დღევანდელ სტატიაში პროფესორი ნინო იმნაძე, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის დეკანია, საინტერესო პროფესიული გზის, არქიტექტურული სფეროს შესახებ გვესაუბრება და თავის ხედვებს, პედაგოგიურ მიდგომებსა და არქიტექტურულ შთაბეჭდილებებს გვიზიარებს.
ნინო, გვიამბეთ თქვენს ბავშვობაზე, როგორ იქონია გავლენა იმ გარემომ, რომელშიც იზრდებოდით?
გარემომ, რომელშიც ვიზრდებოდი, ცხადია, დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე, როგორც პიროვნულ, ისე პროფესიულ ჩამოყალიბებაზე. ის ფაქტი, რომ დღეს მე იმ დარგს ვემსახურები, რომელიც ჩემი ცხოვრებაა, მშობლებს ვუმადლი, განსაკუთრებით კი დედაჩემს. არქიტექტურით მე-8 კლასიდან დავინტერესდი, თუმცა მანამდე ძალიან ბევრს ვხატავდი და მხატვარი მინდოდა გამოვსულიყავი. ამასთანავე, ძალიან მომწონდა ის საქმიანობა, რითაც დედაჩემი იყო დაკავებული. დედა მშენებელ-კონსტრუქტორი გახლდათ და სახლში მუდმივად ჰქონდა გაშლილი ფორმატი უზარმაზარ ხის დაფაზე (რომელიც დღესაც მაქვს). ამავე დროს, გაუთავებლად მიყვებოდა არქიტექტურაზე (ეს მისი აუხდენელი ოცნება იყო), დიდი სურვილის მიუხედავად, იმ დროს ორ წელიწადში ერთხელ ხდებოდა არქიტექტურის ფაკულტეტზე ჩარიცხვა, ამიტომ დედამ მამის საქმიანობის გაგრძელება გადაწყვიტა და ინჟინერ-კონსტრუქტორი გახდა. ბავშვობაში ჩემს მშობლებთან ერთად ბევრს ვმოგზაურობდი მანქანით, ფაქტობრივად, ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკა მთლიანად შემოვიარეთ. ცხადად ვხედავდი არქიტექტურა როგორ გადმოგვცემდა თითოეული ქალაქის ცხოვრების სტილს, ხასიათს, ინდივიდუალიზმს და ეს ძალიან სახალისო იყო. ბევრს ვმოგზაურობდით საქართველოშიც. უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე ხევსურეთმა, მისმა ორგანულმა კავშირმა გარემოსთან. საბოლოოდ, კი ერთმა ფაქტორმა იქონია ჩემს პროფესიულ გადაწყვეტილებაზე დიდი გავლენა. ბაკურიანში არქიტექტორთა ჩემპიონატი ტარდებოდა თხილამურებში — „SKIA”. მაშინ მე-8 კლასში ვიყავი და იქ ვნახე უამრავი საინტერესო არქიტექტორი — ლაღები, მხიარულები, საინტერესოები, ლამაზები, თავისუფლები, ახალგაზრდები, სწორედ მათ განსაზღვრეს ჩემი პროფესიული არჩევანიც. დღეს ყველა მათგანს ძალიან კარგად ვიცნობ და ალბათ ვერც იფიქრებდნენ, როგორი შთამაგონებელნი გახდებოდნენ ჩემთვის.
დღესაც ვფიქრობ, არქიტექტურა ეს არის თავისუფლების, სილაღის სივრცე, სადაც პარადოქსები დაშვებულია, ის გულისხმობს განსხვავებულ აზროვნებას, მუდმივ ფიქრს მომავალზე, ადამიანის კეთილდღეობაზე. არქიტექტურის არსიც ხომ იმაშია, რომ ემსახურება ადამიანებს, აყალიბებს იმ სივრცულ გარემოს, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, ვმოღვაწეობთ, განსაზღვრავს ცხოვრების სტილს, გვიყალიბებს გემოვნებას, მხატვრულ ხედვას, ესთეტიკას, გვამოგზაურებს დროში. იგი არის ერთგვარი შუალედური ხიდი ადამიანსა და გარემოს შორის. მოკლედ, რომ ვთქვა, არქიტექტურა — სილამაზის, ლოგიკისა და ინჟინრული აზროვნების შედეგია.
მოგვიყევით თქვენი განათლებისა და კარიერული გზის შესახებ
დავამთავრე საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი (ახლანდელი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი). ინსტიტუტის დამთავრებისთანავე ასპირანტურაში ჩავაბარე. ჩემი ხელმძღვანელი პროფესორი, თინათინ ჩიჩუა, გახლდათ. პარალელურად მყავდა კონსულტანტი — პროფესორი, ანდრეი კასინსკი, რომელიც მოსკოვის არქიტექტურის ინსტიტუტში (მარხი) მოღვაწეობდა. ამიტომ გარკვეული პერიოდი მოსკოვშიც ვიყავი. ვიტყოდი, რომ კარგი გამოცდილება მივიღე ამ დროის განმავლობაში. 2002 წელს კი დისერტაციაც დავიცავი.
ინსტიტუტში სწავლის პერიოდში კიდევ უფრო შემიყვარდა ეს პროფესია. ამას განსაკუთრებით ხელს უწყობდა გარემო, რომელშიც აღმოვჩნდი. არაჩვეულებრივი პედაგოგები მყავდა, რთულია ამ ფორმატში ყველას ჩამოთვლა. თითოეულ მათგანს დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს განვითარებასა და პროფესიონალად ჩამოყალიბებაში. დღეს ვერც კი წარმომიდგენია ჩემი თავი სხვა სფეროში.
ამჟამად აქტიურ პედაგოგიურ საქმიანობას ვეწევი. არქიტექტურა ძალიან რთული დარგია, ამიტომ სტუდენტებთან ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებს, ხანგრძლივ საუბრებს თითოეულ მათგანთან. უამრავი ესკიზის, ჩანახატის გაკეთებას ახალგაზრდებთან ერთად, რათა დაეხმარო მათ, გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები, პოტენციალი, ხედვები და დამოუკიდებლად გადაწყვიტონ არქიტექტურის ესა თუ ის პრობლემა.
როგორ ხედავთ თქვენს როლს თანამედროვე ქართული არქიტექტურის განვითარებაში?
პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ საოცარი ახალგაზრდები გვყავს, ნიჭიერები და მონდომებულები. თითოეული აცნობიერებს, რომ დიდი პასუხისმგებლობა აკისრია, კონკურენციაც საკმაოდ დიდია და მათ ეს ესმით. პედაგოგიკა დიდ ძალისხმევასა და ენერგიას მოითხოვს. ყოველ შემთხვევაში, ვცდილობ სტუდენტებს ჩამოვუყალიბო დაპროექტების კულტურა, მივცე თავისუფლება და ამგვარად განვუვითარო შემოქმედებითი და მხატვრული აზროვნება, გამოვუმუშაო წარმოსახვის უნარი და ლოგიკური აზროვნება, პასუხისმგებლობის გრძნობა, რადგან ჩვენ ვქმნით გარემოს ადამიანებისთვის და ეს გარემო აუცილებლად უსაფრთხო, ჰუმანური და კომფორტული უნდა იყოს.
მე ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ პირადად ჩემი სტუდენტები საკმაოდ წარმატებულად აგრძელებენ სწავლას ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტში. ასევე, სტუდენტები, რომლებმაც ჩემი ხელმძღვანელობით შეასრულეს სამაგისტრო დამამთავრებელი პროექტები, არიან არაერთი ადგილობრივი თუ საერთაშორისო კონკურსების მონაწილეები თუ გამარჯვებულები, დამოუკიდებელ პრაქტიკულ მოღვაწეობას ეწევიან და საკუთარი საპროექტოები, სტუდიები აქვთ.
შესაბამისად, მე უდიდესი პასუხისმგებლობა მაკისრია და ალბათ, ჩემი როლიც ის არის, რომ უპირველესად, აღვზარდო შემოქმედებითად მოაზროვნე, პრაქტიკაზე ორიენტირებული სტუდენტები, რადგან მე მათში ვხედავ მომავალს, რომლებსაც ქართული არქიტექტურის სამეტყველო ენის გამდიდრება შეუძლიათ. ჩემი მიზანია, ახალგაზრდას დავეხმარო გახდეს განათლებული არქიტექტორი, ამ პროცესში კი მეც ბევრს ვსწავლობ ჩემი სტუდენტებისგან.
რას იტყოდით ქართული განათლების სისტემის და სტუდენტების პრობლემების შესახებ?
განათლების სისტემაში, უპირველესად, გამოვყოფდი პრაქტიკის კომპონენტის სიმცირეს, სტუდენტებისთვის რეალურ პროექტებზე მუშაობის გააქტიურებას, მეტ პრაქტიკოს არქიტექტორთან ურთიერთობას, მათ ჩართულობას სასწავლო პროცესში და კიდევ უამრავ საკითხს, რომლებზეც ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ.
რაც შეეხება სტუდენტებს, რასაც მე ვხედავ, მათთვის ყველაზე დიდი პრობლემაა სწავლის პარალელურად მუშაობა, რაც ხშირად სასწავლო პროცესისთვის ხელის შემშლელი ფაქტორია. მათ დრო აღარ რჩებათ სწავლისათვის და ეს ძალიან სამწუხაროა, შესაბამისად, შედეგიც არადამაკმაყოფილებელია და ასეთი შემთხვევები არც თუ ისე იშვიათია.
თქვენი სტუდენტების ნამუშევრებს ხომ ვერ გამოარჩევდით?
ჩემი სტუდენტების ნამუშევრებიდან, ალბათ, გამოვარჩევდი: ლაშა ბარბლიშვილის პროექტს — „მედიათეკა“ აბასთუმანში; ბექა ხუციშვილის – „ღვინის სამყაროს“ კახეთში, თამარ ქსოვრელის „ღვინის სამყაროს“ რაჭაში, ანი შტააძის ფოთის პორტის რეაბილიტაციას, ანა ნაცვლიშვილის „ინოვაციების ცენტრს“ ოქროყანაში, მარიამ ღვინეფაძის „ხელოვნების ცენტრს“ ძველ თბილისში, ეს მცირე ჩამონათვალია საინტერესო პროექტებისა. ამავე დროს, მინდა აღვნიშნო საკონკურსო პროექტი ე. წ. ქაღალდის არქიტექტურა თემაზე: „არქიტექტურა დისტანციური ურთიერთობებისთვის“. პროექტის იდეა კოვიდ-პანდემიის დროს გაჩნდა, ზუსტად მაშინ, როდესაც კამპანია „დარჩი სახლში“ გამოცხადდა, ეს იყო ურთულესი პერიოდი სწავლისთვის. სწორედ ამ დროს გავაკეთეთ დისტანციურად კონკურსი. სტუდენტებმა აიტაცეს ეს იდეა და კონკურსის ფარგლებში უამრავი საინტერესო პროექტი შექმნეს, რომლებიც ოდესმე შეიძლება განხორციელდეს კიდეც. გამოვავლინეთ გამარჯვებულებიც. ეს პროექტი იყო ერთგვარი დახმარება პედაგოგებისა და სტუდენტებისთვის, რათა თავი მარტო არ ეგრძნოთ.
გვესაუბრეთ იმ არქიტექტორებსა და შემოქმედებით ობიექტებზე, რომლებმაც თქვენს პროფესიულ აზროვნებაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა
დროთა განმავლობაში ადამიანების შეხედულებები, გემოვნება, ხედვები იცლება. ასეა ჩემს შემთხვევაშიც. სტუდენტობიდან მოყოლებული ბევრი არქიტექტორია, რომელთა შემოქმედებამ დიდი გავლენა მოახდინა ჩემს ხედვაზე, შემოქმედებითი აზროვნების ჩამოყალიბებაზე. რაც, თავისთავად ცხადია, პირდაპირ აისახა პედაგოგიურ მოღვაწეობაზეც.
ეს ფაქტორი, ყველაზე მეტად, გავლენას ახდენს ჩემი სალექციო კურსის თემატიკებზეც. ამ მიზეზით, ყოველ წელს სალექციო კურსი მუდმივად განახლებული და განსხვავებულია წინა წლებთან შედარებით. რაც შეეხება მსოფლხედვას, უფრო კონტექსტუალისტი ვარ. მიყვარს კონცეპტუალური არქიტექტურა. ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ადგილს, მის შეგრძნებას, ადგილის ისტორიის შექმნას, რაც შემდეგ არქიტექტურაში ტრანსფორმირდება. ამ თვალსაზრისით, ჩემთან ყველაზე ახლოს არქიტექტორ — პიტერ ცუმტორის შემოქმედებაა. ასევე, აღსანიშნავია პორტუგალიური თანამედროვე არქიტექტურა, რომლის ნახვის შესაძლებლობაც პირადად მომეცა. დიდი შთაბეჭდილება მოახდინა არქიტექტორ ედუარდო სოტო მოროს ერთმა ობიექტმა: “პაულო რეგოს ისტორიის მუზეუმი” საკურორტო ქალაქ ქაშქაიში. გარდა საინტერესო ფერადოვანი არქიტექტურული ფორმისა, რომელიც ძალიან ჰგავს წაკვეთილ პირამიდებს, ობიექტი გამოირჩევა გარემოსთან და პორტუგალიურ ტრადიციულ არქიტექტურასთან საინტერესო სინთეზით.
ამასთანავე, მინდა აღვნიშნო ახალგაზრდა პორტუგალიელი არქიტექტორი თავისი მინიმალისტური თეთრი არქიტექტურით, საოცარი ადგილის, ისტორიისა და ტრადიციის შეგრძნებით, როგორიცაა აირიშ მათეუში (არქიტეტორი, მინიმალისტი, რომლის სამეტყველო ენა ზუსტი სუფთა ფორმაა). მისი ერთ-ერთი გამორჩეული ობიექტია — „სანტა მარიას შუქურას მუზეუმი“ ქ. ქაშქაიში, ნაგებობა მე-17 საუკუნის ციხესიმაგრის ნანგრევებშია „ჩაშენებული“, 1868 წელს კი მასში შუქურა აღმართეს. 2007 წელს არქიტექტორმა აირიშ მათეუშმა შექმნა ადგილის გარდასახვის პროექტი, რომელშიც გადმოცემულია ძველის და ახლის ურთიერთობის ხედვა: ჰარმონია, მეხსიერება და პოეტურობა. ეს ტრიადა გამოხატულია სადა, სუფთა, გეომეტრიულად დინამიკურ ფორმებში. ხუთი მოცულობის არქიტექტურა, რომელიც მუზეუმს წარმოადგენს, ციხის გალავნის ფორმას იმეორებს, რაც ცხადად იკითხება კომპლექსის გეგმაში და შემდგომ სივრცეში ტრანსფორმირდება. ასეთი მიდგომით ქვეცნობიერად აღდგა ორიგინალური გალავნის ფორმა და მოხდა მისი რეაბილიტაცია. სამუზეუმო კომპლექსის აგების იდეა მიკროსამყაროს შექმნაა, რომელშიც ისტორია, ტრადიცია და დღევანდელობა ჰარმონიულად ენაცვლება ერთმანეთს.
მინდა აღვნიშნო, არქიტექტორ João Luís Carrilho da Graça-ს საკრუიზო ტერმინალი ლისაბონში, სადაც ნაგებობა კავშირს ქმნის ქალაქსა და მდინარეს შორის. ამავე დროს, ის წარმოადგენს გიგანტურ პანორამულ მოედანს, საიდანაც ხედები ქალაქზე და მდინარეზე იშლება. ამ იდეას პასუხობს ტერმინალის არქიტექტურა. თეთრი, სწორი ხაზებით დასერილი შენობის მარტივი, თუმცა დინამიკური ფორმა ჰარმონიულად უკავშირდება მდინარის პეიზაჟს.
აღსანიშნავია, არქიტექტორი ჩარლზ კორეა და მის მიერ დაპროექტებული „ჩამპალიმაუდის ცენტრი უცნობისთვის“(Champalimaud Centre for the Unknown“) ლისაბონში. სკულპტურული, ემოციური, დინამიკური, სიმბოლური არქიტექტურა. ნაგებობაში უჩვეულოდ გაერთიანებულია მსოფლიოს თანამედროვე ტენდენციები, სიახლეები და ტრადიციული ფორმალური, ტექნიკური ხერხები. თეთრი, უზარმაზარი ოვალური ღიობებით, შიდა და გარე სივრცეებს შორის საზღვრების არ არსებობის შთაბეჭდილება იქმნება. ეს არქიტექტურა არ გამოირჩევა რთული ფორმებით, იგი უფრო მიმართულია სივრცეების ფორმირებაზე. ე.წ. „გახსნილი ცა“ და „უსასრულო წყალი“ ის ძირითადი ელემენტებია, რომელთა გარშემოც გათამაშებულია არქიტექტურული სცენარი. მას თამამად შეიძლება ვუწოდოთ „სივრცით ფორმირებული არქიტექტურა“. ავტორის თქმით: „ცენტრი აიგო ადამიანებისთვის და ადამიანებზე ფიქრით. არქიტექტურა, როგორც ქანდაკება, არქიტექტურა, როგორც სილამაზე. სილამაზე, როგორც თერაპია.“
როგორ შეაფასებდით ქართულ არქიტექტურას, რა გამოწვევების წინაშე დგას ის დღეს?
თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დღევანდელი ქართული არქიტექტურა საკმაოდ საინტერესოა არქიტექტურული ფორმად-წარმოქმნის თვალსაზრისით და მისი გლობალურ კონტექსტში განხილვა თავისუფლადაა შესაძლებელი. მასზე მსჯელობას დავიწყებ გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან, ე.წ. გვიანდელი მოდერნიზმიდან. აღნიშნული პერიოდის არქიტექტურა ხასიათდება მრავალფეროვნებით, როგორც მხატვრულ-ესთეტიკური თვალსაზრისით, ისე ახალი არქიტექტურული ფორმის ძიებით, ქალაქგეგმარებითი გადაწყვეტებით. ამ დროს აიგო არაერთი საინტერესო საზოგადოებრივი თუ საცხოვრებელი შენობა-ნაგებობა, კომპლექსი. არქიტექტურული ტენდენციები ყველაზე მძლავრად საზოგადოებრივი შენობების არქიტექტურაში გამოვლინდა. გვიანდელი მოდერნიზმისთვის დამახასიათებელია შემოქმედებითი თავისუფლება არქიტექტურული ფორმის ძიებაში, გარემოსა და არქიტექტურის ერთ მთლიანობად გააზრებაში, ხელოვნებათა სინთეზსა და ეროვნული თავისებურების გამოვლენაში. ესაა ის მემკვიდრეობა, რომელიც საბჭოთა კავშირში აღმოცენდა და სრულიად განსხვავდება იმ პერიოდში გაბატონებული ტიპობრიობისგან, მას შეიძლება ვუწოდოთ „ახალ ენაზე ამეტყველებული ქართული არქიტექტურა“. მაგალითისთვის მინდა გამოვყო ყოფილი საავტომობილო გზების სამინისტრო, ახლანდელი საქართველოს ბანკის შენობა (1974 წ.), რომელიც არქიტექტორმა გიორგი ჩახავამ, ზურაბ ჯალაღანიასთან ერთად დააპროექტა. ნაგებობა, რომლის აღქმის სიმძაფრეს ვერ ანალებს დრო. თითქოს ყველაფერი ნათელი და ცხადია — ფორმათა დინამიკა სივრცეში, სტრუქტურა, კონსტრუქცია, ძლიერი დიალოგი ადგილთან, შეთანხმება გარემოსთან. არქიტექტურა, რომლის აღწერა უსასრულო ინტერპრეტაციებისკენ გვიბიძგებს, ერთ კადრს მიჰყვება მეორე, მესამე, მეათე, მეოცე და ა. შ. ავტორის მიდგომა რაციონალური და ლოგიკურია. მისი ანალოგი არ მოიძებნება.
ქართული არქიტექტურის ისტორიაში გამორჩეული ადგილი უჭირავს შოთა ყავლაშვილისა და შოთა გვანცელაძის მიერ დაპროექტებულ და აშენებულ ობიექტებს. ამ თვალსაზრისით ცალკე განხილვის ღირსია არქეოლოგიური მუზეუმი დიღომში (1979 წელს დაპროექტდა და 1988 წელს აიგო). ნაგებობის მნიშვნელობა იმდენად დიდია, რომ მის მიმართ დაინტერესება დღემდე არ ნელდება. ახალგაზრდა თაობისთვის იგი არაერთი სტუდენტური კვლევის მიზეზი გამხდარა, განხორციელდა რამდენიმე პროექტი უცხოელ პროფესიონალებთან ერთად, მილანის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში შეიქმნა სამაგისტრო ნამუშევარი. მისი მთავარი ღირსება ადგილმდებარეობაა — იგი ქალაქის შესასვლელში მდებარეობს, „თრელა-გორას“ წვერზე და გარემოზე დომინირებს. ამასთანავე, გარეგნული თვალსაზრისით, ჩართულია დიღმის განივი ღერძის სივრცულ ანსამბლში. ინდუსტრიული სტრუქტურის ტრანსფორმაციით, ნაგებობის არქიტექტურულ სახეს ქმნის ჰორიზონტალურად ერთი მეორეს მიყოლებით განლაგებული სამი წრიული ფორმის მოცულობა, რომელიც, თავის მხრივ, აღმოცენდა ადრე არსებულ, უფუნქციოდ დარჩენილი ცილინდრული ფორმის წყლის რეზერვუარზე. ხოლო მთავარი შესასვლელის თავზე, კონსოლურად მძლავრად წინ გამოწეული კონსტრუქცია მოქანდაკე თენგიზ კიკალიშვილის მიერ შექმნილი ელეგანტური ბარელიეფით არის მორთული.
XX საუკუნის 1980-იანი წლები კიდევ უფრო საინტერესო აღმოჩნდა ქართული არქიტექტურისთვის. შემოქმედებითი თავისუფლება და უნიკალური მონუმენტური საზოგადოებრივი შენობები თბილისის სივრცულ სტრუქტურაში დღესაც დომინირებს. მათ აერთიანებთ არქიტექტურული ფორმის მრავალგვარობა და კონცეპტუალური დამოკიდებულება ადგილის მიმართ, თუმცა დღეს მათი აღქმა შეცვლილია, ან ახლად წარმოქმნილ განაშენიანებაში დაჩრდილული და დაკარგულია.
XXI საუკუნის პირველ ათწლეულშივე, არქიტექტორთა შემოქმედებაში ნათლად გამოვლინდა მიმდინარე პროცესები, პრიორიტეტები და მხატვრულ-ესთეტიკური ტენდენციები, რომლებიც, ამავდროულად, თანამედროვე საზოგადოების მოთხოვნებს და სახელმწიფო იდეოლოგიას პასუხობდა. მიმდინარე პროცესები რამდენიმე ასპექტად შეგვიძლია დავყოთ: 1. ჰუმანური გარემოს ჩამოყალიბება, როგორც ქალაქი ყველასათვის; 2. თანამედროვე შენობა ისტორიულად ჩამოყალიბებულ გარემოში — ქალაქის ისტორიული გარემო არ არის მუზეუმი, არამედ მოძრავი, ცოცხალი ორგანიზმია და მასში შეგვიძლია ჟამთა ცვალებადობა, გემოვნება, სილამაზე, არქიტექტურული ფორმების გარდასახვა ამოვიკითხოთ; 3. ახალი მაღლივი შენობები ქალაქის სივრცულ სტრუქტურაში — „ახალი სილუეტი და მასშტაბი“; 4. XIX – XX საუკუნეებში აშენებული შენობა-ნაგებობების გააზრება XXI საუკუნის ქალაქის სივრცეში — გარდაქმნები და განახლება, მათი როლი და ადგილის განსაზღვრა თანამედროვე საზოგადოების ცხოვრებაში; 5. ურბანული მემკვიდრეობის გაჯანსაღება, რესტავრაცია-კონსერვაცია და დიალოგი თანამედროვეობასთან; 6. ახალი საზოგადოებრივი სივრცეები — არა მარტო ლანდშაფტური პარკები და სკვერები, არამედ ახალი ტიპის საზოგადოებრივი შენობა; 7. მწვანე კედლიდან მწვანე არქიტექტურამდე; 8. ურბანული მხატვრობა, როგორც ძველის, უსახურის დამალვის ხერხი; 9. რეგიონების განახლება ცხოვრების პირობების გასაუმჯობესებლად; 10. ტურისტული ინფრასტრუქტურის არქიტექტურული განვითარება და ახალი ხედვები — თითოეული ასპექტი კონკრეტულ, ადეკვატურ პასუხს მოითხოვს არქიტექტორებისგან. როგორია ამ პერიოდის არქიტექტურა? სად არის სიახლე? ყოველივე ზემოთქმული გლობალურად ახასიათებს ახალ ეპოქას.
ამავდროულად, სცენაზე გამოდიან სხვადასხვა თაობის ინდივიდუალური ხედვის არქიტექტორები თუ არქიტექტურული დაჯგუფებები: სტუდიები, სახელოსნოები, ბიუროები. ქმნიან ახალ სივრცულ სტრუქტურებს, ავითარებენ ნოვატორულ იდეებს, კონცეპტუალურ გადაწყვეტებს, ახალ მასშტაბებს, განიხილავენ თვითმყოფადი ნაციონალურისა და რეგიონული კულტურის გავლენებს არქიტექტურულ ფორმა-წარმოქმნაზე. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე არქიტექტურა ბაზრის ინსტრუმენტი გახდა და კომერციული ხასიათი მიიღო, აიგო არაერთი საინტერესო საზოგადოებრივი თუ საცხოვრებელი სახლი, განახლდა ქალაქები: თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, თელავი, სიღნაღი, მცხეთის ისტორიული ცენტრები და უბნები, შეიქმნა ქ. თბილისის სივრცითი მოწყობის გენგეგმა, განვითარდა რეგიონებში ტურისტული ინფრასტრუქტურა… მიუხედავად დადებითი გადაწყვეტებისა, შეინიშნება სხვა კულტურების გავლენები, მსგავსებები თუ გამეორებები. თუმცა, ვფიქრობ, ეს პრობლემა გლობალურად ახასიათებს ნებისმიერი ქვეყნის არქიტექტურას.
დღევანდელი არქიტექტურული სივრცე ძიების მრავალფეროვანი ასპექტებით გამოირჩევა, გადაწყვეტები კი დროის ადეკვატურია — ზრუნვა ქალაქის განვითარებაზე, ურბანული გარემოს გაჯანსაღებაზე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და რესტავრაციაზე. ასევე, ის მიდრეკილია ახალი არქიტექტურული ფორმის ძიებისა და საზოგადოებრივი თუ საცხოვრებელი სახლების ტიპოლოგიის განვითარებისკენ, რომელიც რეგიონალიზმის მნიშვნელობის წინ წამოწევას ისახავს მიზნად.
მაგრამ, ამავე დროს, ქართული არქიტექტურული სფეროსთვის უმთავრეს პრობლემად მესახება ურბანული მემკვიდრეობის დაცვა-განვითარების საკითხი, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით მუშაობას მოიცავს. ეს პროცესი დაწყებულია, მაგრამ უმთავრესია თეორიული და საკანონმდებლო ბაზის შექმნა/დახვეწა, პროგრამის შემუშავება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ, დაგროვილი გამოცდილების ანალიზი. ურბანული სივრცის გაჯანსაღება ერთ-ერთ აქტუალურ პრობლემად მიმაჩნია, განსაკუთრებით კოვიდ პანდემიის შემდეგ. ადამიანები ქალაქისგან ითხოვენ „ჯანმრთელ არქიტექტურას“, რომლის მთავარი არსი არა მარტო ადამიანების ფიზიკურ ჯანმრთელობაზე, არამედ მენტალურ მდგომარეობაზე ზრუნვაცაა.
ასევე, მნიშვნელოვან გამოწვევად მიმაჩნია ცათამბჯენების თემა ურბანულ სივრცეში. ვერ ვხვდები რატომ უნდა ავაშენოთ ცათამბჯენები ქალაქის ცენტრში, უნიკალურ გარემოში. ლანდშაფტი ისეთი მემკვიდრეობაა, რომელსაც დაცვა და მოფრთხილება სჭირდება. მაგალითად, დღემდე უზარმაზარი ქვაბულია ამოთხრილი სანაპიროზე, რასაც ლანდშაფტური არქიტექტურის ნიმუში — რესტორანი „არაგვი“, და არაერთი ღირებული ნაგებობა შეეწირა. მგონია, რომ გარკვეული დადგენილებები, მაგალითად N41, სერიოზულ პრობლემებს აჩენს საცხოვრისის მშენებლობაში. ვფიქრობ, რომ ზოგადად საკანონმდებლო ბაზაა გადასახედი. აღნიშნული ხარვეზები კი კარგად ჩანს საგანმანათლებლო სივრცეშიც.
როგორ ფიქრობთ, რა არის არქიტექტურაში ის დეტალი, რომლისთვისაც სირთულეების დაძლევა ღირს?
ყველა არქიტექტორის ოცნებაა რაღაც განსაკუთრებული ობიექტი შექმნას, ამ ოცნების რეალობად ქცევა კი იმდენად ღირებულია, რომ ყველა სირთულის გადალახვა ნამდვილად ღირს. თუმცა მაინც, ყველაზე მთავარია, დაიმსახურო მადლიერება იმ ადამიანებისგან, ვისთვისაც აშენებ. ადამიანებზე ზრუნვა ის დეტალია, რომლისთვისაც არქიტექტორი სირთულეებს არ უნდა შეუშინდეს.
დაბოლოს, გვიამბეთ თქვენს სამომავლო გეგმებზე
ამ ბოლო დროს, ურბანული მემკვიდრეობის დაცვის თემაზე ვმუშაობ, მის შენარჩუნებასა და განვითარებაზე. ამ მიმართულებით აქტიურად ვარ დაკავებული მაგისტრანტებთან. კონცეპტუალურ პროექტებს ვქმნით და ახალ ალტერნატიულ გზებს ვეძებთ. სამომავლოდ ჩემთვის ყველაზე მთავარია, რომ როგორმე დავასრულო მონოგრაფია და მაგისტრანტებისთვის განკუთვნილი სახელმძღვანელო.