in

წარმოსახვითი თამაშებიდან ინტერიერის დიზაინერობამდე – ინტერვიუ თათა ბრეგვაძესთან

თათა ბრეგვაძე ინტერიერის დიზაინერია, რომელიც ქართულ თანამედროვე დიზაინში დახვეწილ და გამორჩეულ ნამუშევრებს ქმნის. საკუთარი პროფესიით დაინტერესება თათამ ბავშვობის ასაკიდანვე დაიწყო, როდესაც ჯერ კიდევ არ ჰქონდა შესაბამისი ცოდნა და ინფორმაცია ინტერიერის დიზაინის შესახებ, თუმცა იდეებს საკუთარ გონებაში ინახავდა და მათ ვიზუალიზაციაზე ბევრს ფიქრობდა.

თათას სტილი გამორჩეულია დახვეწილი ფერებით, სიმყუდროვითა და აქცენტებით, რომლებსაც ის კომფორტსა და ფუნქციურობაზე აკეთებს. დიზაინერი საქმეს დიდი სიყვარულითა და პასუხისმგებლობით უდგება, რაც მის მიერ შესრულებულ პროექტებში კარგად გამოიხატება.

თათა, მოგვიყევით როგორ მოხვდით თქვენს სფეროში, რატომ გადაწყვიტეთ ამ პროფესიის დაუფლება, რა გზა გაიარეთ დასაწყისიდან დღემდე?

ახლა რომ ვფიქრობ, ყველაფერი ბავშვობის პერიოდიდან დაიწყო, მაშინ, როდესაც წარმოსახვა განსაკუთრებით აქტიურია და გიჩნდება წარმოსახვითი თამაშები… სწორედ ასე გახდა ჩემი ერთ-ერთი საყვარელი წარმოსახვითი თამაში გარემოს მოწყობა, იქნებოდა ეს ჩემი სახლი თუ ნათესავის, ან შეიძლება უბრალოდ სტუმრად ვყოფილიყავი და წარმომედგინა, როგორ განვალაგებდი ავეჯს, რას დავუმატებდი, როგორ შევცვლიდი ფერებს და ასე შემდეგ… ამ დროს სიტყვა “ინტერიერი” რას ნიშნავდა არ ვიცოდი, ყველაფერი ჩემს გონებაში ხდებოდა და ძალიან მომწონდა.

როგორ დაიწყეთ ამ პროფესიის დაუფლება? სად და როდის შეისწავლეთ ის?

სკოლის დამთავრების შემდეგ თბილისის სამხატვრო აკადემიაში ჩავაბარე და დიზაინის ფაკულტეტზე ვსწავლობდი. ამან დიდი როლი შეასრულა იმაში რომ დღეს მე ამ საქმეს ვაკეთებ.  თუ არ ვცდები, სწორად იმ პერიოდში დაამატეს პირველად 3D პროგრამის შესწავლა სადაც პირველად მომიწია პროგრამის პირისპირ დაჯდომა, რომელიც თავის მხრივ უამრავ შესაძლებლობას გიხსნიდა შენი ფანტაზიის მინიმუმ ეკრანზე გადატანისთვის  აკადემიის შემდეგ იყო გარკვეული პაუზა, თუმცა ბავშვობის დროინდელი გატაცება კვლავ მიზიდავდა, რა დროსაც აღმოვაჩინე 3D პროგრამების მენტორი, რომლის დახმარებით შევძელი რომ წარმოსახვები რეალობად მექცია.

ჩემი პროფესიის უფრო სიღრმისეული შესწავლა მოგვიანებით მოვახერხე, გიორგი გონდაურის მენტორობით, რომელმაც საფუძვლიან ცოდნასთან ერთად დიდი მოტივაციაც გამიჩინა. ამ დროს უკვე შემეძლო ჩემი იდეების გაცოცხლება და ვიზუალურად გამოხატვა. ძალიან კარგი გამოცდილება მივიღე design by peppilot კურსზეც, თუმცა ეს პროფესია რაიმე კონკრეტულ ცოდნაზე გაჩერებას არ გულისმხობს ის მუდმივად განვითარებადია შესაბამისად სწავლაც მისი მუდმივი პარალელური პროცესია

გვიამბეთ თქვენი პროფესიის შესახებ, რას გულისხმობს ინტერიერის დიზაინერის საქმიანობა?

ინტერიერის დიზაინი ხელოვნების სფეროს ერთ-ერთი მიმდინარეობაა, რომელიც გულისხმობს კომფორტისა და ესთეტიკური გარემოს შექმნას ადამიანისთვის სახლში, სამუშაო სივრცეში თუ დასასვენებელ ზონაში, რაც საერთო ჯამში, ვიზუალსა და პრაქტიკულობაში გამოიხატება.

პროფესია უდიდეს პასუხისმგებლობას გულისხმობს, რადგან შენ უნდა დაეხმარო ადამიანს, შექმნას საცხოვრებელი, სადაც შეძლებს დასვენებასა და სიმყუდროვის პოვნას, რაც საკმაოდ შრომატევადი პროცესია.

შეგიძლიათ გაიხსენოთ პირველი შესრულებული ნამუშევარი? 

პირველი სამუშაო გამოცდილებიდან მახსოვს მხოლოდ ის, რომ ეს იყო გაორებული ღელვა, რომელიც ერწყმოდა პასუხისმგებლობასა და სიამოვნებას. მიუხედავად იმისა, რომ ღელვა გაცილებით მეტი იყო, საბედნიეროდ, ყველაფერი სასიამოვნოდ დამთავრდა.

როგორია თქვენი, როგორც ინტერიერის დიზაინერის, ერთი სამუშაო დღე?

გამომდინარე იქიდან, რომ ამ მომენტში დამოუკიდებლად ვმუშაობ და არ მაქვს რაიმე სახის გრაფიკი, ჩემს სამუშაოს მიაქვს მთლიანი დღე და ხშირად ღამის დიდი ნაწილიც… შეიძლება ითქვას, რომ ჩემთვის მთელი დღე სამუშაო პროცესია.

ამ პროცესში იგულისხმება დამკვეთებთან ურთიერთობა, მასალის შერჩევა, პროექტის ადგილზე ნახვა და დღის მეორე ნახევრიდან უკვე ვიზუალიზაციის პროცესები კომპიუტერული პროგრამების დახმარებით.

როგორია თქვენი როლი ინტერიერის დიზაინის შექმნაში? როგორია თქვენი ურთიერთობა დამკვეთთან?

ჩემი როლი, უპირველესად, განისაზღვრება იმით, თუ როგორ მივიღებ საჭირო ინფორმაციას დამკვეთისგან. მე, როგორც დიზაინერმა, დეტალურად უნდა გავაცოცხლო კონტური, რომელიც მის გონებაშია მიმოფანტული ფერის, ფორმის თუ ხასიათის კუთხით. იმის მიხედვით, თუ როგორ მოხდება ჩემი და მისი აზრების თანხვედრა, განისაზღვრება პროექტის წარმატებაც. სწორედ ამიტომ, ჩემს საქმიანობას ემატება მოლაპარაკების ხელოვნებაც.

გაქვთ რომელიმე საყვარელი პროექტი, რომელზე მუშაობის პროცესიც განსაკუთრებულად დაგამახსოვრდათ?

განსაკუთრებულია ყველა პროექტი, როდესაც მაქსიმალურად ხდება ჩემი და დამკვეთის აზრების თანხვედრა და მუშაობის მსვლელობაშივე ვხედავ კმაყოფილი ადამიანის რეაქციას. ეს პროცესი არის ერთგვარი აპლოდისმენტები და მსგავსი მომენტები განსაკუთრებულად გმუხტავს მოტივაციით როგორც კონკრეტულ სიტუაციაში, ასევე ზოგადად, პროფესიული კუთხითაც.

რა ძირითად გამოწვევებსა და სირთულეებს აწყდებით მუშაობის პროცესში? რა არის ინტერიერის დიზაინერის მთავარი გამოწვევა?

სირთულეები და გამოწვევები მრავალგვარია. ინტერიერის დიზაინის მრავალწახნაგოვნებიდან გამომდინარე, იცვლება როგორც ტექნიკური, ასევე ადამიანური კომუნიკაციის მხარეები. ფაქტია, რომ ეს პროფესია დღითიდღე უფრო და უფრო მოთხოვნადი ხდება, რაც გულისხმობს კონკურენციის ზრდას.

ამას გარდა, ისიც ფაქტია, რომ ხელოვნური ინტელექტი გავლენას იქონიებს ჩემს პროფესიაზე და მასთან დაახლოება, ვფიქრობ, აუცილებელი გახდება. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხელოვნური ინტელექტი სრულად ჩაანაცვლებს დიზაინერს, უბრალოდ ხელოვნურ ინტელექტთან მუშაობა დიდ დროს დაუზოგავს როგორც დიზაინერს, ასევე დამკვეთსაც.

ვინაიდან ინტერიერის დიზაინი საკმაოდ სწრაფად ვითარდება და იზრდება მოთხოვნაც, როგორ უწყობთ ფეხს თანამედროვე ტენდენციებს? რომელ თანამედროვე პროგრამებს იყენებთ მუშაობის პროცესში?

დღეისათვის ვმუშაობ რამდენიმე პროგრამაში, მათ შორისაა 3D max, archicad, autocad-ის პროგრამები, მაგრამ ციფრული მომავალიც უამრავ სიურპრიზს გვპირდება, რისთვისაც მზად უნდა ვიყოთ არა მხოლოდ ამ საქმით დაკავებულები, არამედ დაინტერესებულებიც.

თქვენი აზრით, რა თვისებები უნდა გააჩნდეს პროფესიონალ ინტერიერის დიზაინერს?

ვიტყოდი, რომ მთავარი სურვილია, ხოლო შემდეგ – ნებისყოფა. თითოეული პროცესი, რომელსაც პროექტის დაწყებიდან გადიხარ, მოითხოვს უდიდეს პასუხისმგებლობას და არ გაძლევს მოდუნების საშუალებას. ამ დროს კონცენტრაციის უნარი ძალიან გეხმარება როგორც კონკრეტულ მომენტში, ასევე სამომავლო განვითარებაშიც.

მნიშვნელოვანია სივრცის აღქმისა და სწორად გააზრების უნარიც. შთაგონება უნდა მოდიოდეს მცირე დეტალებიდან, უნდა გესმოდეს ფერის ფსიქოლოგია და შეგეძლოს ფერების სწორად დაბალანსება. ამასთან, აუცილებელია დროის მართვა და პრინციპულობა, რადგან თუ თქვენი და დამკვეთის აზრები თანხვედრაში არ არის, რამდენჯერმე და სხვადასხვა კუთხით უნდა მიაწოდოთ მას იდეა.

ამ უნარების უმეტესობა გამომუშავებადია და მუშაობის პროცესში მოდის. თუ საწყის ეტაპზე დიზაინერი მსგავს პრობლემებს გადააწყდება, არ უნდა დაკარგოს მოტივაცია და უნდა განაგრძოს საკუთარ თავზე მუშაობა. ვერ ვიტყვი, რომ ეს არის დაბრკოლება, რადგან დაბრკოლება მხოლოდ საქმისადმი საჭიროზე ნაკლები სიყვარული შეიძლება იყოს.

რას ურჩევდით ადამიანებს, რომლებიც თქვენი პროფესიით არიან დაინტერესებულები? საიდან დაიწყონ? რა უნარები უნდა ჰქონდეთ ამ სფეროში წარმატებული საქმიანობისთვის?

ინტერიერის დიზაინით დაინტერესებულ ადამიანებს ვურჩევდი, რომ გამოიჩინონ ცნობისმოყვარეობა, დაიწყონ პროფესიის შესწავლა და შემდეგ – კეთება. ჩვენი პროფესია მრავალმხრივ ინფორმირებას მოითხოვს ხელოვნების, ფსიქოლოგიის, კომუნიკაციის თუ ტექნიკური პროგრამების მიმართულებით, მაგრამ საკმარისი ნებისყოფითა და საქმისადმი სიყვარულით შეგვიძლია განვავითაროთ ყველაფერი ჩვენი სურვილებისა და ინდივიდუალიზმის შესაბამისად.

8 ნეიტრალური ფერი ინტერიერის დიზაინში, რომელიც სახლში განსაკუთრებულ სიმყუდროვეს ქმნის

ვინტაჟური სტილით შთაგონებული სახლი კანადაში