სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ “კავკასიის უნივერსიტეტის” არქიტექტურის პროგრამას მსოფლიოში ყველაზე ცნობილი და პრესტიჟული პროფესიული ასოციაციის – ბრიტანელი არქიტექტორების სამეფო ინსტიტუტის (RIBA) კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა ქართული არქიტექტურული სფეროსთვის, რომლის მეშვეობით ამიერიდან “კავკასიის უნივერსიტეტის” სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს მიეცემათ უნიკალური შესაძლებლობა, მიიღონ საუკეთესო ხარისხის განათლება ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებით, პროგრამის დასრულების შემდგომ კი საერთაშორისო ბაზარზე აღიარებული დიპლომის მფლობელები გახდნენ.
ბრიტანელი არქიტექტორების სამეფო ინსტიტუტი (RIBA) მსოფლიოში ყველაზე ცნობილი და პრესტიჟული პროფესიული ასოციაციაა, რომელიც 1834 წელს დაარსდა. ინსტიტუტი მართავს მსოფლიოს უძველეს არქიტექტურულ ჯილდოებს, მათ შორისაა სამეფო ოქროს მედალი, რომელიც მტკიცდება პირადად დიდი ბრიტანეთის სამეფოს მიერ და გადაეცემა იმ არქიტექტორს ან არქიტექტორთა ჯგუფს, რომლებმაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინეს არქიტექტურის განვითარებაზე.
RIBA ასევე მართავს RIBA international Award-ს, რომელში მონაწილეობაც მხოლოდ ასოციაციის წევრებს შეუძლიათ. ჯილდოს მოპოვება იძლევა საერთაშორისო აღიარების საშუალებას და შუქდება RIBA-ის მხარდამჭერი ისეთი მედია საშუალებებით, როგორიცაა CNN, Archdaily, Wallpaper და სხვა.
RIBA-ის წევრობა კავკასიის უნივერსიტეტის არქიტექტურის პროგრამას, მის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს ანიჭებს ისეთ უპირატესობებს, როგორიცაა დიპლომი უმაღლესი ხარისხის ნიშნით, თანამედროვე გამოწვევებზე ორიენტირებული სწავლება, წვდომა RIBA-ის სტუდენტურ პრემიებსა და პრეზიდენტის მედალზე, შესაძლებლობას რომ მიიღონ RIBA-ის სტუდენტური ყოველწლიური სტიპენდია, რომელიც ითვალისწინებს სტუდენტების ფულად მხარდაჭერას. ასევე, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბიბლიოთეკის არქიტექტურულ ლიტერატურაზე წვდომას, RIBA-ის კონკურსებსა თუ დისკუსიებში მონაწილეობის შესაძლებლობას, ახალი ნორმებისა თუ რეგულაციების შესახებ მუდმივ ინფორმირებას, რადგან RIBA არის არქიტექტურის თანამედროვე ფასეულობებისა და ღირებულებების გარანტი.
აქვე უნდა აღინიშნოს, კავკასიის უნივერსიტეტის არქიტექტურის პროგრამა, რომელმაც ბრიტანელი არქიტექტორების სამეფო ინსტიტუტის (RIBA) – კანდიდატის სტატუსი მიიღო, კავკასიის უნივერსიტეტის ახალი მე-11 სკოლის – კავკასიის არქიტექტურისა და დიზაინის – ერთ-ერთი პროგრამაა.
ვრცლად RIBA-ის და მისი წევრი უნივერსიტეტების, პროგრამების შესახებ ინფორმაციის გაცნობა შესაძლებელია ბმულზე.