წარმოდგენილი პროექტი ეკუთვნის არქიტექტურული კომპანია WUNDERWERK-ს. საცხოვრებელი სახლი მდებარეობს დიღომში. ეზოს ფართობი წარმოადგენს 425 კვადრატულ მეტრს, ხოლო ორსართულიანი ჯვრის ფორმის შენობა 300 კვადრატული მეტრია.
პროექტზე მომუშავე არქიტექტორების თქმით, მთავარი გამოწვევა იყო ურბანულ ქსოვილში შენობის სწორად განთავსება და საცხოვრებელი სახლის პრივატულობის შენარჩუნება. უბნის განაშენიანების სიმჭიდროვისა და სივრცის ნაკლებობის გამო, შენობა კონცენტრირებულია საკუთარ თავზე. პროექტის იდეა იყო “ინტროვერტი” ობიექტის შექმნა, რომელშიც ღობეც და შენობაც ერთი კონსტრუქციული ელემენტი იქნებოდა, ხოლო გარედან აღიქმებოდა, როგორც ერთი მთლიანი მოცულობა. ამის უკეთ წარმოსაჩენად ფასადზე დატოვებულია კონსტრუქციული ბეტონის ბადე, ხოლო შიდა შემავსებელი მოპირკეთებულია უფრო კონტრასტული მასალით – აგურით.
შენობის სართულების ცენტრზე მართობულად განლაგება ზედხედში ჯვრის ფორმას გვაძლევს, რაც ქმნის მყუდრო შიდა და გარე სივრცეებს. ერთმანეთთან დამაკავშირებელი დიდი ვიტრაჟები კი აქრობს და აუფერულებს მათ საზღვრებს.
იდეის კიდევ უფრო ხაზგასასმელად WUNDERWERK-ს არქიტექტორებმა ვიტრაჟებთან აგურის პერფორაციები გამოიყენეს, რომლებიც ეხმარება სახლში შემავალი შუქის გაფილტვრას და ინტერიერშიც ძალიან საინტერესო ეფექტს ქმნის. სახლის შიდა სივრცეზე არქიტექტორ-დიზაინერმა მარიამ ჟღენტმა იმუშავა.