ადამიანთა უმეტესობისთვის კარი გაცილებით მეტია, ვიდრე ერთი ოთახიდან მეორეში შესასვლელი. მას შეუძლია შესძინოს თქვენს სივრცეს ელეგანტური ელფერი და, ამავდროულად, ოთახის განწყობა მასში შესვლამდე გადმოსცეს. თქვენ მიერ შერჩეულმა კარის ტიპმა, შესაძლოა, ინტერიერზე დიდი გავლენა იქონიოს.
თუმცა, თქვენი სახლისთვის შესაფერისი კარის პოვნა — რომ აღარაფერი ვთქვათ თითოეულ სტილს შორის არსებული მცირე, ნიუანსური განსხვავების გაგება — ადვილი ნამდვილად არ არის. დღეს სწორედ ამ საკითხის შესახებ ვისაუბრებთ.
პანელური კარები
ეს სტილი განისაზღვრება როგორც ბრტყელი პანელები, რომლებიც მოთავსებულია საყრდენების სერიებსა (ვერტიკალური ჩარჩოები) და რელსებს (ჰორიზონტალური ჩარჩოები) შორის. მიუხედავად იმისა, რომ პანელური კარების მრავალი განსხვავებული დიზაინია ხელმისაწვდომი, ყველაზე პოპულარული ექვსპანელიანი ვარიანტია, რომელიც ექვს მართკუთხედს ან კვადრატს აერთიანებს.
პანელური კარების მცურავი კონსტრუქცია მას საშუალებას აძლევს, რომ გაფართოვდეს და შეიკუმშოს ტენიანობის დონის მერყეობისას, რაც სტრუქტურის გაბზარვას და დაზიანებას უშლის ხელს. მიუხედავად იმისა, თქვენი გემოვნება უფრო კლასიკურია თუ თანამედროვე, პანელური კარები საკმარისად მრავალმხრივია იმისთვის, რომ ნებისმიერი დიზაინის სტილს მოერგოს.
სადა კარები
სპექტრის საპირისპირო ბოლოში სადა, მარტივი კარებია. როგორც წესი, ასეთი მოდელი ერთი ბრტყელი ხის ფილისგან არის აგებული. მიუხედავად იმისა, რომ სადა კარები ისეთივე მრავალმხრივია, როგორც პანელური ვერსიები, მეტად სავარაუდოა, რომ მათ უფრო ახალ, თანამედროვე სივრცეებში შეხვდეთ.
ჟალუზის ტიპის კარები
ჟალუზის ტიპის კარები არის ერთ-ერთი სტილი, რომელსაც შეუძლია დროის გამოცდას გაუძლოს. ეს მოდელი სინათლის შეღწევისა და ჰაერის ნაკადის გაზრდის მიზნით არის შექმნილი. გასაკვირი არ არის, რომ ასეთი კარები გამოიყენება როგორც თბილი კლიმატის ქვეყნებში, ასევე პატარა ოთახებისთვის.
ფრანგული კარები
რატომ უნდა დაკმაყოფილდეთ ერთი კარით, როცა შეგიძლიათ ორი გქონდეთ? სიმეტრიული კარები, რომლებიც ხის ჩარჩოში ჩასმული მინებით არის შექმნილი, ოთახს ჰაეროვნებას ანიჭებს. ფრანგულ კარებს ბევრი უპირატესობა გააჩნია, როგორიცაა ოთახის ვენტილაციისა და ბუნებრივი განათების გაზრდა.
სახელწოდებამ, შესაძლოა, შეცდომაში შეგვიყვანოს — სინამდვილეში, ფრანგებმა შთაგონება იტალიური რენესანსის პერიოდის სიმეტრიული კარებისგან მიიღეს.
დასაკეცი კარები
ამ მოდელის შესაქმნელად გამოიყენება სხვადასხვა მასალები, როგორიცაა ხე და მინა. დასაკეცი კარები დამზადებულია რამდენიმე პანელისგან, რომლებიც გვერდიგვერდ არის განლაგებული.
ეს ვარიანტი მნიშვნელოვნად ნაკლებ ადგილს იკავებს, რადგან ის არ იხსნება. ამიტომ დასაკეცი კარები პატარა სივრცეებისთვის შესანიშნავ არჩევანს წარმოადგენს.
„ჯიბე“
თუ თქვენი სივრცის მაქსიმალურად გამოყენება გსურთ, ეს შესაფერისი ვარიანტია. დასაკეცი კარის მსგავსად, „ჯიბეც“ გასაგორებელი კარების ნაირსახეობას წარმოადგენს, თუმცა ამ შემთხვევაში კარი მიმდებარე კედელში იმალება. მიუხედავად იმისა, რომ ამ მოდელის დაყენება შეიძლება შრომატევადი იყოს, ეს მცირე სივრცეებისთვის ეფექტური გადაწყვეტაა.
გასაგორებელი კარები
გასაგორებელი კარების ნაკრები კიდევ ერთი გზაა, რათა თქვენი იატაკის სივრცე მაქსიმალურად გამოიყენოთ. ეს სტილი უამრავი სხვადასხვა მასალისგან მზადდება. თუ გსურთ, რომ გარე სამყაროსა და თქვენი სახლის ინტერიერს შორის კავშირი შექმნათ, ეს სტილი სწორედ შესაფერისი არჩევანია.
ბეღლის გასაგორებელი კარები
ამ მოდელს შეუძლია ნებისმიერ სახლს თანამედროვე ფერმის ელფერი მიანიჭოს. „ჯიბისა“ და დასაკეცი კარებისგან განსხვავებით, რომლებიც იდეალურია პატარა ფართებისთვის, ეს სტილი გარშემორტყმული უნდა იყოს საკმარისი ცარიელი კედლით, რათა მისი გაღება-დახურვისას პრობლემა არ შეიქმნას.
მიუხედავად მრავალფეროვანი არჩევანისა, ამ მოდელს რამდენიმე ნაკლი აქვს, მაგალითად, ის არც ისე კარგად ბლოკავს ხმას.
რუბრიკის წარმდგენია კარების კომპანია გაბილდი