in

ინტერიერის დიზაინში გაცოცხლებული ფერადი ბავშვობა – ინტერვიუ ნინო გოგილიძესთან

Homeis.ge დღეს კიდევ ერთ საინტერესო ხელოვანს გაგაცნობთ, რომელიც ინტერიერის დიზაინს ქმნის და საკუთარი ნამუშევრებით ბავშვური ოცნებებისა და ფანტაზიების გაცოცხლებას ცდილობს. არქიტექტორი და ინტერიერის დიზაინერი ნინო გოგილაძე ხელოვნებით ბავშვობიდანვე დაინტერესდა. საინტერესოა, როგორია მისი შემოქმედებითი ხედვა და რა გზა გაიარა დღემდე.

ნინო, როგორი იყო თქვენი ბავშვობა?

ბავშვობა ჩემი შემოქმედების ერთ-ერთი მთავარი წყაროა. ყოველთვის მინდა, გავაცოცხლო 90-იანი წლების შავ-თეთრ ბავშვობასთან დაკავშირებული ემოციები, შეგრძნებები და ესთეტიკა. ვფიქრობ, ამ კულტურულმა კონტრასტმა ჩემი გემოვნების ჩამოყალიბებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. ძალიან იმოქმედა დედაჩემის საქმიანობამაც. 9-11 წლის ასაკში პირველად დავინტერესდი ფერით, ფორმითა და ხელოვნებით. ტანსაცმლის სამკერვალოში სიამოვნებით ვატარებდი ხოლმე თავისუფალ დროს. საკმაოდ მოზრდილ სივრცეში, 4-მეტრიან კედლებზე, იატაკიდან ჭერამდე განთავსებულ თაროებზე, ფერების, ორნამენტებისა და  ფაქტურების მიხედვით დალაგებული ნაჭრების დაუსრულებელი გრაგნილები ეწყო. ნაირფერი თასმები, ღილები, სხვადასხვა აქსესუარი ჯადოსნურ სამყაროს ქმნიდა. გადასაყრელად განწირული ეს ნარჩენები ჩემთვის ნამდვილი განძი იყო: ვჭრიდი, ვკერავდი, ვქმნიდი და ბევრს ვოცნებობდი. ეს იყო ფანტაზიის განსავითარებლად საუკეთესო ადგილი. შეიძლება ითქვას, პატარა ასაკიდანვე მქონდა  ხელოვნებისა და შემოქმედებისადმი მიდრეკილება, რომელიც არც მოზარდობაში გამნელებია. საბოლოოდ, სწორედ ამან განაპირობა ჩემი პროფესიული არჩევანი.

გვესაუბრეთ თქვენს კარიერულ გზაზე, როგორ მოხვედით დღემდე?

ა. ვირსალაძის სახელობის ხელოვნების გიმნაზიის დასრულების შემდეგ თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, არქიტექტურის ფაკულტეტზე ჩავაბარე. მცირეხნიანი პრაქტიკის გავლის მერე სხვადასხვა საპროექტო კომპანიაში არქიტექტორად დავიწყე მუშაობა. ერთ-ერთ ადგილას ინტერიერის დიზაინზე, მოსაპირკეთებელ მასალებსა და რემონტზე ვმუშაობდი, ამიტომ ინტერიერის დიზაინით დავინტერესდი და საკმაო გამოცდილებაც დავაგროვე. პარალელურად ორ მცირეწლოვან შვილს ვზრდიდი, რაც დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვდა. აქედან გამომდინარე, უფრო კომფორტულად ვიგრძენი თავი კერძო შეკვეთებზე მუშაობისას. კომპიუტერული ვიზუალიზაციის შესწავლაში მეგი დევაძე დამეხმარა, რომელიც იმ დროს არქიტექტორული დიზაინის სტუდია „Fortis“-ს აფუძნებდა. პროცესს მეც შევუერთდი და ძალიან საინტერესო, ნიჭიერი გუნდის წევრი გავხდი. მას მერე ერთად ვქმნით სხვადასხვა პროექტს.

“ვაკე ჰილსი” საცხოვრებელი სახლი დუპლექსი

გვიამბეთ სამუშაო პროცესის სპეციფიკასა და თქვენს შემოქმედებაზე.

ჩემთვის არქიტექტურასა და ინტერიერის დიზაინში მთავარი სათქმელი ფუნქციისა და ესთეტიკის ბალანსია. სწორედ ეს ზომიერების შეგრძნებაა პროფესიონალიზმი. ყველა ფერი და ფორმა მისაღებია ჩემთვის, მთავარია, ისინი საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდეს. ვფიქრობ, შემოქმედისა თუ დიზაინერის სხვებისგან განმასხვავებელი მთავარი ნიშანი ნივთის სწორ ადგილას მოთავსების ცოდნაა. დოგმებისა და წინასწარ დადგენილი წესების გათვალისწინება არ მიყვარს, პირიქით, ექსპერიმენტები და ჩარჩოების გარღვევა მირჩევნია, თუმცა, გადახვევას თავისი ფუნქცია და ღირებულება უნდა ჰქონდეს, სხვა შემთხვევაში არაფრისმთქმელ გართობად იქცევა. იმისათვის, რომ ზუსტად მიხვდე, რა ემოცია დატოვა შენში ნამუშევარმა, მუშაობის დასრულების შემდეგ მისგან უნდა დისტანცირდე. ქმნადობის პროცესში გარკვეულ ემოციებს განიცდი, თვალი მუდამ დეტალებისკენ გაგირბის, შენს სისუსტეებზე ამახვილებ ყურადღებას და თავს დამარცხებულად გრძნობ, ამიტომ აუცილებელია, მოშორდე ნამუშევარს, რათა მეტ-ნაკლებად ობიექტურად შეაფასო.

სახლი გაზაფხულის ქუჩაზე

განსაკუთრებით მიყვარს სააბაზანო სივრცეებზე მუშაობა. ეს ის ადგილია, სადაც ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე შეგიძლია განმარტოვდე. ამას ემატება წყლის დამამშვიდებელი თვისებები და განტვირთვა, რომელსაც ეს ზონა გვთავაზობს. როცა აბაზანა სწორადაა დაპროექტებული, სახლის სხვა ნაწილებთან შედარებით, იქ ცივ სეზონზე 3-4 გრადუსით მაღალი ტემპერატურაა, რაც მეტ კომფორტს ქმნის. მგონია, რომ ჩემი საუკეთესო ნამუშევრები სწორედ აბაზანას უკავშირდება.

თქვენი აზრით, როგორია თანამედროვე ქართული არქიტექტორული სივრცე?

ვფიქრობ, საკანონმდებლო ორგანო სათანადოდ ვერ აკონტროლებს ამ სფეროს, ამიტომ, ასე ვთქვათ, ადგილს უნდა „გაუმართლოს“ პროექტსა და არქიტექტორში. სამწუხაროა, მაგრამ ამ მხრივ ჩვენს ქვეყანას კიდევ ბევრი აქვს სამუშაო. რაც შეეხება ინტერიერის დიზაინს, ამ პროფესიისადმი მოთხოვნა დღითიდღე იზრდება. ალბათ, ასეც გაგრძელდება, რასაც ბუნებრივად მოჰყვება სფეროს დახვეწა-განვითარება.

სალონი ბათუმში

რას ეტყოდით ამ პროფესიით დაინტერესებულ ადამიანებს?

ნებისმიერს, ვინც ამ პროფესიას აირჩევს, ვურჩევდი, ვიზუალურ და ესთეტიკურ გამომსახველობასთან ერთად, შეესწავლათ ისეთი მონათესავე ტექნიკური სპეციალობები, როგორებიცაა: კონკრეტული ფუნქციური სივრცის განათება, აკუსტიკა, ჟანგბადით მომარაგება. ასეთი დეტალები ნებისმიერ ადგილს დაუვიწყარს ხდის. ასევე, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ადამიანურ ურთიერთობებში დახელოვნება, რათა შეგვეძლოს, სწორად გავიგოთ დამკვეთის მოთხოვნა, კორექტულად, უმტკივნეულოდ მოვაგვაროთ პრობლემები, საბოლოოდ კი მადლიერება და კმაყოფილება დავიმსახუროთ.

უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი პროფესია სინთეზურია, მოწყენის საშუალებას არ გვაძლევს, ამიტომ მუდმივად უნდა ვიზრუნოთ განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაზე. მთავარი მონდომება და ინტერესია. მაგალითად, ახლა ვაპირებ ერგონომიის დისციპლინის უფრო ახლოს გაცნობას, რადგან სამომავლოდ საკუთარი თავი ავეჯის დიზაინერად წარმომიდგენია. ასევე, მინდა არქიტექტორული კონსტრუქციების ღრმა შრეები შევისწავლო. 2023 წლის მილანის სალონის გამოფენის ახალ სლოგანს თუ დავაკვირდებით – „Do you speak design?“ – აღმოვაჩენთ, რომ უკვე ასწლეულებია, დიზაინის ენაზე ყველაზე კარგად სწორედ იტალიელები საუბრობენ. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, არქიტექტურაზე შეყვარებულ ადამიანებს იტალიურის შესწავლის სურვილი აუცილებლად გაუჩნდებათ. არც მე ვარ გამონაკლისი – იტალიურს ვსწავლობ. ვფიქრობ, მთავარია, ჯერ აღმოაჩინო საყვარელი პროფესია, შემდეგ კი მუდმივად ვითარდებოდე.

მარანის ინტერიერი

ოფისის ინტერიერი

ავტორი: მეკო მეტრეველი

ენობრივი რედაქტორი: სოფიო მენთეშაშვილი

რატომ უნდა გამოვიყენოთ ეკომეგობრული საყოფაცხოვრებო ტექნიკა? – ის, რაზეც აქამდე არ დაფიქრებულხართ

ის, რაც სამზარეულოსა და მისაღების გაერთიანებისას უნდა ვიცოდეთ