in

კედლების შეფითხნა – რას გულისხმობს რემონტის ეს ეტაპი და რა ხარჯებთანაა დაკავშირებული?

IPS
IPS

კედლების შეფითხნა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია ინტერიერის სამუშოებში, რადგან ფითხის სწორად დამუშავება უზრუნველყოფს კედლების სუფთა და გლუვ ზედაპირს, რაც საბოლოოდ, გავლენას ახდენს საღებავის ან სხვა დეკორატიული მასალის ხარისხზე. კედლის შეფითხნის დროს კედლის ზედაპირი სწორდება და მუშავდება კედელზე არსებული დეფექტები.

შეფითხნის მთავარი უპირატესობაა კედლებისთვის გლუვი ზედაპირის შექმნა. ეს პროცესი უზრუნველყოფს, რომ კედელი მზად იყოს საღებავის, შპალერის ან სხვა დეკორატიული საფარისთვის, რაც საბოლოო იერს უფრო ესთეტიკურს ხდის. შეფითხნა ეფექტურად ფარავს ბზარებს, ნაპრალებს, ხვრელებს და სხვა ხარვეზებს. სწორად შესრულებული შეფითხნა ხელს უშლის ბზარების გაჩენას კედლებზე დროთა განმავლობაში. აღსანიშნავია ისიც, რომ ფითხი სითბოს არ იკავებს, ის ძალიან თხელია, დაახლოებით 1-2 მმ სისქის.

კედლის შეფითხნა ხდება შპალერის გაკვრამდე და შეღებვამდე. განვიხილოთ თუ რა უნდა გავითვალისწინოთ კედლების შეფითხნამდე:

კედლის მომზადება 

შეფითხნამდე კედელი უნდა იყოს გაწმენდილი მტვრისა და ჭუჭყისგან. აუცილებელია ძველი ფითხის, საღებავის ან ბათქაშის ჩამოფხეკა თუ ის ფხვიერია ან ჩამოცვენილია. წინასწარ უნდა შეივსოს ყველა ბზარი და ნაპრალი სპეციალური მასალით, მაგალითად: ფითხის მასით ან სილიკონით.

სწორი მასალის შერჩევა

აირჩიეთ ფითხის ტიპი კედლის მასალის მიხედვით. მაგალითად: ცემენტის ფითხი ტენიანობის მიმართ მდგრადია და შესაფერისია სააბაზანოსა და სამზარეულოსთვის. თაბაშირმუყაოს ფითხი კი იდეალურია მშრალი სივრცეებისთვის, რადგან გლუვ და სუფთა ზედაპირს ქმნის.

ტემპერატურული პირობები

შეფითხნა უნდა განხორციელდეს ზომიერ ტენიანობაში. ზედმეტი ტენიანობა ან მშრალი ჰავა შესაძლოა ფითხის გახმობის დროს ბზარების გაჩენის მიზეზი გახდეს. დარწმუნდით, რომ სივრცეში კარგი ჰაერის მიმოქცევაა, რაც ხელს შეუწყობს მასალის თანაბრად გაშრობას.

ფითხის ფენების რაოდენობა

პირველი ფენა უზრუნველყოფს კედლის ძირითადი ხარვეზების დაფარვას, ხოლო მეორე ფენა კედელს საბოლოო სახეს აძლევს, რომ ის იყოს თხელი და თანაბარი.

შეფითხნის დასაწყებად, კედლები უნდა გაიფხიკოს, შემდეგ უნდა დაიგრუნტოს წებოთი (სპეციალური გრუნტით), რის შეშრობასაც სჭირდება დაახლოებით 3-4 საათი, ეს დამოკიდებულია ტემპერატურაზე. ზაფხულში თბილი ამინდების გამო უფრო მალე შრება ვიდრე ზამთარში. გამშრალი ფითხი თეთრი ფერისაა. კედელი იფითხნება ორჯერ, რადგან ერთხელ გაფითხნით ხარვეზები სრულიად არ აღმოიფხვრება. საბოლოოდ, შეფითხნული კედლები ილესება და იგრუნტება, რომ მტვერი მოსცილდეს, ამის შემდეგ კედელი მზად არის შპალერის გასაკრავად ან შესაღებად.

არსებობს განსხვავებული ხარისხის ფითხები, ძირითადად გხვდება გერმანიაში და თურქეთში წარმოებული. 1 ტომარა ფითხის ფასი 20 ლარიდან იწყება. ხელობის ღირებულება დამოკიდებულია კედლის სისწორეზე და კედლის სრული დამუშავების ფასი 20 ლარიდან იწყება.

რუბრიკის წამრგენია სამშენებლო სერვისების და მასალების კომპანია “აიპიესი

რომელი ფერი უხდება შავს? – 10 კომბინაცია, რომელიც ამ დრამატულ ფერს არბილებს

არასტანდარტული ინტერიერი ბეტონის ელემენტებით — DOT-ის პროექტი ინდოეთში