დღევანდელ სტატიაში ახლოდან გაგაცნობთ არქიტექტორ-დიზაინერ რუსუდან ლაშხის შემოქმედებას, მის განვლილ გზას და მოსაზრებებს თანამედროვე ქართულ არქიტექტურაზე. ინტერვიუში რუსუდანი იხსენებს ბავშვობის წლებს და პირველ შეხებას არქიტექტურასთან. გვიყვება იმ მნიშვნელოვან კარიერულ და ცხოვრებისეულ ეტაპზე, რომელმაც მისი შემდგომი განვითარება განსაზღვრა. ასევე, არქიტექტორი გვიზიარებს იმ ზოგად პრინციპებსა და მიდგომებს, რომლებსაც დაპროექტების პროცესში ითვალისწინებს და მუშაობის ფილოსოფიაზე გვესაუბრება.
რუსუდან, გაიხსენეთ, პირველად როდის დაინტერესდით არქიტექტურით და რატომ შეარჩიეთ ეს პროფესია?
არქიტექტურით დაინტერესება ალბათ ბავშვობის პერიოდს უკავშირდება. მე 90-იანი წლების ბავშვი ვარ, არეულ დროს მომიწია ცხოვრება, როცა ინფორმაციის ნაკლებობა იყო და ძირითადად, არ ვიცოდით, რა ხდებოდა დანარჩენ მსოფლიოში. მახსოვს, თბილისში უმეტესად შენობები ორ ტიპად იყოფოდა: ძველი მაღალჭერიანი სივრცეები ანტიკვარული ავეჯითა და ვინტაჟური ნივთებით და შედარებით თანამედროვე, კომუნისტების დროინდელი ბინები იმ პერიოდისთვის დამახასიათებელი სტილის ავეჯით, რაც დიდად არ მხიბლავდა. ამიტომ სახლებს განსაკუთრებით ვაკვირდებოდი, ვფიქრობდი მათ გეგმარებაზე და გონებაში ვაწყობდი ჩემი გემოვნების შესაბამისად. შემდეგ სახლში დაბრუნებული დას ვუზიარებდი იდეებს, რომელსაც სულაც არ აინტერესებდა ეს თემები, თუმცა სწორედ ჩემმა დამ დამაფიქრა არქიტექტურაზე და მირჩია, ამ პროფესიას გავყოლოდი. ასე გადავწყვიტე, რომ არქიტექტორი გავმხდარიყავი.
როგორ წარიმართა შემდეგ თქვენი კარიერული გზა?
მეათე კლასიდან ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტის კოლეჯში გადავედი, სადაც დავრწმუნდი ჩემი არჩევანის სისწორეში. კოლეჯში უფრო მეტად გამიღრმავდა ინტერესი არქიტექტურისადმი და საბოლოოდ, საგანმანათლებლო გზა ამ მიმართულებით ტექნიკურ უნივერსიტეტში გავაგრძელე.
სწავლის დასრულების შემდეგ, ჩემს ცხოვრებაში ახალი, საინტერესო ეტაპი დაიწყო, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ საუკეთესო წლებთან ასოცირდება. პრაქტიკული გამოცდილების მისაღებად მუშაობა დავიწყე სამშენებლო კომპანია „აქსისში”, სადაც 9 წელი დავყავი და უაღრესად მნიშვნელოვანი გამოცდილება შევიძინე, რომელიც კარიერულ წინსვლაში დამეხმარა. ასევე შევიძინე მეგობრები და გავიცანი ბევრი საინტერესო ადამიანი.
ვისაუბროთ შემოქმედებით პროცესსა და თქვენი მუშაობის პრინციპზე
როდესაც პროექტირებას ვიწყებ, პირველ რიგში, ვითვალისწინებ ადგილმდებარეობას. სწორედ ეს მაძლევს მიმართულებას, რა გზით უნდა ვიმუშაო და წავიყვანო პროექტი. შემდეგ დაპროექტებისას განვიხილავ დამკვეთის მოთხოვნებს და ბიუჯეტის შესაბამისად ვიწყებ ობიექტზე მუშაობას.
შემოქმედებით პროცესში ჩარჩოები არ მიყვარს, ამიტომ ჩემი ყველა ნამუშევარი ერთმანეთისგან განსხვავდება. არქიტექტურაში ვცდილობ, თანამედროვე ხაზს არ ავცდე, ხოლო ინტერიერის დიზაინში სხვადასხვა მიმდინარეობასა და სტილს ვერგები, გააჩნია დამკვეთის მოთხოვნებს. ზოგადად, ნამუშევრების გამორჩევა არ მიყვარს, გამორჩეულ ყურადღებას ყოველთვის იმ პროექტზე ვამახვილებ, რომელზეც კონკრეტულ მომენტში ვმუშაობ. თუმცა ალბათ მაინც ჩემს სახლს გამოვყოფდი, რადგან განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს მის მიმართ.
რას ფიქრობთ თანამედროვე არქიტექტურაზე, თქვენი აზრით, რამდენად შეიცვალა მისდამი დამოკიდებულება?
არქიტექტურა საკმაოდ კომპლექსური სფეროა. იმისათვის, რომ გახდე პროფესიონალი, მხოლოდ ტექნიკური ცოდნა არ კმარა, საჭიროა დიდი გამოცდილება. დღევანდელ დღეს არქიტექტურა და მისდამი დამოკიდებულება, ვფიქრობ, შეიცვალა, რაც ინფორმაციის ზრდით, ახალი ტექნოლოგიებისა და მასალების შექმნით არის განპირობებული. ერთი მხრივ, ახალი ტექნოლოგიები აადვილებს კონკრეტული იდეის განხორციელებას, მეორე მხრივ კი გაცილებით მეტ ცოდნას მოითხოვს. ვფიქრობ, პროფესიონალ არქიტექტორებზეც გაიზარდა მოთხოვნა, რადგან საზოგადოება მიხვდა, რომ უმჯობესია კვალიფიციური კადრის დაქირავება ობიექტის სწორად დასაპროექტებლად, ვიდრე უხარისხო და არამდგრადი შენობის აგება, რომელიც მომავალში პრობლემებს გამოიწვევს.
საინტერესოა, როგორ დაახასიათებდით ქართულ არქიტექტურულ და დიზაინ პროექტებს?
ქართველები ზოგადად ძალიან ნიჭიერი ხალხი ვართ. ვფიქრობ, დღესდღეობით ბევრი კვალიფიციური, მაღალი დონის პროფესიონალი არქიტექტორი გვყავს, რომელთა მიერ დაპროექტებული შენობები მართლაც შესანიშნავია. მაგალითად, ახლა მახსენდება „აქსის თაუერსის” და ბათუმის მაკდონალდსის პროექტები, რომლებიც ძალიან მომწონს. იმავეს თქმა შემიძლია ინტერიერის დიზაინზე, ძალიან სწორად და სწრაფად ვითარდება ეს სფერო ჩვენთან, მოთხოვნაც საკმაოდ გაზრდილია ბაზარზე ამ მიმართულებით. ძალიან მიხარია, რომ თუნდაც თქვენს გვერდზე მაღალი დონის პროექტებს ხშირად ვხვდები.
როგორ ფიქრობთ, რა პრობლემები იჩენს თავს ქართულ თანამედროვე არქიტექტურაში და როგორ გესახებათ მათი გადაჭრის გზა?
ვფიქრობ, ბევრი პრობლემაა ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით სავალალო მდგომარეობაა თბილისსა და ბათუმში, სადაც მშენებლობის მხრივ უამრავი შეცდომაა დაშვებული, რაც სამწუხაროდ, ვეღარ გამოსწორდება. ცხადია, ქალაქი უნდა ვითარდებოდეს და ახალი არქიტექტურა იგებოდეს – ეს აუცილებელია, მაგრამ არა ასე ქაოსურად და არასწორად, როგორც დღეს ხდება. ვფიქრობ, ერთადერთი გამოსავალი ის არის, რომ მეტი ყურადღება მიექცეს მშენებლობას და განსაკუთრებული სიფრთხილით გაიცეს სამშენებლო ნებართვები.
დაბოლოს, გვიამბეთ თქვენს მიმდინარე და სამომავლო გეგმებზე
ამჟამად ვაკეთებ რამდენიმე კერძო სახლს ქალაქის შემოგარენში და ასევე რამდენიმე ბინას თბილისის სხვადასხვა უბანში. ჩემთვის ყოველი ახალი პროექტი ახალი გამოწვევაა და ვიმედოვნებ, ბევრი საინტერესო დაკვეთა მელის წინ.