2002 წლიდან მთელ მსოფლიოში გავრცელებული 3 მილიონი ეგზემპლარი — მოდელი, რომელიც 21 წლის განმავლობაში მხატვრებისა და დიზაინერების ახალ-ახალი ინტერპრეტაციის წყაროა. ეს მხოლოდ 2000-იანი წლების რეტრო ტალღის გამოხატულებაა, თუ ბევრად მეტი?
დღეს Kartell-ის ცნობილ სკამზე, Louis Ghost-ზე მოგიყვებით.
Louis Ghost-ი 21 წლის წინ ფილიპ სტარკმა საკუთარი ხელით შექმნა. დიზაინერისთვის ეს მოდელი რაღაც მოჩვენებისმაგვარია – უხილავი მეგობარი, ჩრდილი ანდა ანარეკლი. კლაუდიო ლუტი – ადამიანი, რომელმაც 1988 წელს Kartell-ი შეიძინა და ფრანგ დიზაინერთან თანამშრომლობა დაიწყო, აღნიშნავს: „პირველივე საგნით, რომელიც ფილიპმა ჩემთვის შექმნა, სურდა, საკუთარი დიზაინი განესხვავებინა 70-იანი წლებში გავრცელებული, პლასტმასისგან შექმნილი პროდუქციის იერსახისგან“.
„2000 წელს გამოჩნდა პოლიკარბონატი – მასალა, რომელიც, ერთდროულად, გამჭვირვალე და მტკიცე იყო. იგი პოლიციის ფარებისა და ჩაფხუტების დასამზადებლად გამოიყენებოდა“, — იხსენებს კლაუდიო. სწორედ ამის შემდეგ გაჩნდა იდეა, ამ მასალით ავეჯი დაემზადებინათ.
„დასავლეთში თუ სკამის ან სავარძლის დამზადება გინდათ, მოდელი, რომელიც პირველად მოგდით თავში, Medallion-ია”,— აღნიშნავს ფილიპი. მისი შთაგონებით დიზაინერმა შექმნა Louis Ghost-ი, რომელიც მთავარმა ელემენტმა – გამჭვირვალობამ – სრულყოფილად აქცია.
„მახსოვს ის აღფრთოვანება, რომელიც ჩვენ მიერ შექმნილმა პირველმა ნიმუშმა გამოიწვია. მხოლოდ საზურგეზე მოგვიწია დამატებით მუშაობა, რათა უფრო კომფორტული გაგვეხადა. მას შემდეგ Louis Ghost-ი Kartell-ის სხვა სკამებისთვის ერთგვარ ეტალონად იქცა“, — ამბობს კლაუდიო. „ჯერ კიდევ ბევრია სამუშაო სკამებისა და მაგიდების დიზაინის მიმართულებით, რადგან ეკოლოგიური, ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური გამოწვევები გადაჭრილი ისევ არ არის. უკვე 25 წელია, რაც ე. წ. დემოკრატიულ დიზაინზე ვმუშაობ, რათა მომხმარებელს ხარისხიანი და ხელმისაწვდომი მოდელები შევთავაზო. Louis Ghost-ი შესანიშნავი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ერთ ობიექტში გაერთიანდეს კარგი დიზაინი, სწორი ტექნოლოგია და შესაბამისი ფასი“.
კლაუდიო იხსენებს, რომ Louis Ghost-ი ყველგან უნახავს – შიდა და გარე სივრცეებში, სახლებში, სასტუმროებში, რესტორნებში, მოდის ჩვენებებსა თუ შეხვედრებზე, რაც მოდელის უნივერსალურობასა და პოპულარობას უსვამს ხაზს.
პროექტი ავეჯის პოლიკარბონატ 2.0-ით წარმოებაზე გადავიდა. ესაა მასალა, რომლის 65%-70% მცენარეული ნივთიერებისგან (ცელულოზა) შედგება, შესაბამისად, მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა გარემოსდაცვითი მიმართულებით. „2000-იან წლებში, როდესაც დიზაინი მოდური გახდა, წარმოება არაეკოლოგიური იყო, რადგან ავეჯის დასამზადებლად ბევრი მასალა და რესურსი იხარჯებოდა. ამიტომაც ყოველთვის მაინტერესებდა: როგორ შეიძლება დიზაინის შექმნა ისე, რომ არ უგულებელყო ეთიკური ფასეულობები და ყოფითი საჭიროებებიც გაითვალისწინო? ახალი თაობისთვის ამ გარემოებამ მნიშვნელობა შეიძინა. მიხარია, რომ ეთიკური ფასეულობების დაბრუნებით დიზაინის ახალი სიცოცხლე იწყება“, — ამბობს კლაუდიო.
რედაქტორი: სოფიო მენთეშაშვილი