in

კანადური კოტეჯი ტბის ნაპირზე – პოლ ბრენიერის ზღაპრული პროექტი

Alliance Group
Alliance Group

კანადაში მდებარე ამ კოტეჯს უკვე ორმოცი წელია, რაც ერთი ოჯახი ფლობს, თუმცა ამ დროის განმავლობაში ის არასდროს რესტავრირებულა. ხის კაბინა კლდოვან, ციცაბო ფერდობზეა აშენებული, რომელიც ტბას ესაზღვრება. მისმა მფლობელებმა პოლ ბრენიერს, მონრეალში მოღვაწე არქიტექტორს, დაუკვეთეს კოტეჯის სრული რენოვაცია, რომლის მიზანიც მისთვის ახალი სიცოცხლის ჩუქება და სივრცის გაფართოება იყო ისე, რომ შენობა ღია და ნათელი გამხდარიყო და ჰარმონიულად  შერწყმოდა ტბისა და ტყის ხედს.

ტბასთან სიახლოვიდან გამომდინარე, არქიტექტორმა სახლის გაფართოება არა სიგანეში, არამედ სიგრძეში გადაწყვიტა –  ქვემო სართულის ფართობს მხოლოდ შემინული ვერანდა დაემატა. პოლ ბრენიერი საკმაოდ რთული ამოცანის წინ აღმოჩნდა – ძველი, ტიპური ხის კაბინისთვის ერთი სართული ისე უნდა დაეშენებინა, რომ მისი კონსტრუქცია და ირიბი სახურავი არ ჩამოშლილიყო.

კანადური კოტეჯი ორ განსხვავებულ ერას აერთიანებს – ერთი მხრივ, თავდაპირველ კაბინას და  მეორე მხრივ, მის თანამედროვე დანამატს. ორიგინალი კოტეჯი სოფლური ტიპის შენობაა – ქვისა და ხისგან დამზადებული, დამრეცი სახურავით. პოლ ბრენიერის მიერ დამატებული ელემენტები მონოლითური მოცულობისაა, მაგრამ არქიტექტორმა ძირითად მასალად აქაც ხე გამოიყენა, რათა ძველ კოტეჯთან ახალ სართულს მეტი საერთო ჰქონოდა და ერთმანეთს შეხამებოდა. სახლის ორ ნაწილს შორის მეტი საერთოს გამოსაძებნად ბრენიერმა მეორე სართულის სახურავიც გამიზნულად დაბრიცა, რაც საერთო ჯამში პროექტს კიდევ უფრო შეკრულ სახეს აძლევს.

რაც შეეხება ინტერიერს , ბრენიერმა განაახლა მასიური ქვისგან დამზადებული ბუხარი, რომელიც კოტეჯის ცენტრშია განთავსებული, ამიტომ მისი დანახვა ნებისმიერი კუთხიდან შეიძლება. განახლებული კიბე მსუბუქი, ნათელი და მინიმალისტურია, რაც კაბინას უფრო დიდს აჩენს, ვიდრე ის რეალურადაა.

არქიტექტორისთვის პრიორიტეტული იყო, ასევე, კოტეჯის კათედრალის ტიპის ჭერის შენარჩუნებაც, იმის მიუხედავად, რომ მის ზემოთ ახალი სართული უნდა დაშენებულიყო. ძველი სახურავი, რომელიც საკმაოდ არამდგრადი და მორყეული იყო, სრულიად მოიშალა და მის ნაცვლად დაგლასის სოჭის ხისგან დამზადებული სტრუქტურა დამონტაჟდა, რომელიც ზუსტად იმ კუთხით იყო დახრილი, როგორც ძველი სახურავი, მაგრამ მისგან განსხვავებით, მეორე სართულს საფუძველს უმყარებდა.

ახალი სართულის დამატებას ბევრი დადებითი რამ მოჰყვა, თუმცა მათ შორის უმთავრესი სიმაღლიდან გადაშლილი ტბისა და ცის ხედი იყო, რომელიც ქვემო სართულიდან ასეთივე მომაჯადოებელი არ ყოფილა. იმ ადგილზე, საიდანაც ყველაზე კარგად იშლება პეიზაჟის სურათი, ბრენიერის პროექტის მიხედვით, სახლის მთავარი საძინებელი განთავსდა. მფლობელების საწოლიდან დაინახავთ მაღალ, უმშვენიერეს ფიჭვის ხეებს, ტბასა და ვარსკვლავიან ცას, რომლითაც კანადა ასეა განებივრებული.

სართულის დამატებას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია ჰქონდა – აღმოსავლეთ მხარეს ფართო ვერტიკალური ფანჯრებიდან შემომავალი სინათლე მეორე სართულზე არსებული მინის იატაკის მქონე დერეფანის საშუალებით ქვემოთ ჩამოდის და იქაურობას სრულიად ანათებს. გარდა ამისა, პირველ სართულს მაღლა ამავალი კიბის თავზე არსებული ფანჯარაც ანათებს.

ამ ყველაფერთან ერთად, კოტეჯის სამხრეთ ნაწილში გაშენებული საოცარი შემინული ვერანდა მფლობელებს საშუალებას აძლევს, დატკბნენ გადაშლილი მომაჯადოებელი ხედით და მზის აბაზანებიც დისკომფორტის გარეშე მიიღონ.

Factory995 და ავეჯის რესტავრაციის სპეციფიკა

10 ონლაინ მაღაზია თბილისში, სადაც სარემონტო მასალის შეძენას შეძლებთ