in

დანიელი არქიტექტორის მიერ შექმნილი კომპაქტური კაბინა ბუნების მოყვარულთათვის

Alliance Group
Alliance Group

დანიელმა არქიტექტორმა – სიგურდ ლარსენმა სტუმარმასპინძლობის სტარტაპისთვის – Raus-სთვის დააპროექტა კაბინა ჩაშენებული ავეჯითა და პანორამული ფანჯრებით, რომლებიც ბუნების თვალწარმტაც ხედებს ასახავს.

კაბინა, რომელიც Raus-ის მიერ გამოშვებული უახლესი საცხოვრებელი მოდელია, შეიქმნა იმისთვის, რომ მიიზიდოს ქალაქის მცხოვრებლები, რომლებიც ბუნებით ტკბობისკენ მიისწრაფვიან.

კაბინის პირველი აშენებული ვერსია ბერლინის მახლობლად მდებარე Wehrmuehle-ს ტერიტორიაზე არის დამონტაჟებული. მისი დიზაინი მაქსიმალურად იყენებს კომპაქტურ ფართობს, რომელიც მხოლოდ 18მ2-ს შეადგენს. კაბინის სიმაღლე და დიდი ფანჯრები სივრცის განცდის გაძლიერებას უწყობს ხელს.

„მხოლოდ რამდენიმე კვადრატულ მეტრთან მუშაობა არქიტექტორებისთვის გარკვეულწილად ყოველთვის გამოწვევაა“ – ამბობს ლარსენი, „მაგრამ, იმავდროულად, აღმოვაჩინე, რომ ეს იყო შთაგონების წყარო, რადგან არსებობდა ისეთი მკაფიო ჩარჩო, რომელიც მიჩვენებდა, თუ რისი გაკეთება იყო შესაძლებელი.“

შიდა სივრცეში ძირითადი ფუნქციური ადგილები უკანა კედელზე ისეა განლაგებული, რომ ყველაფერი ფანჯრებისკენ არის მიმართული.

„ჩვენ შევქმენით გამოქვაბულის მსგავსი სივრცე, სადაც შეგიძლიათ თავი დაცულად იგრძნოთ და ყველა მიმართულებით სრული ღია ხედი გქონდეთ“ – ამბობს არქიტექტორი.

Raus-ის კაბინა მოპირკეთებულია შავად შეღებილი ხით, რომელიც ინტერიერშიც გამოიყენება. ეს ხელს უწყობს ხედზე ფოკუსირების შენარჩუნებას, რადგან მუქი ზედაპირები მინის ანარეკლს მინიმუმამდე ამცირებს.

ამ ელეგანტურ თავშესაფარს შეუძლია უმასპინძლოს მაქსიმუმ სამ ზრდასრულს ან ორ ზრდასრულ ადამიანს ორ ბავშვთან ერთად.

დასაჯდომი სივრცე განლაგებულია კომპაქტური სამზარეულოს გვერდით, რომლის ორივე მხარეს პანორამული ფანჯრებია დამონტაჟებული.

სააბაზანოსა და ორსართულიანი საწოლის ზემოთ დამონტაჟებულია მინის სახურავი, რომელიც სახლს დღის შუქით ავსებს და სტუმრებს ხედით ტკბობის საშუალებას აძლევს.

კაბინა აღჭურვილია ისეთ საშუალებებით, როგორიც არის შეშის ღუმელი, იატაკქვეშა გათბობა და მზის ენერგიაზე მომუშავე ელექტრობა, რომელიც სარეზერვო ელექტრომომარაგებასთან არის დაკავშირებული.

Raus-ის წარმომადგენლების თქმით, სოფლის თავშესაფრების მიზანია „ქალაქის მაცხოვრებლებს მიეცეთ შესაძლებლობა, რომ დიდ ქალაქში ცხოვრებისგან ბუნების შუაგულში არსებულ მდგრად კაბინაში სპონტანურად და მარტივად დაისვენონ.“

კომპანიის ყველა კაბინა დიდი ქალაქებიდან რამდენიმე საათის მანძილზეა განლაგებული, რათა სტუმრებს ღამით ან შაბათ-კვირას გადაწყვეტილების სპონტანურად მიღება გაუადვილდეთ.

ლარსენი არის არქიტექტორი, რომელიც 2010 წელს საკუთარი სტუდიის დაარსებამდე მუშაობდა არქიტექტურულ ფირმებში, მათ შორის არის OMA, MVRDV და COBE.

არქიტექტორის წინა პროექტები მოიცავს სხვადასხვა მიმართულებით დახრილი მრავალი სახურავის მქონე სახლს კოპენჰაგენში და Jonathan Tuckey Design-თან თანამშრომლობით ბერლინში მდებარე სასტუმროს – Michelberger-ის განახლებას.

ჭერის ფანჯარა – 4 მიზეზი მისი არჩევისთვის

დუპლექსი ამაშუკელის ქუჩაზე – რუსკა ჭუმბურიძის ინტერიერი