ინტერიერის დიზაინში დროთა განმავლობაში სხვადასხვა სტილის განვითარება ხდება. დღესდღეობით ძალიან მოთხოვნადია “ჯაპანდის” მიმდინარეობა, რომელიც წარმოადგენს იაპონური და სკანდინავიური სტილის ერთიანობას. აღმოსავლეთისა და დასავლეთის დეტალების შერევით იქმნება ისეთი ინტერიერი, სადაც მინიმალური რაოდენობის ავეჯი და დეტალებია გამოყენებული, სივრცე კი თბილი და კომფორტულია.
“ჯაპანდის” სტილში გამოყენებული ხე და ხელნაკეთი კერამიკა კომფორტისა და სითბოს შეგრძნებას უტოვებს ადამიანს. სტილი მოიცავს ბუნებრივ ხელნაკეთ მასალებს, რომელიც დიდი ხანია გამოიყენება იაპონიის და სკანდინავიის ქვეყნების დიზაინში.
ჩვენ შევარჩიეთ ამ ტიპის მშვიდი და თბილი სივრცეების რამდენიმე ვერსია, რომელიც შესაძლებელია თქვენთვის ინტერიერის დიზაინის ინსპირაცია გახდეს.
Norm Architects-ის დიზაინით შექმნილი სახლი “Archipelago”
ფიჭვის ხით შეფუთული სახლი, რომელიც შექმნილია შვედური და იაპონური სტილის შერევით. “ჯაპანდის” სტილს ამოიცნობთ სახლის მისაღები სივრცის შეხედვისას, რომლის ჭერის სიმაღლე ორჯერ მაღალია, ვიდრე დანარჩენი სივრცეები. კრემისფერი და ღია ნაცრისფერი სივრცის ინტერიერი ხის ავეჯით არის დამთბარი, რომელიც თავად არქიტექტორების მიერაა შექმნილი. ოთახის განათება “Bespoke”-ის კონუსის ფორმის ჭაღია. ეს განათებები იაპონიაში 230 წელზე მეტია ხელით მზადდება.
შვედეთში შექმნილი საგამოფენო სივრე
ეს გახლავთ სტოკჰოლმის დიზაინის კვირეულზე, მექსიკის დანგრეულ საელჩოში შექმნილი ინტერიერი. აღსანიშნავია იაპონელი ავეჯის მწარმოებლის – Ariake-ს გამოფენაზე წარმოდგენილი ხის ავეჯი, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა დიზაინერებთან კოლაბორაციით დამზადდა. დამტვრეული კედლებითა და ჭერით შექმნილი სიძველის შეგრძნება ფანტასტიურად განასახიერებს “ჯაპანდის” სტილს.
Pantechnicon, ინგლისი
ლონდონის ბელგავიას რეგოინში მე-19 საუკუნის შენობაში მდებარეობს რესტორნები და მაღაზიები, რომლებიც იაპონურ და სკანდინავიურ კულტურაზეა ორიენტირებული. მათ შორისაა ფრანგულ-იაპონური კაფე “Kitsune”. აქ ვხვდებით შენობის დაძველებულ ინტერიერს, ხის დეტალებით, განათებებითა და მცენარეებით.”ჯაპანდის” სტილის გამოყენებით სივრცეს გამორჩეული ხასიათი აქვს.
დიზაინერ მაგდალენა კეკის მიერ მოწყობილი სივრცე ამერიკაში
იაპონური და ამერიკული ტრადიციების მქონე ოჯახის სახლს, რომელიც ამერიკაში, კატსკილის მთებში ცხოვრობს, ინტერიერის დიზაინერმა სკანდინავიური სტილის დეტალები დაუმატა. ღია ტიპის მისაღები სივრცე, დანიელი დიზაინერის შექმნილი მაგიდა და სკამები, იაპონურ ჭურჭელთან და ნაქსოვ ხალიჩებთან ერთად “ჯაპანდის” სტილის შესანიშნავი მაგალითია. შუასაუკუნეების დიზაინი, ამერიკული ხელნაკეთი ნივთები და გარემო შესანიშნავად აბალანსებს იაპონურ მინიმალიზმს.
რესტორანი “იზუმი” დანიაში
კოპენჰაგენში წარმოდგენილი ეს იაპონური რესტორანი შესანიშნავად აერთიანებს ორ კულტურას. Pan-projects-ის დიზაინით შექმნილი “იზუმი” იაპონურ ინტერიერს წარმოადგენს. გამჭვირვალე მინები, ვიტრაჟები და მუხის პანელები გამოარჩევს “ჯაპანდის” სტილს. Pan-projects ის დამფუძნებლები მიიჩნევენ, რომ “იაპონიასა და სკანდინავიის ქვეყნებს აქვთ კულტურული ურთიერთქმედების მდიდარი ისტორია, განსაკუთრებით ინტერიერის დიზაინის სფეროში.”
სასტუმრო K5 ტოკიოში
Claesson Koivisto Rune-ს დიზაინით შექმნილი დიზაინი. მეორე მსოფლიო ომის დროს დაბომბილი ტოკიოს ბანკის შენობა სასტუმროდ გადაკეთდა. შეიქმნა თბილი ინტერიერი, რომელიც ასოცირდება “ჯაპანდის” სტილთან. ტაქტილური დეტალების და განათებების ნაზავი, თხელი ლურჯი ფარდები იაპონური სტილის ნაწილია, ხოლო ოთახის ხისტი ხის გამყოფები – სკანდინავიური დიზაინის.
“Daytrip”-ის დიზაინით შექმნილი სახლი ინგლისში
ინგლისში, ქალაქ ლონდონში მდებარე ეს სახლი რენოვაციისას ბეტონის იატაკით მოეწყო, რათა შექმნილიყო მშვიდი ინტერიერის მქონე მყუდრო სივრცე. სკანდინავიური სტილის გავლენა სახლში არსებულ ხის დეტალებში იგრძნობა. მუქი ხის სავარძლებით და ელეგანტური განათებებით აზიური სტილი იგრძნობა. იაპონური ქაღალდის განათება სკანდინავიური სტილის ხის სადგამზე, სახლის ინტერიერის მნიშვნელოვანი დეტალია.