უპირველეს ყოვლისა, თითოეული ადამიანი ბინის ან სახლის დიზაინს საკუთარი პრეფერენციებიდან გამომდინარე ირჩევს. მართალია, შეუძლებელია ზუსტად იმის თქმა, თუ რომელი ფერის შპალერი მოერგება ინტროვერტს უფრო მეტად — მშვიდი ნაცრისფერი თუ ნათელი ყვითელი, თუმცა, სრულყოფილი ინტერიერის არჩევისას შეიძლება აღინიშნოს ისეთი ძირითადი პუნქტები, როგორიცაა:
- ატმოსფერო სახლში/ბინაში
- დაგეგმარება
- ავეჯი
- ინტერიერის დეტალები
ატმოსფერო
მოდით ორიენტირები თავიდანვე განვსაზღვროთ – კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება. ნებისმიერ ადამიანს ჰბეზრდება ხმაური და მუდმივი აურზაური. ინტროვერტისთვის კი ეს უფრო დიდ პრობლემას წარმოადგენს. გარდა ამისა, არ დაგავიწყდეთ, რომ ბევრი ინტროვერტი საკმაოდ კრეატიული ინდივიდია, მათ განსაკუთრებით სჭირდებათ პირადი სივრცე. თუმცა, ყოველთვის არ არის შესაძლებელი თქვენი კომფორტისთვის მთელი ოთახის დათმობა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პატარა ბინაში დიდი ოჯახი ცხოვრობს, მაგრამ გახსოვდეთ, შეგიძლიათ მოაწყოთ მყუდრო კუთხე აივანზე. ასევე, გამოყოთ ადგილი დასასვენებლად თაროს ან შირმის დახმარებით.
დაგეგმარება
ინტროვერტები არა მარტო განმარტოებას, არამედ განსაზღვრულობასაც აფასებენ. ისინი უფრო მეტად იცავენ მოქმედების კონკრეტულ გეგმას და მათ რუტინული საქმიანობა არ აშინებთ. ინტროვერტისთვის მნიშვნელოვანია, რომ სივრცე მკაფიოდ იყოფოდეს ზონებად და თითოეულ ნივთს თავისი ადგილი ჰქონდეს. პატარა ბინა შეიძლება ვიზუალურად შირმის, მსუბუქი ტიხრების, თაროების ან იატაკის სხვადასხვა საფარის საშუალებით დაიყოს.
ავეჯი
ხშირად ინტროვერტები უპირატესობას ანიჭებენ ავეჯს მკვეთრი ფორმისა და კუთხის გარეშე. აქ ძალიან ბევრი დეტალი არ არის საჭირო, მთავარია ყველა ნივთი კომპაქტური იყოს და ვიზუალურ არეულობას არ ქმნიდეს. ფერების შეხამებაც მნიშვნელოვანია – ეს მხოლოდ ინტროვერტებს არ ეხება, ნებისმიერი ადამიანის სახლში ჰარმონია უნდა სუფევდეს. თუმცა მათთვის, ვინც დროის უმეტეს ნაწილს სახლის კედლებში ატარებს, არასწორი ფერთა პალიტრით შერჩეული ავეჯი ნამდვილი კატასტროფაა.
ელფერები და დეტალები
სრულყოფილი ინტერიერის შექმნაში დეკორის ელემენტები ასევე მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ადამიანები, რომლებიც უპირატესობას ანიჭებენ კონფიდენციალურობას, როგორც წესი, ირჩევენ ფერთა პალიტრას ნათელი აქცენტებისა და თვალშისაცემი ელემენტების გარეშე. მშვიდი ატმოსფეროს შესაქმნელად იდეალურია ლურჯი და მწვანე ელფერები. ოთახის ცენტრალურ ელემენტად კი შეიძლება ოთახის მცენარე იქცეს.
ინტერიერის შექმნა პრაქტიკაში
სანამ რემონტს შეუდგებით, გირჩევთ, შეისწავლოთ დაგეგმარების ვარიანტები, გაეცნოთ სხვადასხვა სტილებს, წაიკითხოთ ლიტერატურა ფერებისა და პალიტრების შესახებ. თითოეული თქვენი პრეფერენცია ფსიქოლოგიით იხსნება და ანალიზის შემდეგ შეგიძლიათ თქვენთვის შესაფერისი ვარიანტი შეარჩიოთ. ინტერიერის დიზაინის ჟურნალის დათვალიერებისას, ჰკითხეთ საკუთარ თავს: კომფორტულად იცხოვრებდით ასეთ ატმოსფეროში, ასეთი ავეჯით, შპალერის ფერით, განლაგებით? ბედნიერებას მოგანიჭებთ ასეთ სახლში დროის გატარება?