in

Japandi — იაპონური და სკანდინავიური დიზაინების საუცხოო სინთეზი

სკანდინავიური ინტერიერის მყუდრო სიფაქიზემ და ტრადიციული იაპონური დეკორის მინიმალისტურმა მშვენიერებამ ისინი სახლის თანამედროვე დიზაინის ძირითად ელემენტებად აქცია. ახლა მზარდ ტენდენციას წარმოადგენს ამ ორი სტილის შერწყმა — “Japandi”.

Google-ში ამ ტერმინის ძიება მკვეთრად გაიზარდა 2020 წლის ზამთარში, როდესაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ადამიანებმა Covid-19-ით გამოწვეული ლოკდაუნის ფონზე, თავიანთი სახლები გადააკეთეს. Google Trends-ის მონაცემებით, მას შემდეგ ამ სტილის მიმართ ინტერესი სტაბილურად გაიზარდა.

„ვფიქრობ, ბევრი ადამიანი ეძებდა სტილს განტვირთვის”, — აცხადებს ლაილა რიტბერგენი, ახალი წიგნის — “Japandi Living”-ის ავტორი ინტერვიუში. მისი აზრით, Japandi-ს დამამშვიდებელი ესთეტიკა, ოსტატების მიერ შექმნილი ნიმუშებით, ამ საჭიროებებს იდეალურად შეესაბამება.

ლაილას თქმით, როგორც ჩანს, ამ დიზაინების შერწყმა 1860-იანი წლებით თარიღდება. იგი ესთეტიკის ფესვებად მიიჩნევს დანიის საზღვაო ფლოტის ლეიტენანტ უილიამ კარსტენსენს, რომელიც ეწვია იაპონიას, როდესაც ქვეყანა ორსაუკუნოვანი თვითიზოლაციის შემდეგ გაიხსნა. ლაილა ამბობს, რომ პირველმა სწორედ უილიამის წიგნმა — “Japan’s Capital and the Japanese” აიძულა დანიელი დიზაინერები, გამგზავრებულიყვნენ იაპონიაში, სადაც აღმოაჩინეს, რომ ორივე კულტურის საგანძურს სიმარტვე და ბუნებრივი სილამაზე წარმოადგენს.

რიტბერგენი ამბობს, რომ სკანდინავიური და იაპონური დიზაინი ხაზს უსვამს ბუნების მნიშვნელობას, არა მხოლოდ ფერებით, როგორიცაა ღია ყავისფერი, მოყვითალო-ყავისფერი და რბილი თეთრი, არამედ ისეთი მასალების გამოყენებით, როგორიცაა ტილო და ხე.

Hygge და Wabi-Sabi

Japandi დიზაინის არსი მდგომარეობს იმაში, რომ შეიქმნას ისეთი რამ, რაც დახვეწილად არის გაფორმებული სიცარიელის შეგრძნების გარეშე. ამის მიღწევა ორი დიზაინის პრინციპის გარშემო ტრიალებს: “hygge” — დანიური და ნორვეგიული ტერმინი, რომელიც ეხება სიმყუდროვისა და სითბოს შეგრძნებას და “wabi-sabi” — იაპონური კონცეფცია ნაკლოვანებების მიღების შესახებ.

ლაილას თქმით, იმისათვის, რომ ორივეს მივაღწიოთ, აუცილებელია არეულობისგან თავის დაღწევა. იგი გვირჩევს, რომ სივრცის დალაგება არა შრომისმოყვარეობად, არამედ ზეიმად მივიჩნიოთ და დავფიქრდეთ იმაზე, გვახარებს თუ არა ჩვენ გარშემო არსებული ნივთები.

Japandi-ს სტილი ასევე მოიცავს ოსტატების ნამუშევრებს, იქნება ეს ისამუ ნოგუჩის დელიკატური მსუბუქი ქანდაკებები თუ კარლ ჰანსენის ავეჯი. მაგრამ რიტბერგენი ხაზს უსვამს, რომ ესთეტიკის მიღწევა მცირე ბიუჯეტითაც არის შესაძლებელი. მისი თქმით, ეს არის ფილოსოფია, რომელიც ხელმძღვანელობს რწმენით — „ნაკლები მეტია“.

იმის ნაცვლად, რომ შეიძინოთ იაფი, მასობრივი წარმოების ავეჯი, რომელიც დიდხანს ვერ გაძლებს, რეიტბერგენი გვთავაზობს, იყიდოთ მეორადი, თუმცა გამორჩეული ნამუშევრები. ამასთან ავტორმა დასძინა, რომ, ნებისმიერ შემთხვევაში, იაპონური დიზაინის მშვენიერება მკაცრი კრიტერიუმების არარსებობაში მდგომარეობს.

„ყოველი სახლი და Japandi-ს სტილის ინტერპრეტაცია განსხვავებულია“, — ამბობს ლაილა. „ნამდვილად მნიშვნელოვანია გაბედო საკუთარი არჩევანის გაკეთება. შენი სახლი არ არის შოურუმი და არ უნდა იყოს კოპირება იმისა, რაც სხვაგან გინახავს. პერსონალური ელემენტებისა და ნივთების დამატება პროცესის განუყოფელი ნაწილია.”

ცხოვრების განუყოფელ ნაწილად ქცეული პროფესია – ინტერვიუ რუსო ჯანშიაშვილთან

1960-იანი წლებით შთაგონებული 14 სამზარეულოს დიზაინის იდეა, რომლებიც დღემდე გვიყვარს