in

ინდივიდუალური ხელწერა ინტერიერის დიზაინში – ინტერვიუ თათა სვანაძესთან

ინტერიერის დიზაინერ თათა სვანაძეს მომავალი პროფესიისადმი ინტერესი ბავშვობიდან გაუჩნდა. მოგვიანებით გატაცება პროფესიად აქცია. დღეს საკუთარი დიზაინის სტუდიის მფლობელი და ლექტორია. როგორც თავად გვიყვება, სტუდენტებისთვის საკუთარი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება სიამოვნებას ანიჭებს და დიდ პასუხისმგებლობასაც აკისრებს.

დღეს თათა Homeis.ge-ს მკითხველს თავისი კარიერული გზისა და შემოქმედების შესახებ უამბობს.

თათა, როდის და როგორ დაინტერესდით ინტერიერის დიზაინით?

ჩემთვის ეს სფერო ბავშვობიდანვე საინტერესო იყო, რადგან არქიტექტორების გარემოცვაში გავიზარდე. მახსოვს, სულ ვხატავდი, განსაკუთრებით აბსტრაქციების ხატვა და ფერების შეხამება მიყვარდა… რამდენიმე წლის წინ ბავშვობის დღიურიც კი ვიპოვე, რომელშიც ჯერ კიდევ ცხრა წლის ასაკში ვწერდი, რომ მინდოდა, ინტერიერის დიზაინერი „გამოვსულიყავი“. მოგვიანებით სამოყვარულო ინტერესი პროფესიული არჩევანით შეიცვალა. სკოლის დასრულების შემდეგ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტზე ჩავაბარე. სტუდენტობის პერიოდში, სწავლის პარალელურად, ინტერიერის დიზაინის ერთ-ერთ კომპანიაში გავდიოდი სტაჟირებას. ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ 1-წლიანი პაუზა ავიღე და ეს დრო მთლიანად პრაქტიკული ცოდნის მიღებასა და მუშაობას დავუთმე. პრაქტიკის გაღრმავებასთან ერთად, მინდოდა, ფართო აკადემიური ცოდნა მიმეღო, ამიტომ მაგისტრატურის გავლა კვლავ ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტზე გადავწყვიტე. შემდეგ კი გაცვლითი პროგრამით სწავლა ლისაბონის უნივერსიტეტში გავაგრძელე, რომელსაც საკმაოდ ძლიერი არქიტექტურის მიმართულება აქვს. გამიმართლა და კონკურსში, რომელშიც ოთხ სტუდენტს იწვევდნენ (ორ მაგისტრანტსა და ორ დოქტორანტს), ერთ-ერთი მე აღმოვჩნდი. ეს იყო სრულიად განსხვავებული გამოცდილება, რომელმაც საკუთარი თავის რწმენა გამიჩინა და ყველაზე მთავარი – დისციპლინა გამომიმუშავა.

გვიამბეთ თქვენი კარიერული განვითარების შესახებ. როგორ მოხვედით დღემდე?

როგორც უკვე აღვნიშნე, მესამე კურსიდან „ლისი დეველოპმენტში“ პრაქტიკას გავდიოდი, უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ კი კერძო შეკვეთებზე ვმუშაობდი. ლისაბონიდან დაბრუნების მერე ერთ-ერთმა დიდმა არქიტექტურულმა კომპანიამ, „სტუდია 9“-მ, ინტერიერის დიზაინის სახელოსნოს შექმნა და მისი ხელმძღვანელობა შემომთავაზა. ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ძალიან ნაყოფიერი წელი – არაერთ საინტერესო პროექტზე ვიმუშავე, რამაც დიდი ცოდნა შემძინა. მივხვდი, უკვე საკმარისი გამოცდილება მქონდა საიმისოდ, რომ საკუთარი დიზაინის სტუდია შემექმნა. ასე დაარსდა „Forms Studio“, რომელიც მეგობართან, ლიზა ტიმჩენკოსთან, ერთად დავაფუძნე. სამი წლის წინ ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო: „ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში“ ინტერიერის დიზაინის სწავლება დავიწყე. თუმცა, სანამ ამ შემოთავაზებას დავთანხმდებოდი, ბევრი ვიფიქრე, რადგან, ჩემი აზრით, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება უდიდესი პასუხისმგებლობაა. ალბათ, სწორი გადაწყვეტილება მივიღე, რადგან სწავლება, სტუდენტების შეფასებები და მათი წარმატება დიდ სიხარულს მანიჭებს.

“Apex Devepment”-საოფისე სივრცე

საიდან იღებთ შთაგონებას და რა არის თქვენი დიზაინის ფილოსოფია?

შთაგონებას კონკრეტული სივრციდან, გარემოდან ვიღებ. შთაგონების წყარო შეიძლება გახდეს მოგზაურობა და ახალი კულტურის შეცნობა. არქიტექტორისთვის, დიზაინერისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ინდივიდუალური ხელწერის ქონა. ამის გამომუშავებას კი დრო სჭირდება. მაგალითად, მე ძალიან მიყვარს ინტერიერში ფერის შემოტანა. ასევე, ჩემთვის უმნიშვნელოვანესია სივრცის სწორად დაგეგმარება. ბოლო დროს სულ მეფიქრება: საკუთარი ინდივიდუალიზმისა და იდენტობის გამოსახატავად ხელოვანმა ისეთ რა შეიძლება შექმნას, რაც აქამდე არ შექმნილა? ვფიქრობ, ერთ-ერთი გამოსავალი სივრცის ეფექტურად ორგანიზებაა, რომელიც, სწორად დაგეგმარებულ განათებასთან ერთად, ინტერიერის დიზაინის მთავარი ელემენტი გახდება. ჩვენი გუნდის მიზანია, პროექტმა კონკრეტულ დროსა და გარემოში ჰარმონიულად იარსებოს. ამის საფუძველი სივრცისა და განათების სწორი დაგეგმარებაა. მთავარია, ინტერიერი ადამიანის ხასიათსა და ცხოვრების სტილს ერგებოდეს და მყუდრო, კომფორტული იყოს.

ფრანგული კაფე “Malongo”

“ლისი ვერანდა”

რას იტყოდით თქვენს ნამუშევრებზე? მოგვიყევით თქვენი სამომავლო გეგმების შესახებ.  

თითოეული პროექტი ჩემთვის ახალი გამოწვევაა და თანაბრად საინტერესოა, თუმცა, არის რამდენიმე ნამუშევარი, რომლებმაც ჩემს კარიერულ წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა. მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი ობიექტია „კაჭრეთის ვილა ამბასადორის“ ინტერიერი, რომელზეც, გუნდის სხვა წევრებთან ერთად, მე და ლიზამ ვიმუშავეთ. ამ ეტაპზე არაერთი საინტერესო პროექტი გვაქვს, თუმცა მაინც გამოვარჩევდი ფრანგულ კაფე „მალონგოს“, რომლის ახალი ფილიალი რუსთაველზე, ისტორიულ შენობაში იხსნება. პარალელურად ვმუშაობთ პროდუქტის დიზაინზეც. ორი წლის წინ, ბავშვობისდროინდელი სათამაშოს, ლეგოს შთაგონებით, მაგიდის სანათები გავაკეთეთ. ახლა ამ თემის გაფართოებასა და მაგიდის დიზაინზე ვმუშაობთ. მომავალში, ალბათ, მათ გამოფენასაც მოვაწყობთ.

“ვილა ამბასადორი”

როგორ შეაფასებდით ქართულ ინტერიერის დიზაინის სივრცეს?

ოცი წლის წინ ინტერიერის დიზაინი სრულიად ახალი ცნება იყო ჩვენს ქვეყანაში. ადამიანთა უმეტესობა ვერც ხვდებოდა ამ პროფესიის მნიშვნელობას, ვერ იგებდნენ, რატომ უნდა მიემართათ ინტერიერის დიზაინერისთვის. მიხარია, რომ ბოლო წლებში დამკვიდრდა დიზაინერის მომსახურების კულტურა და ეს პროფესია საკმაოდ მოთხოვნადი გახდა. რა თქმა უნდა, სასწავლი ჯერაც ძალიან ბევრია: ტექნოლოგიები სწრაფად ვითარდება, რაც მოქმედებს დიზაინზე, ეს უკანასკნელი კი, თავის მხრივ, ცვლის სოციალურ გარემოს. ამიტომ გამოწვევებს ფეხი უნდა ავუწყოთ და სიახლეებს არ ჩამოვრჩეთ.

“Porta Batumi Tower” – აპარტამენტი

ბინა წინამძღვრიშვილის ქუჩაზე

რას ურჩევდით დამწყებ დიზაინერებს? 

ეს არის სფერო, რომელიც მუდმივად ვითარდება. ამიტომ დამწყებ დიზაინერებს ვურჩევ, ყოველდღე მოიძიონ თემატური ინფორმაცია, პროექტები დაათვალიერონ. შთაგონების მისაღებად ეს ძალიან მნიშვნელოვანია; ეცადონ, შეინარჩუნონ შემოქმედებითი თავისუფლება და სილამაზე ჩარჩოებში არ მოაქციონ, რადგან დიზაინი თავისუფლების უკიდეგანო შესაძლებლობებს იძლევა. დაბოლოს, მთავარია, შექმნან საკუთარი, ინდივიდუალური ხელწერა. უნდა ახსოვდეთ, რომ ეს პროფესია საკმაოდ რთული და, ამავე დროს, აზარტულია, შესაბამისად, დიდი ნებისყოფაა საჭირო. ინტერიერის დიზაინი პროცესია – იდეის დაბადებიდან მის განხორციელებამდე. ამ გზაზე ბევრი სირთულე და დაბრკოლებაა, მაგრამ წინ უნდა იარონ.

ავტორი: მეკო მეტრეველი

ენობრივი რედაქტორი: სოფიო მენთეშაშვილი

რა უნდა გავითვალისწინოთ პრემიუმ-კლასის ტექნიკის შერჩევისას?

სიმეტრია თუ ასიმეტრია – რა ჯობია მისაღებ ოთახში?