in

“კარულა” — კარის სახელურების ქართული სტარტაპი

კარულა“ ახალგაზრდა ქართული კომპანიაა, რომელიც გასული წლის ოქტომბერში დაარსდა. ბრენდი ქართულ ბაზარს საინტერესო დიზაინის კარის სახელურებს სთავაზობს და მომხმარებლებს ინტერიერის გემოვნებით გაფორმებაში ეხმარება. „კარულას“ კონცეფცია ჯანსაღი ადამიანური ურთიერთობების ჩამოყალიბებას ეფუძნება. მენეჯმენტისთვის თანაბრად მნიშვნელოვანია მომხმარებლებისა და თანამშრომლების კმაყოფილება.

ჩვენ კომპანიის დამფუძნებელს, გურამ გავაშელიშვილს ვესაუბრეთ, რათა გაგვერკვია, როგორ გაჩნდა კომპანიის დაარსების იდეა, როგორ ვითარდებოდა ბრენდი და, ზოგადად, რა ფილოსოფიას ეფუძნება „კარულა“.

როგორ გაჩნდა „კარულას“ დაარსების იდეა?

ალბათ, იმ ამბიციებიდან გამომდინარე, რომლებიც მქონდა და ახლაც მაქვს. თავდაპირველად ჩემს პარტნიორთან ამ იდეაზე საუბარი საუბრადვე რჩებოდა. მას შემდეგ, რაც სფეროს უფრო ჩავუღრმავდით, ამასთან, ერთ-ერთმა ახლობელმა, რომელიც წარმატებული ბიზნესმენია, გარკვეული რჩევები მოგვცა, ჩანაფიქრი უფრო რეალური გახდა. მოლაპარაკების შემდეგ მე და ჩემმა პარტნიორმა გადაგვწყვიტეთ, საქმეს სერიოზულად მივდგომოდით, რასაც პასუხისმგებლობებისა და როლების გადანაწილება მოჰყვა. წარმატებული ბრენდის შექმნის ერთ-ერთი მთავარი პირობა მომხმარებლის მოსმენაა, რაც ყოველთვის მახვედრებდა, რა ნაბიჯების გადადგმა იყო საჭირო. რამდენიმეთვიანი დაკვირვების შემდეგ აღმოვაჩინე, რომ არსებობდა მოთხოვნა დახვეწილ, თანამედროვე, მაღალი ხარისხისა და გამორჩეული დიზაინის კარის სახელურებზე, ბაზარი კი ამ საჭიროებას სრულად ვერ აკმაყოფილებდა. ამიტომაც დავიწყე ფიქრი იმაზე, თუ სად, როგორ, რა გზითა და ღირებულებით შეიძლებოდა ამ პროდუქტის შემოტანა ქართულ ბაზარზე.

სახელურები ჩამოგვაქვს ჩინეთიდან, სადაც შერჩეული გვყავს ორი საუკეთესო მწარმოებელი. რამდენიმე მოდელი მათთან კონსულტაციით შეიქმნა, ხოლო დანარჩენი – მზა დიზაინის მიხედვით. სახელურები მაღალი სტანდარტების დაცვით მზადდება და ევროპული ბაზრისთვისაა განკუთვნილი, შესაბამისად, ხარისხი პრემიუმ-კლასის გახლავთ. ყოველი მოდელი გადის ლაბორატორიულ ტესტირებას ფერსა და ფუნქციონირებაზე, რის შემდეგაც უკვე მაღაზიებში იგზავნება. წარმოებისას გამოიყენება მაღალი ხარისხის მეტალის შენადნობი (თუთია და ლატუნი), ფერს კი, ძირითადად, ქრომირების მეთოდით ვიღებთ.

ჩვენი თითოეული მოდელი შთაგონებითაა შექმნილი – მათი ფოტო- და ვიდეოკონტენტი „კარულას“ სოციალურ გვერდებზე რეგულარულად ქვეყნდება. მაგალითად, გვაქვს ე. წ. „გადაკეცილი“ სახელური, რომელიც ბოინგის ფრთის იმიტაციით შეიქმნა, ასევე, მოდელი, რომლის დიზაინის შთაგონებად პლანეტა იუპიტერი იქცა და ა. შ. გარდა ამისა, უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ საბავშვო საძინებლისთვის განკუთვნილ სახელურს, რომლის ზედა მხარეს ნებისმიერი ფორმისა და ვიზუალის ლეგოს მოთავსებას შეძლებთ. კარგი დიზაინი სასიამოვნო განწყობას ქმნის, ამიტომ ეს ხაზი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დიზაინი აუმჯობესებს ცხოვრებას, რის გამოც თანდათან ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი ხდება.

მას შემდეგ, რაც, ასე თუ ისე, ვიპოვეთ პროდუქტი, რომლის შეთავაზებასაც მომხმარებლისთვის შევძლებდით და კომპანიის სტრატეგიაც გავიაზრეთ, ბრენდის სახელწოდების მოფიქრებაღა დაგვრჩა. კომპანიის სტრატეგიიდან გამომდინარე, მე და ჩემს მეუღლეს გვინდოდა, სახელი მარტივი და დასამახსოვრებელი ყოფილიყო და თან კარის სახელურების ასოციაციაც გამოეწვია. ბევრი ფიქრის შემდეგ გაჩნდა იდეა, რომ სახელი შეგვექმნა სიტყვების – „კარი“ და „სახელური“ – ასოთა კომბინაციით. შედეგად მივიღეთ ბრენდის სახელწოდება – „კარულა“.

რა ეტაპზე იმყოფება ამჟამად კომპანია?

„კარულა“ ჯერჯერობით სტარტაპია, რაც იმას ნიშნავს, რომ წინ კიდევ ბევრი გამოწვევა, წინაღობა, მიზანი და გამარჯვება გველის. დასაწყისი რთული, მაგრამ საინტერესო იყო: გვიწევდა ღამეების თენება, უამრავი ახალი ინფორმაციის გაცნობა, პარტნიორების ძიება, ბაზრის კვლევა და ა. შ. იდეის გაჩენის დღიდან მის განხორციელებამდე უმნიშვნელოვანესი იყო ის მხარდაჭერა, ნდობა და რწმენა, რომელიც ჩემმა მეუღლემ, სალომე მამულაშვილმა გამოიჩინა. ის სამსახურიდან წამოვიდა და საკუთარ თავზე აიღო მნიშვნელოვანი ფუნქცია-მოვალეობები, რომლებსაც დღემდე დიდი სიყვარულით ასრულებს. დღეს ის კომპანიის აღმასრულებელი დირექტორია.

ახლა იმ ეტაპზე ვართ, როდესაც ვგრძნობთ მომხმარებლის კმაყოფილებასა და მოთხოვნას, თანამშრომლები კი საკუთარი მოვალეობებისადმი კეთილგანწყობილნი არიან. ამასთან, ვგეგმავთ, დავამატოთ ორიგინალური პროდუქტები, რომლებიც ჩვენს მომხმარებელს სჭირდება.

რა არის თქვენი კომპანიის მთავარი ფილოსოფია?

„კარულას“ ფილოსოფია შემდეგ პრინციპებს ეფუძნება:

  • მოუსმინე თანამშრომლებს;
  • მოუსმინე მომხმარებლებს;
  • გადადგი სწორი ნაბიჯები განვითარებისთვის;
  • გააცნობიერე პრობლემები და სწრაფად იმოქმედე;
  • იყავი რაც შეიძლება მარტივი;
  • არ ჩამორჩე დროს.

წარმატებულ ბრენდს ქმნიან ბედნიერი, რეალიზებული თანამშრომლები, კმაყოფილი მომხმარებლები და სწორი ურთიერთობები პარტნიორებთან – სწორედ ესაა ჩვენი კომპანიის მთავარი ფილოსოფია.

როგორ შეაფასებდით ქართულ ბაზარს: რა გამოწვევებს აწყდებით და, პირიქით, რა შესაძლებლობებს გიქმნით?

ვითარდება როგორც ბიზნესი, ასევე, მომხმარებელიც, ამიტომ მნიშვნელოვანია, ამ პროცესს ფეხი ავუწყოთ. ბევრი გამოწვევა არსებობს, განსაკუთრებით სტარტაპისთვის. ალბათ, ამ ეტაპზე შეუძლებელია მომავლის ნათლად წარმოდგენა, თუმცა, ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, რომ სახლის მოწყობის მიმართულებით ქართული ბაზარი ძალიან საინტერესო და მომთხოვნია.

როგორ ფიქრობთ, რა გამოარჩევს „კარულას“ სხვებისგან?

უპირველეს ყოვლისა, ექსკლუზიური პროდუქტი. გარდა ამისა, ორიენტირებულნი ვართ მომხმარებლებისა და თანამშრომლების თანაბარ კმაყოფილებაზე. საბედნიეროდ, დღეს უკვე ბევრი კომპანიაა, რომლებშიც დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ თანამშრომლების კეთილგანწყობას, ჩვენ კი „კარულას“ დაარსების დღიდან სწორედ ასეთი ფილოსოფია გვამოძრავებდა. ვფიქრობთ, წარმატების გზაზე ეს გვმატებს რწმენასა და ძალას.

რუბრიკის წარმდგენია თიბისი ბიზნესისთვის

ავტორი: გიორგი ბელქანია

ენობრივი რედაქტორი: სოფიო მენთეშაშვილი

Casa Cavero — სახლი, რომელიც შესანიშნავად წარმოაჩენს ადგილის ისტორიას

დიზაინის 11 შეცდომა, რომელიც თქვენს სახლს იაფფასიან იერს სძენს