in

მომხიბვლელი კაფე ნიუ-იორკში — ლიზა ტიმჩენკოს ნამუშევარი

Banner M2
Banner M2

მცირე ზომის კაფეს პროექტი, რომელიც ნიუ-იორკში მდებარეობს, დიზაინერ ლიზა ტიმჩენკოს შექმნილია. ობიექტის ფართობი 40 მ2-ია და ის სადა, მიმზიდველი დიზაინით ხასიათდება. საპროექტო დავალება გულისხმობდა პატარა ფართის სრულად ათვისებას და მსუბუქი, კომფორტული გარემოს შექმნას, სადაც მოსასვენებელი კუთხე, მცირე გასაყიდი სივრცე და მუსიკალური ზონა განთავსდებოდა.

პროექტზე მუშაობა დიზაინერმა “სუფთა ფურცლიდან” დაიწყო. შესაბამისად, გაკეთდა სრული სივრცის დემონტაჟი და ხელახლა დაპროექტდა როგორც ფასადი, ასევე ინტერიერი. რემონტის მიმდინარეობისას განსაკუთრებული ყურადღება მიექცა ფასადის დამუშავებას, რადგან  მნიშვნელოვანი იყო მას მომხმარებლების ყურადღება მიექცია და ადამიანები დაეინტერესებინა.

გეგმარების პროცესში მთავარი გამოწვევა პატარა  სივრცის სწორად ათვისება და ყველა დეტალის სრულყოფილად გათვალისწინება იყო. პროექტის ავტორის გადაწყვეტილებით, მაქსიმალურად ცოტა მასალაზე გაკეთდა აქცენტი, რათა ერთიანი სახე შენარჩუნებულიყო და ინტერიერი ვიზუალურად გაზრდილიყო. საინტერესო და მშვიდი გარემო ფერების, განათებისა და მასალების ჰარმონიული სინთეზით შეიქმნა. საბოლოოდ, კაფეში განთავსებულია ბარი, სტენდი, დასაჯდომი სივრცე, მცირე გასაყიდი ზონა, მუსიკალური კუთხე ფირსაკრავითა და აუდიო მოწყობილობებით და სველი წერტილი.

ფასადზე ზეთისხილისფერი მწვანეა გამოყენებული და კარიც და ფანჯრებიც დიდი ვიტრაჟებით არის დაფარული, რის გამოც ექსტერიერი და ინტერიერი მჭიდროდ უკავშირდება ერთმანეთს. გარე ზონაშიც მცირე დასაჯდომი კუთხეა მოწყობილი, სადაც  დასვენება და ყავის მირთმევა ღია სივრცეშია შესაძლებელი.

ინტერიერი ნეიტრალურ ტონალობაშია გადაწყვეტილი. კედლები და იატაკი მიკროცემენტითაა დამუშავებული, რაც ერთიან ზედაპირს ქმნის. საინტერესოდ შემოდის ხის მასალაც, რომელიც სივრცის ძირითად ფონს ძალიან უხდება და ავეჯს მეტად მიმზიდველს ხდის. ხოლო მეტალის ფაქტურა ბარის ზონაში ერთგვარი კონტრასტის როლს ითავსებს და მრავალფეროვნება შეაქვს ინტერიერში.

დასაჯდომ ნაწილში, რომელიც ვიტრაჟებთან არის განთავსებული, მშვიდი და მყუდრო ატმოსფერო იგრძნობა, რაც მოყვითალო, ქვიშისფერი რბილი ავეჯითა და განათებით მიიღწევა. ვიტრაჟებთან სკანდინავიური ბრენდის „Muuto“-სანათებია გამოყენებული, რომლებიც მინიმალისტური დიზაინისაა. ხოლო ბარის ზონაში „West Elm“-ის სანათებს ვხვდებით.

ბარი შედარებით დატვირთულია, რადგან ამ ზონაში მოწყობილია როგორც მოსამზადებელი, ასევე გასაყიდი ზონაც. ამ ნაწილს განსაკუთრებით საინტერესოს ხდის გამწვანება, რომელიც ინტერიერს აცოცხლებს. ხოლო ოთახის ბოლოს მოწყობილია საჭირო ტექნიკით აღჭურვილი მუსიკალური კუთხე, რომელიც გამორჩეულ გარემოს და სასიამოვნო ატმოსფეროს უზრუნველყოფს.

სააბაზანო ოთახში კედლები მიკროცემენტით არის მოპირკეთებული. ინტერიერი კი სისადავით და მყუდროებით ხასიათდება, რაც მსუბუქი განათებით, ხის მასალითა და მინიმალისტური სტილით მიიღწევა.

ლიზა ტიმჩენკოს ნამუშევარი კომფორტულ, მსუბუქ და პოზიტიურ სივრცეს ქმნის მომხმარებლებისთვის. საკმაოდ მცირე ფართის მიუხედავად, პროექტის ავტორმა იდეალურად შეძლო სივრცის სრულად ათვისება და ყველა საჭირო ფუნქციური ზონის მოწყობა.

პროექტის ავტორი: ლიზა ტიმჩენკო

ინტერიერის დიზაინის სტუდია: FORMS Studio

ავტორი: მეკო მეტრეველი

რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს საცხოვრებელი კომპლექსის ფასადი? – 4 მთავარი ფაქტორი

წვიმის წყლის შეგროვება და გამოყენება — როგორი პრაქტიკა არსებობს ამ მხრივ საქართველოში?