო სახლის ობიექტი, თბილისის შემოგარენში. ასევე, საცხოვრებელი სახლებისა და სასტუმროების პროექტები თბილისის ცენტრალურ და ისტორიულ უბნებში, რომლებზე მუშაობაც სპეციფიკურ მიდგომას მოითხოვს და პროექტირება გრძელვადიანი, თუმცა ძალიან საინტერესო პროცესია.

არქიტექტორული თვალსაზრისით, სწორედ ერთ-ერთი მათგანი მინდა გამოვარჩიო. ამჟამად საცხოვრებელი კომპლექსის პროექტზე ვმუშაობთ ავლაბარში, რომელიც ქალაქის ისტორიულ ზონაში მდებარეობს, რაც მას განსაკუთრებულს ხიბლს სძენს. საპროექტო მიწის ნაკვეთი და მიმდებარე ტერიტორია განაშენიანების მხრივ არაერთგვაროვანია. გეგმარების დროს შევისწავლეთ ურბანული კონტექსტი და ვეცადეთ სწორედ ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით დაგვეწყო მუშაობა. საინტერესოა ობიექტის მიმდებარე გარემო, ხედები და მისი ისტორიული კონტექსტი. მაგალითად, სწორედ ამ მიკროუბნის გამორჩეულ სახეს წარმოადგენდა თბილისის საპყრობილის აგურის ნაგებობები, რომელთაგან ერთი-ერთი ავთენტური სახითაა შემორჩენილი. სწორედ მისი მასალა და სტრუქტურა გახდა ჩვენი ინსპირაციის წყარო, ამიტომ მიმდინარე პროექტი, გარემოსა და ისტორიული კონტექსტის თვალსაზრისით გამორჩეულ ადგილად მიმაჩნია.

საცხოვრებელი კომპლექსი ავლაბარში

ინტერიერის დიზაინის კუთხით, გამოვყოფდი ერთ-ერთი საერთაშორისო კომპანიის ოფისის თბილისის ფილიალს. აღნიშნულ პროექტზე ერთი წლის განმავლობაში ვიმუშავე და აქცენტი მკვეთრ ფერებსა და უნიკალური ფორმის ავეჯზე გავაკეთე.  შედეგად, დამკვეთთან ერთად, მოვახერხეთ შეგვექმნა მინიმალისტური, თუმცა ამავდროულად დასამახსოვრებელი დიზაინის მქონე საოფისე სივრცე. ამასთანავე, ჩემთვის საინტერესო იყო ამ კომპანიის სამუშაო სპეციფიკა. დამკვეთის მთავარ მოთხოვნას წარმოადგენდა არა პერსონალიზებული სამუშაო სივრცის შექმნა, რაც გულისხმობს იმას, რომ ყველა თანამშრომელი ყოველდღე სხვადასხვა სამუშაო ადგილს თავად ირჩევს, ეს კი სამუშაო გარემოში წესრიგის შენარჩუნებას უწყობს ხელს. კონცეფციის თვალსაზრისითაც, ამ ობიექტზე მუშაობა ჩემთვის საინტერესო გამოდგა.

ROCHE Georgia ოფისის დიზაინი

როგორ დაახასიათებდით თქვენს პროფესიას და რას ეტყოდით თქვენს სფეროში მოღვაწე დამწყებ არქიტექტორებს?

ვფიქრობ, ამ პროფესიის არჩევა მხოლოდ დეტალებისთვის ან რაიმე კონკრეტული ეტაპის გამო არ ღირს. მნიშვნელოვანია გიყვარდეს შენი საქმე ისე, რომ მზად იყო მიიღო ეს პროფესია ყველა თანმხლები გამოწვევით და სრულად მიუძღვნა მას თავი. ასევე, გაცნობიერებული უნდა გქონდეს და მზად იყო დაუღალავი შრომისთვის, რომლისთვისაც თავგანწირვა არ დაგჭირდება იმ შემთხვევაში, თუ რეალურად შეიყვარებ ამ  საქმეს, რომელიც შემდგომში უდიდეს სიამოვნებას მოგანიჭებს.

სასტუმრო თბილისში

ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი ლისზე

ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი კაკლებში

მოგონებებით აღსავსე სახლი ტაილანდში

თიბისი კონცეპტის მიერ ორგანიზებული სპეციალური დეველოპერული შეთავაზება გრძელდება