მოუთვნიერებელ, ველურ ბუნებასთან და თავგადასავლებით აღსავსე ტყესთან ახლოს აგებული კოტეჯის პროექტი ვანკუვერში დაარსებულ არქიტექტურულ სტუდიას, McFarlane Biggar Architects + Designers-ს ეკუთვნის. ოჯახი, რომელსაც კოტეჯი ეკუთვნის, საქმიან ცხოვრვებას ეწევა ქალაქში და პერიოდული „გადაწვისგან“ თავის დასაღწევად ამ სამოთხისეულ კოტეჯს აფარებს თავს, ამიტომ მისი ინტერიერი და პროექტი მშვიდი, კომფორტული უნდა ყოფილიყო.
სახლი ორი სართულისგან შედგება. ქვედა, პირველი სართული კანადური კედრისა და ხმის ჩამხშობი მინისგანაა აგებული. სახლის გეგმა, არქიტექტორების თქმით, არაა ზედმეტად გადატვირთული, რადგან მას აქვს ოკეანის, მთებისა და ტყის საოცარი ხედის ფუფუნება და ინტერიერის პომპეზურობით ამ ყველაფრის დაჩრდილვა გაუმართლებელი იქნებოდა.
სახლს სამი საძინებელი და ორი სააბაზანო აქვს, ღია სამზარეულოსთან, სასადილო და სასტუმრო ოთახებთან ერთად. ხის იატაკები და ჭერი მის ინტერიერს სითბოსა და ოჯახურობას მატებს. ქვედა სართულზე აქა-იქ ბეტონსაც ვხვდებით, რაც კარგად მიჯნავს ორ სართულს და თითოეულ მათგანში გამეფებულ ატმოსფეროებს.
მწვანე სახურავი კიდევ ერთი საინტერესო და ეკომეგობრული დეტალია, რომლითაც კოტეჯი გამოირჩევა. ის იმეორებს ტყის ლანდშაფტს და მისი საშუალებით სახლი სუნთქავს. სახურავზე განთავსებულია მოჭიქული ფარნები, რომლებიც მზის სინათლეს ბალახის საფარისკენ მიმართავენ.
ფოტოგრაფი: Ema Peters
რუბრიკის წარმდგენია “ალიანს ჯგუფი”