in

JI&JI — ავეჯის მწარმოებელი ქართული კომპანია მრავალწლიანი გამოცდილებით

JI&JI ავეჯის მწარმოებელი ქართული კომპანიაა, რომელიც უკვე 22 წელია მოღვაწეობს და ქართველ მომხმარებელს როგორც რბილ, ასევე კორპუსულ ავეჯს სთავაზობს. JI&JI-მ ადგილობრივ ბაზარზე პოზიციონირება დაიწყო ჯერ კიდევ 2001 წელს, როდესაც საქართველოში წარმოებული პროდუქციის მიმართ საზოგადოებაში გარკვეული ნეგატიური დამოკიდებულება დომინირებდა. მას შემდეგ კომპანიამ მნიშვნელოვანი გზა გაიარა და ამ დროის განმავლობაში დიდი გამოცდილება დააგროვა.

ჩვენ JI&JI-ის დამფუძნებელს, ტარიელ მელაძეს გავესაუბრეთ, რათა კომპანიის განვითარების, ფილოსოფიის, პროდუქციისა და სხვა მნიშვნელოვანი დეტალების შესახებ მეტი გაგვეგო.

ბინა შატბერაშვილის ქუჩაზე

როგორ დაიბადა და განვითარდა თქვენი ბიზნესიდეა? რა გზა გაიარეთ და რა ეტაპზეა ახლა კომპანია?

JI&JI-ს შექმნის იდეა 2001 წელს დაიბადა. იმ დროისათვის საქართველოში ხარისხიანი ავეჯის მოძიება დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული. ბაზარზე არსებული მწირი რესურსები მომხმარებლების მოთხოვნებს არ პასუხობდა. სწორედ აქედან გაჩნდა იდეა, დამკვეთის გემოვნებაზე მორგებული პროდუქტი შეგვექმნა. იმპორტირებული რბილი ავეჯის შიდა კონსტრუქციის გაანალიზების საფუძველზე შეიქმნა JI&JI-ს პირველი პროექტი, რომელიც საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. საბოლოოდ კი გაჩნდა აზარტი და შემართება, რაც დღემდე ჩვენი მრავალწლიანი საქმიანობის ფუნდამენტს წარმოადგენს.

საერთაშორისო პარტნიორებთან აქტიური კომუნიკაცია დაგვეხმარა, ადვილად აგვეწყო ფეხი თანამედროვე სტანდარტებისათვის. ხარისხსა და მომხმარებლის კომფორტზე ფოკუსირების პოლიტიკამ JI&JI-ს ცნობადობა მცირე დროში საგრძნობლად გაზარდა, თუმცა ხშირად გვიწევდა დიდ პროექტებზე უარის თქმა იმ მიზეზით, რომ მხოლოდ რბილი ავეჯის მიმართულებით ვმუშაობდით. კორპუსული ავეჯის შექმნის იდეაც სწორედ ერთგული მომხმარებლების მოთხოვნიდან გამომდინარე გაჩნდა და 2013 წლიდან ამ პროდუქტზეც დავიწყეთ აქტიური მუშაობა.

როგორ შეიქმნა ბრენდის სახელწოდება?

JI&JI-ს დამფუძნებელი ორი ძმაა. კომპანიის სახელწოდებაც მათი ოჯახის წევრების სახელების ინიციალებიდან მოდის. ბრენდის დასახელების ამგვარი ეტიმოლოგია მსოფლიო მასშტაბით საკმაოდ პრეცედენტულია. იმ დროისათვის წარმოებაში განსაკუთრებით აქტიურად იტალიურ მასალას ვიყენებდით და გადაწყვეტილების მიღებაში ამ სახელის, გარკვეულწილად, იტალიური ჟღერადობაც დაგვეხმარა.

რა არის „JI&JI“-ის მთავარი ფილოსოფია?

წარმოებისათვის უმოკლეს დროში, მომხმარებლის ინტერესებზე ორიენტირებული, ხარისხიანი პროდუქციის წარმოება არის ის პრინციპი, რომლის ერთგულებაც ჩვენი უმთავრესი თვითმიზანია.

რა ტიპის პროდუქციას სთავაზობთ მომხმარებელს და რა მასალას იყენებთ წარმოებისას?

როგორც მოგახსენეთ, ვაწარმოებთ როგორც რბილ, ასევე კორპუსულ ავეჯს. ჩვენთან მოსულ დამკვეთს აქვს შესაძლებლობა, ერთ სივრცეში შეარჩიოს სამზარეულოს, სასადილო ოთახის, საძინებლისა და მისაღების ავეჯი. გარდა ამისა, დიდ დამკვეთებთან თანამშრომლობა ჩვენი ყოველდღიური საქმიანობის ნაწილია — JI&JI-ს პროდუქციას შეხვდებით ქვეყნის მასშტაბით არაერთ სასტუმროსა თუ ბარ-რესტორანში, სახელმწიფო ორგანოებში, სამედიცინო დაწესებულებებსა და სტადიონებზეც კი. პროდუქციისათვის საჭირო მასალას დამკვეთი თავად ირჩევს. ჩვენთან წარმოებული თითოეული პროდუქტი ინდივიდუალურია. ვთანამშრომლობთ თურქულ, იტალიურ და ესპანურ ფაბრიკებთან.

როგორ შეაფასებთ ქართულ ბაზარს? რა გამოწვევებს აწყდებით და რა შესაძლებლობებს გიქმნით ის?

თავდაპირველად, როცა ეს საქმიანობა დავიწყეთ, ბაზარზე ხარისხიანი პროდუქციის დეფიციტი იყო. საქართველოში წარმოებული რბილი ავეჯის ხსენებაც კი უნდობლობას იწვევდა და კომპანიის რეპუტაციას ეჭვქვეშ აყენებდა. თუმცა ხარისხზე კონცენტრირებამ მოგვცა ის შედეგი, რისი შენარჩუნებაც დღემდე ჩვენი წარმოების უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს. მოგვიანებით, ქვეყნის განვითარების კვალდაკვალ, შიდა წარმოებაზე მოთხოვნა გაიზარდა. მოგეხსენებათ, კონკურენცია პროგრესისა და განვითარების ხელშემწყობი, მნიშვნელოვანი ფაქტორია — რაც მეტი მოთამაშეა ბაზარზე, მით უფრო იზრდება წარმოების ეფექტიანობა. ყველა გამოწვევა, რომელსაც ვაწყდებით, ჩვენთვის პროცესის განუყოფელი ნაწილია, სწორედ ეს გვიბიძგებს წარმოების ახალი მეთოდებისა და ინოვაციების დანერგვისკენ.

თქვენი აზრით, რით გამოირჩევა თქვენი კომპანია სხვებისგან?

ქართველი მომხმარებელი ყოველთვის ცდილობს, ფეხი აუწყოს თანამედროვე ტენდენციებს. როგორც წესი, დამკვეთი ჩვენამდე სრულად ჩამოყალიბებული იდეით მოდის, მან ზუსტად იცის, რა უნდა. ასეთ მომხმარებელთან ურთიერთობას განსაკუთრებული ყურადღებით ვეკიდებით — მას დეტალურად აქვს წარმოსახული სასურველი სივრცე და ჩვენი ვალდებულებაა, იმედები არ გავუცრუოთ. არის შემთხვევები, როდესაც დამკვეთს მასალასთან, ფერებთან, თუ პროპორციებთან დაკავშირებით კონკრეტული გადაწყვეტილება ჯერ არ აქვს მიღებული, ასეთ შემთხვევაში მას ყოველთვის ვურჩევთ, გვესტუმროს, რადგან წარმოების პროცესის ხილვა და მასალების მრავალფეროვანი არჩევანი, როგორც წესი, მათთვის შთაგონების წყაროდ იქცევა. შეკვეთის დასრულებისას, ყოველი მონტაჟის შემდგომი ზარი დამკვეთისაგან მოლოდინით აღსავსეა. კმაყოფილების ემოციები ყოველ ჯერზე გვარწმუნებს, რომ ნდობის გამართლება შევძელით.

თქვენი აზრით, რით არის თქვენი კომპანია სხვებისგან გამორჩეული?

ჩვენს საქმიანობაში გამოცდილებასა და ბაზარზე სტაბილური ნიშის შენარჩუნებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. დამკვეთის ნდობა და კეთილგანწყობაც სწორედ ზემოხსენებულ ფაქტორებზე გადის. 22 წლის განმავლობაში დაგროვილი ცოდნითა და პრაქტიკით, არაერთ სირთულესთან შევძელით გამკლავება და სიამაყით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ხნის განმავლობაში, სხვადასხვა პროექტის ფარგლებში, კომპანიას ორი იდენტური პროდუქტი არ უწარმოებია.

როგორია „JI&JI“-ის სამომავლო გეგმები?

ჩვენი ნაწარმი მომხმარებლის მოთხოვნებს ერთგულად პასუხობს, თუმცა თანამედროვე ტენდენციებზე მორგება ამ ეტაპზე ჩვენი კომპანიის მთავარი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ და უახლოეს მომავალში ვგეგმავთ ცვლილებებს წარმოების გაფართოების, ახალი ტექნოლოგიების დანერგვისა და რებრენდინგის კუთხით.

ავტორი: გიორგი ბელქანია

ეკლექტური ინტერიერი სოლოლაკში – ქეთა დონაძის ნამუშევარი

ვინტაჟური სახლი ლონდონში, რომელიც ინგლისელ ხელოვანს ეკუთვნის