in

თბილისში იტალიური დიზაინის დღეები გაიმართა მიკელე დე ლუკის მონაწილეობით

თბილისში 29 – 30 მარტს იტალიის საელჩოს ორგანიზებითა და იტალიის ვაჭრობის ხელშეწყობის სააგენტოს (ICE – ITA) რეგიონულ ოფისთან ერთად, ტრადიციული ღონისძიება ჩატარდა, რომელიც იტალიურ დიზაინს, რესტავრაციას, არქიტექტურასა და ამ სფეროში საქართველოსთან იტალიის მჭიდრო თანამშრომლობას მიეძღვნა.

„ხარისხი, რომელიც ანათებს. დიზაინის ენერგია ადამიანებსა და გარემოსთვის“ – ეს იყო წლევანდელი იტალიური დიზაინის დღის მთავარი თემა, რომლის ფარგლებშიც თბილისს ცნობილი იტალიელი ხელოვანი და არქიტექტორი, მიკელე დე ლუკი ესტუმრა.

საყოველთაოდ აღიარებულმა იტალიელმა დიზაინერმა და არქიტექტორმა უდიდესი წვლილი შეიტანა ახალი სტილის დიზაინის შექმნაში, ის იყო ცნობილი სახელოვნებო მოძრაობების – კავარტის, ალქიმიასა და გავლენიანი იტალიური დიზაინისა და არქიტექტურის მიმდინარეობის, მემფისის წევრი. მას შექმნილი აქვს ნათურებისა და ავეჯის კოლექციები ცნობილი ევროპული კომპანიებისთვის, მსოფლიოს სხვადასხვა წერტილს მისი შენობა-ნაგებობები ამშვენებს. მიკელე და ლუკის ნამუშევრები დაცულია ევროპის, ამერიკის, იაპონიის დიზაინის სხვადასხვა მუზეუმში.

იტალიელი ხელოვანის შემოქმედებამ დიდი გავლენა მოახდინა მსოფლიოში არქიტექტურის მოყვარულების კოლექტიურ წარმოსახვაზე. მისი განხორციელებული პროექტები, მრავალი ქვეყნის მსგავსად, საქართველოშიც გვხვდება. ესენია “მშვიდობის ხიდი”, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობა, პრეზიდენტის რეზიდენცია ავლაბარში.

თბილისში გამართულ ღონისძიებაზე მიკელე დე ლუკიმ თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ლექცია ჩაატარა, სადაც მსმენელს  არქიტექტურის საკუთარი ხედვა გააცნო, ისაუბრა იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დეტალები, ბუნებაზე ზრუნვა და მასთან შერწყმა. ასევე, აუდიტორიას გაუზიარა თბილისში მიღებული გამოცდილება ქალაქის წარსულის, აწმყოსა და მომავლის ჭრილში.

საქართველოში იტალიის ელჩმა ენრიკო ვალვომ, ელჩის მოადგილემ ნიკოლა იორიომ საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრთან, ირაკლი ქარსელაძესთან და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორთან, ყარამან ქუთათელაძესთან ერთად გახსნეს იტალიის არქიტექტორთა ეროვნული საბჭოს (CNAPPC), ჟურნალ Domus Georgia-სა და დიზაინის ევროპულ ინსტიტუტთან (IED) თანამშრომლობით მომზადებული სამი გამოფენა, რომელიც ორი დღე გაგრძელდა.

ფოტო: Domus Georgia
ფოტო: Domus Georgia

გარდა ამისა, დიზაინის ევროპულმა ინსტიტუტმა გახსნა ახალგაზრდა ქართველი დიზაინერებისთვის გამოცხადებული კონკურსი „როცა იტალიური დიზაინი ქართულ შემოქმედებითობას ხვდება“. კონკურსში გამარჯვებულები დიზაინის ევროპული ინსტიტუტის (IED) მიერ შეთავაზებულ სტიპენდიას (ალდო გალის სახელობის ხელოვნების აკადემიის ინგლისურენოვან საზაფხულო კურსზე “Digital Design and Fabrication: outdoor design” სასწავლებლად), სპეციალურ პრემიასა (2023 წლის დეკემბრამდე თავისუფალ წვდომას სხვადასხვა შემოქმედებით სფეროში ცოდნის გასაღრმავებლად სპეციალურად შექმნილ IED Smart Creativity-ის ონლაინ პლატფორმაზე) და იტალიურ ნაწარმთან დაკავშირებულ საჩუქრებს მიიღებენ.

ფოტო: Domus Georgia

ღონისძიების მეორე დღეს, მუნიციპალური განვითარების ფონდის ორგანიზებით, რომელიც საქართველოს ტურიზმსა და ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებულ პროექტებს ახორციელებს, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში სემინარი ჩატარდა. დისკუსიაში მონაწილეობას იღებდნენ არქიტექტურისა და დიზაინის დარგის მნიშვნელოვანი წარმომადგენლები, სხვადასხვა კომპანიისა და აკადემიური წრეების წევრები. სემინარი კი იტალიური დიზაინის დღის მთავარ თემას შეეხებოდა – განათებას, მის როლსა და გამოყენებას არქიტექტურასა და ისტორიული თუ მხატვრული კუთხით მნიშვნელოვანი შენობების რესტავრაციაში.

ფოტო: Domus Georgia
ფოტო: Domus Georgia

ბუნებრივი მასალებით გაჯერბული ინტერიერი მარჯანიშვილის მეტროსთან – სტუდია Sxvava-ს ნამუშევარი

ფერები ინტერიერში — რჩევები სახელგანთქმული მსოფლიო დიზაინერებისგან