რბილი ავეჯი ინტერიერის დიზაინში, როგორც წესი, ერთ-ერთ დომინანტურ როლს თამაშობს. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ბაზარი რბილი ავეჯის კუთხით, რომელსაც ადგილობრივი მწარმოებლები და ექსპორტირებული ბრენდები ქმნიან, საკმაოდ კონკურენტულია. დღეს გადავწყვიტეთ ერთ-ერთ ადგილობრივ მწარმოებელზე, “კავეზე” (Kave) გიამბოთ, რომელიც ქართულ ბაზარზე უკვე რამდენიმე წელია წარმატებით ოპერირებს. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ კომპანიის დირექტორს, გიორგი კაპანაძეს გავესაუბრეთ.
-როდის შეიქმნა Kave და რა წინაპირობები უძღოდა წინ მის შექმნას? საიდან დაიბადა იდეა?
-Kave თავისი არსებობის მეექვსე წელს ითვლის. წინაპირობა საკმაოდ ბანალური იყო – როცა თავად დამჭირდა აღნიშნული პროდუქციის შეძენა და აქტიური ძებნის მიუხედავად, სასურველი მოდელი ვერც მზა პროდუქციის სახით ვერ ვნახე და ვერც ისეთ საწარმოს მივაგენი, რომელიც ჩვენი დიზაინით დაამზადებდა, გადავწყვიტე ძალები ამ მიმართულებით მომესინჯა და შეგვექმნა ისეთი სივრცე, სადაც მომხმარებელი შეზღუდული არ იქნებოდა არც ფერის, არც მატერიის და არც დიზაინის არჩევანში.
-კონკრეტულად, რა პროდუქტს სთავაზობს Kave მომხმარებლებს?
-სახელწოდება „Kave რბილი ავეჯის საწარმო“ სწორედ იმიტომაც ავარჩიეთ, რომ ჩვენი მიზანია, მომხმარებელს შევთავაზოთ რბილი ავეჯის ფართო ასორტიმენტი – სავარძელი, ტახტი, საწოლი. თუმცა, ჩვენი წარმატების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა, ალბათ, ის ფაქტია, რომ მიღწეულით არ ვკმაყოფილდებით და აქტიურად ვმუშაობთ ჩვენი ერთგული მომხმარებლებისთვის ახალი კრეატიული მოდელების შეთავაზებაზე.
-რა მასალებისგან მზადდება Kave-ს პროდუქცია?
-ჩვენი მასალის დამზადებისას, ძირითადად, ვიყენებთ მასიურ ხის მასალას (ფიჭვი, კაკალი, წიფელი), მაღალი ხარისხის ლატექსის ღრუბელს, ქსოვილების ნაირსახეობას (ტილო, ხავერდი, ალკანტარა და ა შ), ქართული წარმოების ბამბას. ამას გარდა, ინდივიდუალური შეკვეთებისას, კლიენტების მოთხოვნიდან გამომდინარე, ვიყენებთ კიდევ სხვადასხვა დამატებით კომპონენტებს.
-პროდუქტის გარდა, კიდევ რაიმე მომსახურებასაც ხომ არ სთავაზობთ მომხმარებლებს? ავეჯს მხოლოდ თქვენი დიზაინით ამზადებთ თუ ინდივიდუალურ შეკვეთებსაც იღებთ და მომხმარებლის აზრს ითვალისწინებთ?
-ჩვენი 6 წლიანი გამოცდილების განმავლობაში არაერთი ორიგინალური დიზაინის მოდელი შევქმენით. თუმცა, გაყიდვების სტატისტიკას თუ გადავავლებთ თვალს, დაახლოებით 70 % მაინც ინდივიდუალურ შეკვეთებზე მოდის და ჩვენი ტექნიკური ჯგუფიც მაქსიმალურად მომართულია, რათა მომხმარებელთა ყველა მოთხოვნა და მითითება სრულად იყოს გათვალისწინებული.
-როგორ ფიქრობთ, როგორი ტიპის სივრცეებისთვისაა განკუთვნილი თქვენი ავეჯი?
-თავიდან ჩვენი ძირითადი პროდუქცია ფიზიკურ პირებზე იყო ორიენტირებული, თუმცა, ეტაპობრივად ჩვენც ვიზრდებოდით და დღეს ჩვენი კლიენტების ბაზაში არაერთ სასტუმროს, სამშენებლო კომპანიას თუ კლინიკას წააწყდებით.
-როგორ ფიქრობთ, რამდენად რელევანტურია მსგავსი ავეჯი ქართველი მომხმარებლების გემოვნებისთვის?
-მიუხედავად იმისა, რომ 2020 წელს გვქონდა რამდენიმე შეკვეთა, რომელიც ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარედან იყო შემოსული, მაინც ჯერჯერობით Kave ადგილობრივ ბაზარზე ოპერირებად ბრენდად რჩება და, შესაბამისად, მთელი ჩვენი გუნდის მუშაობა სწორედ ქართველი მომხმარებლების გემოვნებასა და მოთხოვნებზეა მორგებული. სწორედ ამის გამო ხდება, რომ ყოველგვარი ზედმეტი მარკეტინგული საქმიანობის გარეშე Kave-ს მომხმარებელთა რიცხვი თვიდან თვემდე იზრდება.
-მგონი რომ საკმაოდ კონკურენტულ ბაზარზე გიწევთ საქმიანობა და, როგორ ფიქრობთ, რითაა გამორჩეული კავეს პროდუქცია?
-ბოლო პერიოდში როგორც ადგილობრივი წარმოების მხრივ, ასევე საზღვარგარეთიდან იმპორტის ხარჯზე, კონკურენცია მართლაც გაზრდილია. თუმცა, ფასისა და ხარისხის შესაბამისობა, კლიენტებთან მჭიდრო კოორდინაცია და დაგროვილი გამოცდილება გვაძლევს იმის საშუალებას, რომ Kave-ს თავისი კუთვნილი ადგილი ეკავოს ქართული რბილი ავეჯის წარმოებაში.
-ამჟამად მხოლოდ რბილ ავეჯს აწარმოებთ, სამომავლოდ გეგმაში ხომ არ გაქვთ სხვა ტიპის, თუნდაც მყარი ავეჯის წარმოებაც?
-ჩვენი ძირითადი მიზანი ის არის, რომ ნებისმიერ მომხმარებელს, რომელსაც რბილი ავეჯის შეძენა თუ შეკვეთა უნდა პირველი Kave-ს ბრენდთან უჩნდებოდეს ასოციაცია. სწორედ ამიტომ, ამ ეტაპზე სრულად გადართულები ვართ, რომ რბილი ავეჯის სრული ასორტიმენტი მოვიცვათ და რაც შეიძლება ბევრი ახალი ორიგინალური და კრეატიული ნიმუში შევთავაზოთ ჩვენს კლიენტებს.
თუმცა, არ გამოვრიცხავ რაღაც ეტაპზე მივიღოთ გადაწყვეტილება და დაგროვილი გამოცდილება უკვე თანამედროვე ტრენდული ავეჯის სხვა მიმართულებების წარმოებაშიც გამოვიყენოთ.
-აქვს თუ არა კავეს შოურუმი და დაინტერესებულმა პირებმა სად უნდა მოგმართონ?
-იმისათვის, რომ ჩვენი ერთგული კლიენტებისთვის კიდევ უფრო მარტივი იყოს გადაწყვეტილების მიღება, ვაკეში, ატენის 6/8-ში შევქმენით ერთგვარი ფერადი სივრცე, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ როგორც უკვე დამზადებული მოდელების დათვალიერება, ასევე, მათი გემოვნებიდან გამომდინარე, სასურველი ქსოვილის, ზომისა თუ დიზაინის რბილი ავეჯის შეკვეთა.