ადამიანების უმეტესობას სურს, რომ მათი სახლის დიზაინი სამუშაო სივრცის საპირისპირო იყოს. მაგრამ ინდუსტრიული დიზაინერი – კრისტოფერ სტრინგერი და მისი მეუღლე, მხატვარი ელიზაბეტ პეიჯ სმიტი, ადამიანების უმეტესობას არ ჰგვანან. შემოქმედებით დუეტს სურდა, რომ მათი საცხოვრებელი მჭიდროდ ასახავდეს მათ პროფესიულ ცხოვრებას. „გაგვიმართლა, რადგან ორივენი საყვარელი საქმით ვართ დაკავებულნი და ჩვენი სახლის დიზაინი კარგად ასახავს თითოეულის საქმიანობას“, – ამბობს სტრინგერი, რომელიც Apple-ის ყოფილი ტოპ დიზაინერია. მაგრამ პირველ რიგში, წყვილის ამოცანა იყო ისეთი სახლის პოვნა, რომელიც მათ თამამ სტილს შეესაბამება.
2008 წელს შეხვედრის შემდეგ, სტრინგერი და სმიტი ლოს-ანჯელესიდან ბეი არეაში გადავიდნენ. „ჩვენ დაახლოებით ათი წელი გავატარეთ განმარტოებაში,” – სიცილით ამბობს სმიტი. მხატვარი, რომელიც საკუთარ თავს ახასიათებს, როგორც პლაჟის გოგონას, ფიქრობდა, რომ ახალი სახლისთვის სამხრეთ კალიფორნია იდეალური ადგილი იქნებოდა. სწორედ აქ ეძებდა წყვილი შაბათ-კვირის დასვენებისთვის სახლს. მეგობარმა, რომელიც უძრავი ქონების აგენტია, მათ კალიფორნიის ვენეციაში მდებარე 1927 წლის ბუნგალო აჩვენა. „როგორც კი დავინახეთ, ვიფიქრეთ, რომ ეს ზუსტად ის იყო, რასაც ვეძებდით“ – განმარტავს სტრინგერი.
2018 წელს, ორწლიანი რემონტის შემდეგ, წყვილმა გადაწყვიტა, სახლი მთავარ საცხოვრებლად გადაექცია. „ამ სახლში ცხოვრების სტილის შესამჩნევი ცვლილება განვიცადეთ. ის ჩვენს მუდმივ თავშესაფრად იქცა“. წყვილმა მიიჩნია, რომ სახლისთვის ვენეციის პლაჟის არქიტექტურის შენარჩუნება მნიშვნელოვანი იყო, ამიტომ, ისინი არ შეხებიან ექსტერიერს და მთელი თავიანთი შემოქმედებითობა ინტერიერისკენ მიმართეს.
„სახლი არის გამოცდილებების ჯაჭვი, რომელშიც ვეფლობით, იგი ასახავს, თუ როგორ გვინდა ვიგრძნოთ თავი, სად გვსურს ყოფნა, როგორ წარვმართავთ ყოველდღიურ ცხოვრებას“, ამბობს სტრინგერი. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია ბუნებრივი შუქის ფონზე გაღვიძება, ამიტომ საწოლის ზემოთ შემინული სახურავი გავაკეთეთ”.
თუ მეორე სართულის ძირითადი საძინებელი სავსეა ბუნებრივი განათებით, პირველი სართული უფრო მდუმარე და ინტიმურია. „კრისტოფერი ავსტრალიაში გაიზარდა, მე კი კუნძულზე, ასე რომ, ამ შორეული ოაზისების იდეა ჩვენ ორივეს გვიზიდავს“, – აღნიშნავს სმიტი, რომელიც კაიმანის კუნძულებზე ცხოვრობდა მანამ, სანამ კანზას უნივერსიტეტში ჩააბარებდა. ის ამბობს: „ჩვენ გვსურდა, პირველ სართულზე ბაღის მხარეს მოთავსებული ფანჯრები შეგვენარჩუნებინა. ისინი არა მხოლოდ სინათლით ავსებს ოთახს, არამედ სივრცეში ბუნების შემოსვლას უწყობს ხელს. ეს არის არა მხოლოდ პასუხი ორიგინალურ არქიტექტურაზე, არამედ ჩვენს საერთო აღზრდაზეც“.
მიუხედავად იმისა, რომ წყვილის მიერ შექმნილი ინტერიერი სრულად მათ გემოვნებაზეა მორგებული, თითქმის საუკუნოვანი სივრცის ისტორიას ორივე მძაფრად გრძნობს. „ზოგჯერ, როდესაც სახლის ნაწილს ვუყურებ, ვფიქრობ, რომ, შესაძლოა, ეს უფრო უახლოვდება იმ გრძნობას, რომელიც სახლის აშენებისას თავდაპირველად იყო ჩაფიქრებული“, – აღნიშნავს სტრინგერი.