ბინა, რომელსაც დღევანდელ სტატიაში გაგაცნობთ, 1730 წლით თარიღდება და ამსტერდამში მდებარეობს. საცხოვრებელი, რომელიც შენობის სხვენშია მოთავსებული, საინტერესო გეგმარებით გამოირჩევა. ის რამდენიმე წლის წინ განაახლეს და ახალი სიცოცხლე შესძინეს, შედეგად კი ბინამ დააკმაყოფილა ყველა ის პირობა, რომელიც კომფორტული, თანამედროვე, სრულფასოვანი ცხოვრებისთვის არის საჭირო.
ინტერიერში იკვეთება სკანდინავიური დიზაინისთვის დამახასიათებელი ელეგანტურობა, სიმარტივე და მინიმალიზმი, რაც დახვეწილ და სადა იერსახეს განაპირობებს.
სივრცე სამ მთავარ ფუნქციურ ზონად არის დაყოფილი, რომლებიც ერთმანეთისგან სართულებით არის გამიჯნული. პირველ სართულზე განლაგებულია მისაღები, სამზარეულო და სასადილო სივრცე, მეორე და მესამე სართული კი საძინებლებსა და სველ წერტილს ეთმობა.
ინტერიერში წამყვან როლს თეთრი ფერი ასრულებს, რომელსაც მსუბუქ კონტრასტს მუქი ფერის ავეჯი სძენს. დიდი როლი ენიჭება ხის მასალასაც, რომელიც იატაკისა და ავეჯის სახით გვხვდება.
მოსასვენებელი კუთხე ბუხრის გარშემო ვითარდება, ის მყუდრო და კომფორტულია. სივრცე გაფორმებულია მუქი ფერის რბილი ავეჯით და თეთრი ხალიჩით, რაც თბილ ატმოსფეროს მატებს ოთახს. კონტრასტის სახით, საინტერესოდ შემოდის მეტალის სკამი და ქვის მცირე ზომის მაგიდაც. ყურადღებას იქცევს ვიტრაჟების გაყოლებაზე და ბუხრის გვერდითა ნაწილებზე გაკეთებული დახურული და ღია თაროები, რომლებზეც წიგნებია მოთავსებული.
ოთახის ცენტრალურ ნაწილში მცირე ზომის სამზარეულოა დაპროექტებული, რომელიც შავი ფერის ავეჯითაა დაკომპლექტებული. ოთახის უკიდურეს წერტილში, ვიტრაჟების მხარეს კი სასადილო ზონაა მოწყობილი ხის მაგიდითა და სკამებით. დიდი ვიტრაჟების დამსახურებით, ბინა ნათელი და ჰაეროვანია. სიმარტივე და მინიმალიზმი კი მის ყოველ წერტილში იგრძნობა, რაც მსუბუქ და ჰარმონიულ გარემოს განაპირობებს.
მეორე სართულზე, სხვენში მოწყობილია მცირე ზომის მყუდრო სამუშაო კუთხე და ბიბლიოთეკა, რომელიც ხის ავეჯით მინიმალისტურად არის გაფორმებული.
საძინებლები ღია ნათელი ინტერიერით ხასიათდება, რომლებშიც კონტრასტის სახით, მუქი ფერის ტექსტილი და საწოლები გვხვდება. ოთახებში მყუდრო, ფუნქციური და სასიამოვნო გარემო მიიღება, რომელიც მაცხოვრებლებს დასვენებისა და განტვირთვისთვის ყველა საჭირო პირობას უქმნის.
ამსტერდამში მდებარე ბინა ძველი არქიტექტურისა და თანამედროვე დიზაინის საინტერესო სინთეზს წარმოადგენს, რომელშიც სკანდინავიური ესთეტიკა, მინიმალიზმი და სიმსუბუქე გამორჩეულ გარემოს ქმნის და ამავდროულად, კომფორტულ დასასვენებელ და სამუშაო სივრცეს უზრუნველყოფს.