in

კენგო კუმა – XXI საუკუნის ლეგენდარული იაპონელი არქიტექტორი

კენგო კუმა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი იაპონელი არქიტექტორია. იგი 1956 წლის 8 აგვისტოს იაპონიაში, იოკოჰამაში დაიბადა. მისი მამაც არქიტექტორი იყო, რომელსაც თანამედროვე არქიტექტურა უყვარდა. კენგო ამ სფეროში თავის „ნათლიად“ ასევე იაპონელ არქიტექტორს, კენზო ტანგეს მიიჩნევს. არქიტექტურისადმი ინტერესი 10 წლისას გაუჩნდა, როდესაც მამამ კენზოს მიერ დაპროექტებულ იოიოგის ეროვნულ გიმნაზიაში წაიყვანა.

ეიკო გაკუენის საშუალო და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის შემდეგ კენგო ტოკიოს უნივერსიტეტში ჩაირიცხა. სწავლა 1979 წელს დაამთავრა. ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ კუმა გარკვეული პერიოდით „Nihon Sekkei“-სა და „TODA Corporation“-ში მუშაობდა, შემდეგ კი მოწვეული მკვლევრის პოზიციაზე ნიუ-იორკში, კოლუმბიის უნივერსიტეტში გადავიდა, სადაც 1985-დან 1986 წლამდე საქმიანობდა.

1987 წელს კუმამ „Spatial Design Studio“ დააფუძნა და მალევე, 1990 წელს, საკუთარი ოფისი გახსნა – „Kengo Kuma & Associates“-ი.

კუმა იაპონიის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ თანამედროვე არქიტექტორად მიიჩნევა, რომელიც ტრადიციული იაპონური ფასეულობებისა და წეს-ჩვეულებების გაცოცხლებას მათი თანამედროვეობასთან შერწყმით ცდილობს. ამ მიზნით, კუმას ყურადღებას იპყრობს მასალა და მისი ემოციური კავშირი იაპონურ ტრადიციებთან. იგი ცნობილია ხისადმი სიყვარულით, რომელსაც საკუთარი ნამუშევრების უმეტესობაში იყენებს, რომელთა შორისაა 2020 წლის ოლიმპიადის სტადიონიც.

კუმა შთაგონებას ყოველთვის კონტექსტიდან იღებს, რათა შენობა მაქსიმალურად მოერგოს გარემოს. მისი ძალისხმევის შედეგად, XXI საუკუნის ბაზარზე ჩვეულებრივი იაპონური მასალის მრავალმხრივი გამოყენების ტენდენცია დამკვიდრდა. მან  არქიტექტურის გარემოსთან ინტეგრირების ახალი გზები შემოგვთავაზა, ბუნებრივი განათებისა და ღია დაგეგმარების მეშვეობით.

კუმას პროექტების კიდევ ერთი საინტერესო ასპექტი განათების შესაძლებლობების მიმართ დიდი ინტერესია, რაც მის თითქმის ყველა პროექტში ვლინდება.

კუმას კომპანიის, „Kengo Kuma and Associates“-ის, ოფისები ტოკიოსა და პარიზში მდებარეობს. თითოეულში 150 ადამიანი მუშაობს. მრავალი სხვა წარმატებული არქიტექტორის მსგავსად, კუმაც ასწავლიდა უნივერსიტეტებში, მათ შორის, კოლუმბიისა და ილინოისის უნივერსიტეტებში, „Urbana-Champaing“-სა და კეიოს უნივერსიტეტში. ამჟამად კუმა ტოკიოს უნივერსიტეტის არქიტექტურის სამაგისტრო სკოლაში ასწავლის და ხელმძღვანელობს კვლევით ლაბორატორიას, რომელიც ტოკიოს უნივერსიტეტის ჰონგოს კამპუსის საინჟინრო ფაკულტეტის არქიტექტურის დეპარტამენტშია დაფუძნებული და „Kuma Lab“-ის სახელითაა ცნობილი. ლაბორატორია 2009 წელს დაარსდა. მისი კვლევები ძირითადად არქიტექტურას, ურბანულ სივრცეებსა და დიზაინს უკავშირდება.

მნიშვნელოვანი პროექტები

V&A Dundee, დანდი, დიდი ბრიტანეთი (2018)

„V&A Dundee“ ქალაქ დანდის სანაპიროზე, შოტლანდიაში, დიდ ბრიტანეთში მდებარეობს. იგი მდინარე ტეის მიმდებარე ტერიტორიაზეა აშენებული.

შენობა, რომელიც კლდეს წააგავს, გარემოსთან ჰარმონიის მიღწევის ახლებურ გზას გვთავაზობს.

V&A Dundee, დანდი, დიდი ბრიტანეთი (2018)

Xinjin Zhi Museum, შინჯინი, ჩინეთი

შენობის ფასადი ადგილობრივი ფილების მწკრივებისგან შედგება, რომლებიც მავთულებზეა დამაგრებული. ისინი შემინულ ინტერიერს მზის პირდაპირი სხივებისგან იცავს.

Xinjin Zhi Museum, შინჯინი, ჩინეთი

Lotus House, აღმოსავლეთ იაპონია (2005)

სახლი მთებში, მდინარის პირას მდებარეობს. პროექტის მთავარი კონცეფცია მდინარესა და სახლს შორის კალაპოტის გაყვანა და ლოტოსის ყვავილების დარგვა იყო.

Lotus House, აღმოსავლეთ იაპონია (2005)

Nagasaki Prefectural Museum, ნაგასაკი, იაპონია (2005)

ამ მუზეუმის მშენებლობა საკმაოდ უჩვეულო პროცესი იყო, რადგან არხი უშუალოდ სამშენებლო მოედნის ცენტრში გადიოდა. საბოლოოდ, მისი მუზეუმთან ინტეგრირება გადაწყდა.

Nagasaki Prefectural Museum-ი არხის ორივე მხარეს აშენებული ორი ძირითადი სტრუქტურისგან შედგება, რომელთა შორის მათი დამაკავშირებელი, მინით შემოსაზღვრული ბილიკია.

Nagasaki Prefectural Museum, ნაგასაკი, იაპონია (2005)

Asakusa Tourism Centre, ასაკუსა, ტოკიო, იაპონია (2012)

შენობაში განთავსებულია ტურისტული საინფორმაციო ცენტრი, მრავალფუნქციური დარბაზი, საკონფერენციო დარბაზი და საგამოფენო სივრცე. თითოეული ზონა სახურავებითაა გამოყოფილი.

Asakusa Tourism Centre, ასაკუსა, ტოკიო, იაპონია (2012)

Kabuki-za Theatre, ტოკიო, იაპონია (2013)

თეატრი კენგო კუმას დიზაინამდე 4-ჯერ რესტავრირდა. ახალი შენობა წინა პროექტებში შემუშავებულ იაპონური სტილის ფასადს ინარჩუნებს. ამ პროექტებიდან პირველი 1889 წელს შეიქმნა.

Kabuki-za Theatre, ტოკიო, იაპონია (2013)

ავტორი: გიორგი ბელქანია

ენობრივი რედაქტორი: სოფიო მენთეშაშვილი

MJA Studio-ის პროექტით შექმნილი სახლი, რომელიც გარემოს ჰარმონიულად ერწყმის

როგორ შევქმნათ ელეგანტური და ამავდროულად ეკოლოგიურად სუფთა ინტერიერი – 4 მთავარი პრინციპი