კაქტუსის ტყავი ცხოველების ტყავისგან დამზადებული აქსესუარების, ტანსაცმლისა და ავეჯის ეკოლოგიურად სუფთა ალტერნატივაა, რომლის იდეა ადრიან ლოპესსა და მარტე კაზარესს ეკუთვნით. უნივერსიტეტის დამთავრებისა და განსხვავებული კარიერული გზების არჩევის შემდეგ, ადრიანს და ლოპესს ერთმანეთი დიდი ხნის განმავლობაში არ ჰყავდათ ნანახი, თუმცა იცოდნენ, რომ ორივე მათგანი აქტიურად იყო ჩართული გარემოზე ზრუნვის პროცესებში და სურდათ რაიმე სასარგებლოსა და ფუნქციურის შექმნა.
ლოპესი ამ დროს ავეჯის სფეროში მუშაობდა, ხოლო კაზარესი მოდის სამყაროში ცდილობდა თავის დამკვიდრებას. წლების შემდეგ მეგობრებმა ძალების გაერთიანება და რაღაც მნიშვნელოვანის შექმნა გადაწყვიტეს, რაც მოდის სამყაროში ელვისებური სისწრაფით შეაღწევდა და გაიყიდებოდა.
მათ მიერ შემუშავებული ტყავის მასალა, რომელიც კაქტუსისგან მზადდება, ძალიან რეალისტურად გამოიყურება და ცხოველის ნატურალური ტყავისგან რთულად თუ გაირჩევა.
მექსიკელებმა კაქტუსის ტყავი პირველად მილანში წარადგინეს, მოხვდნენ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გამოფენაზე – Lineapelle და ავეჯის სახლების დიდი ყურადღებაც დაიმსახურეს. მასალა სათანადოდ დაფასდა მისი სასიამოვნო ტექსტურის, ეკოლოგიური თვისებებისა და სტრუქტურის ხარჯზე.
დღეს კაქტუსის ტყავი ფართოდაა გავრცელებული მოდის ინდუსტრიაში და მას თვით ლეგენდარული დიზაინერი, კარლ ლაგერფილდიც კი იყენებდა, რომელმაც 2021 წელს აქსესუარების კოლექცია სწორედ კაქტუსის ტყავის გამოყენებით შექმნა.
საიდან გაჩნდა კაქტუსის ტყავის იდეა?
თავდაპირველად, ლოპესმა და კაზარესმა შეამჩნიეს, რომ მექსიკური კაქტუსი იდეალური მასალაა ტყავისთვის. ის სწრაფად იზრდება, არ საჭიროებს მორწყვასა და განსაკუთრებულ მოვლას, არ სჭირდება ქიმიკატები, ტექნოლოგიები და მისი წარმოებისთვის დახარჯული ენერგია მინიმალურია. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მათ შექმნეს საკუთარი კომპანია, რომელიც Desserto-ს სახელითაა ცნობილი და დაიწყეს კაქტუსის ტყავის დამუშავება. მათი პლანტაცია მდებარეობს მექსიკის შტატ ზაკატეკასში და მოსავლის აღება ყოველ 6-8 თვეში ერთხელ არის შესაძლებელი.
როგორ ხდება კაქტუსის ტყავის დამუშავება?
კაქტუსი ცნობილია თავისი გამძლე, სქელი კანით, რაც შესანიშნავი ვეგანური ტექსტურაა ცხოველის ტყავის ჩასანაცვლებლად. ტყავის მისაღებად კაქტუსს მომწიფებულ ფოთლებს აჭრიან და მზეზე სამი დღის განმავლობაში ტოვებენ გამოსაშრობად. გამოშრობის შემდეგ ხდება მათი დამუშავება სპეციალური ტექნოლოგიის გამოყენებით, რომელიც ლოპესმა და კაზარესმა დააპატენტეს და საიდუმლოდ ინახავენ.
საბოლოოდ ტყავი გამოდის მომწვანო ფერის, თუმცა ეკოლოგიურად სუფთა საღებავების გამოყენებით, მათი შეღებვა მარტივი პროცესია. კაქტუსის ტყავი უძლებს რეგულარულ გამოყენებას თითქმის 10 წლის განმავლობაში. ამის შემდეგ შესაძლებელია მისი გადამუშავება, რადგან ის არის ნაწილობრივ ბიოდეგრადირებადი მასალა, რომელიც არ შეიცავს პლასტმასას.
რა უპირატესობები აქვს კაქტუსის ტყავს ბუნებრივ ტყავთან შედარებით?
როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი პროდუქტი, ცხოველის ტყავი ყოველწლიურად 80 მილიარდი დოლარის ბიზნესია, რის გამოც, კაქტუსის ტყავის შექმნამ ბუნებრივი ტყავის მწარმოებლების დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. Desserto არის მცენარეული ტყავი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას ყველგან, როგორც ფეხსაცმელებსა და ჩანთებში, ასევე ავეჯისთვისაც და მისი მთავარი უპირატესობა ისაა, რომ ის ეკოლოგიურად სუფთა და ვეგანურია.
კაქტუსის ტყავი კარგად უძლებს დროს, სინათლისა და ტემპერატურის ზემოქმედებას და გამოირჩევა უმაღლესი ხარისხით, რომელსაც სახლის ინტერიერში განსაკუთრებული ეფექტები შემოაქვს.
ამ უპირატესობების გარდა, დიდი განსხვავებაა ფასებშიც, რადგან კაქტუსის ტყავი, ბუნებრივ ტყავთან შედარებით, ბევრად უფრო იაფია.
ასე რომ, ორმა მეგობარმა მექსიკიდან შეძლო და აღმოაჩინა ტექნოლოგია, რომლის საშუალებით შესაძლებელია მსოფლიოს ეკოლოგიაზე ზრუნვა და ხარჯების შემცირება. კაქტუსის ტყავი არის არა მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა მასალა, არამედ ტრადიციული ტყავის შედარებით იაფი და ხარისხიანი ალტერნატივა.