XX საუკუნის დასაწყისის ისტორიულ შენობაში, მდინარე ტირბის მწვანე აღმოსავლეთ ნაპირსა და პარიოლის მთებს შორის, რომის ელეგანტურ ფლამიონის რაიონში მდებარეობს ეს 130მ2-ის სიდიდის ბინა, რომელსაც დიპლომატი – ალფონსო ტალიაფერი ფლობს. განვითარებადი არქიტექტურისა და დიზაინის სტუდიის – 02A-ს ჩარევის წყალობით, ბინაში ხელოვნების ნიმუშები ერთმანეთთან დაბალანსებულ მდგომარეობაშია. „ჩვენ ვცდილობდით დროის კონცეფციით გვეთამაშა. არ გვსურდა ‘დასრულებული’ სახლი. დაინტერესებულნი ვიყავით, რომ სივრცისთვის მიგვენიჭებინა არასრულყოფილების შეგრძნება, რომელიც სიცოცხლისუნარიანობისა და ცნობისმოყვარეობის გრძნობის აღძვრას შეუწყობდა ხელს“ – ამბობს მარკო რული, რომელმაც რომაული სტუდია თომას გროსისთან ერთად დააარსა.
ასე რომ, მაქსსის მუზეუმთან და თანამედროვე ხელოვნების ეროვნული გალერეასთან ახლოს მდებარე ტრადიციულად განლაგებული ბინა გადაკეთდა სივრცედ, რომელშიც აღმოაჩენთ მხატვრულ რელიკვიებსა და ხელნაკეთობებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან, როგორიც არის სამხრეთ აფრიკა და ფილიპინები. სივრცე, რომელიც ასახავს განახლებულ მიზანს, „აღარ არის ბურჟუაზიული ოჯახის ბუდე, არამედ ის არის დიპლომატის რეზიდენცია, სრულიად განსხვავებული სოციალური რიტმებითა და საჭიროებებით“ – ამბობს მარკო. აქ საძინებელი, რომელიც ღია ტიპის აბაზანას მოიცავს, მთელი სარემონტო პროექტისთვის შესანიშნავ ცენტრს წარმოადგენს.
დღის შუქი ბინაში კიდევ ერთი მთავარი გმირია, რომელიც ინტერიერს საოცრად ნათელს ხდის. მყარი მუხის პარკეტი წარმოადგენს ეკლექტიკური მისაღები ოთახის ფონს, რომელზეც განთავსებულია 1940-იანი წლების ფრანგული სავარძელი და Poltorna Frau-ის მიერ დამზადებული დივანი – Bretagne. ამ ოთახში შეხვდებით ვენეციურ ფარანს, ასევე, ფოტოებსა და სკულპტურებს კედლებზე.
ბუნებრივი შუქი კარგად ანათებს სივრცეს და საშუალებას იძლევა, რომ შესამჩნევი იყოს ფრანგული კარი, რომელსაც დიდ კერძო ბაღში გავყავართ. თაღოვანი დერეფანი, რომელშიც შეკვეთით დამზადებული წიგნების კარადაა განთავსებული, სასადილო ზონისკენ მიგვიძღვის. აქ ოჯახის ანტიკვარული ავეჯისთვისა და სხვადასხვა გამორჩეული ნამუშევრებისთვის თეატრალურ ფონს ნეიტრალური ტონები ქმნის.
სახლში შეხვდებით ორნაწილიან სტუდიას, რომელიც კინემატოგრაფიულ ხელოვნებას ეძღვნება. აქ ნახავთ ვინტაჟურ თეატრის სკამებს, პროექტორს, ჭერში ჩაფლულ მოტორიზებულ ფარდას, Desalto-ს საწერ მაგიდას – Helsinki და ვიკო მაგისტრეტის მიერ De Padova-სთვის შექმნილ საკულტო სავარძელს – Serbelloni.