in

კერძო სახლის მშენებლობისას გასათვალისწინებელი ფაქტორები — რუსუდან ლაშხის გზამკვლევი

კერძო სახლის მშენებლობა საკმაოდ რთულ და შრომატევად პროცესთან არის დაკავშირებული და აქ უმცირეს დეტალებსაც კი გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. ამ დროს განსაკუთრებით სასარგებლოა პროფესიონალების აზრის მოსმენა და მათი რჩევების გათვალისწინება, რათა სამშენებლო პერიოდმა წარმატებით ჩაიაროს და სასურველი შედეგი მივიღოთ. დღევანდელ სტატიაში არქიტექტორი რუსუდან ლაშხი გვიზიარებს საინტერესო რჩევებს მშენებლობასთან დაკავშირებით.

„ბევრ ადამიანს მიაჩნია, რომ საკუთარი სახლის მშენებლობა უფრო იაფი და ადვილი საქმეა, ვიდრე აშენებული სახლის შეძენა. თუმცა მშენებლობის პროცესი ძალიან რთული და კომპლექსურია, რაც მოიცავს სწორად დაპროექტებულ შენობას, სწორად შედგენილ კონსტრუქციულ პროექტს, მაღალკვალიფიციურ მშენებელსა და სარემონტო ჯგუფს. ეს ყველაფერი აუცილებელია იმისათვის, რომ  ხარისხიანი პროდუქტი მივიღოთ“, — აღნიშნავს რუსუდან ლაშხი.

ადგილმდებარეობისა და შენობის სტილისტიკის გათვალისწინება

არქიტექტორი გვირჩევს, კარგად გავერკვეთ ჩვენს სურვილებში და პროფესიონალს გააზრებული კონცეფცია შევთავაზოთ, რათა არქიტექტორმა ჩვენი მოთხოვნები ზედმიწევნით შეასრულოს პროექტში. ასევე, სახლის მშენებლობისას, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ადგილმდებარეობა, კლიმატური პირობები და რელიეფის მდგომარეობა, რათა ყველა საჭირო პირობა შევქმნათ კომფორტული ცხოვრებისთვის.

„პირველ რიგში, დამკვეთი კარგად უნდა ჩამოყალიბდეს, რა სტილის, ზომისა და ფუნქციური დანიშნულების სახლი სურს, რადგან სწორედ ამ სურვილების გათვალისწინებით იწყებს არქიტექტორი პროექტირებას. აუცილებლად გასათვალისწინებელია სახლის მდებარეობაც. მაგალითად, თუ ნაგებობა მთაშია, სადაც მკაცრი ზამთარი იცის, უმჯობესია, მოვერიდოთ დიდი რაოდენობით ვიტრაჟებს, რომლებიც დიდ თბოდანაკარგს წარმოქმნის, ხოლო სახლის კედლები და ჭერი დავათბუნოთ.  თუ სახლი ზღვაზეა, სივრცე იშლება, ან კარგი ხედები აქვს პროექტს, ამ შემთხვევაში პირიქით, რეკომენდებულია ბევრი ვიტრაჟის გამოყენება. ასევე, რელიეფს უნდა მიექცეს დიდი ყურადღება. დიდი ქანობის შემთხვევაში, შესაძლოა, შენობა მოვარგოთ რელიეფს და დონეებიანი პროექტი შევიმუშაოთ“.

მასალების სწორად შერჩევა

რუსუდან ლაშხი ყურადღებას ამახვილებს საფასადო მოსაპირკეთებელ მასალებზე და დიდ მნიშვნელობას ანიჭებს კლიმატურ პირობებს და გარე ფაქტორებს: „ყურადღებით არის შესარჩევი რა მასალით იქნება ამოშენებული გარე კედლები. დღესდღეობით ბაზარზე დიდი არჩევანია. არსებობს სხვადასხვა ტიპის ბლოკი, ცემენტი, აგური, პემზა… თითოეულ პროდუქტს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს. ამიტომ  მასალა უნდა შეირჩეს, როგორც არსებული კლიმატური პირობების მიხედვით, ასევე იმ ფაქტორის გათვალისწინებით, ფასადს კერამიკით ვაპირკეთებთ თუ ქვით, რადგან ზოგიერთი ბლოკი ზედმეტად მსუბუქია და ვერ უძლებს მოსაპირკეთებელი მასალის წონას“.

დათბუნების ფაქტორის გათვალისწინება

მიუხედავად იმისა, რომ სახლის დათბუნება საკმაოდ აქტუალური და მოთხოვნადი ტექნიკაა, ამ მასალის გამოყენება გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული. რადგან დათბუნების პროდუქტების უმეტესობა ძალიან მსუბუქია, ამ მასალით დათბუნებული კედლები კი ბუნებრივი მძიმე ქვით ან კერამიკით ვერ მოპირკეთდება. თუმცა არქიტექტორის თქმით, ამ შემთხვევაში გამოსავალი ვენტილირებადი ფასადია, სადაც კედლის დათბუნება ფასადზე ეწყობა, ცალკე კონსტრუქცია კი ამა თუ იმ მოსაპირკეთებელი მასალისთვის იგება. აღნიშნული ტექნიკა საკმაოდ დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, რის გამოც მას იშვიათად მიმართავენ. მეორე, შედარებით ბიუჯეტური ვარიანტი, მრავალკამერიანი ბლოკის გამოყენებაა, რომელიც სტანდარტული ბლოკისგან განსხვავებით,კამერების ხარჯზე ჰაერის მოძრაობისთვის ბარიერს ქმნის, რაც ნაკლებ თბოდანაკარგს უზრუნველყოფს.

სწორად შესრულებული გეგმარება  

ჩვენი რესპონდენტი ხაზს უსვამს სწორად შესრულებული გეგმარების მნიშვნელობას, რაც ფართის სრულად ათვისებას უზრუნველყოფს და ბევრად უფრო ფუნქციურსა და მოსახერხებელს ხდის სივრცეს.

„ძალიან დიდი ყურადღება უნდა მიექცეს ფართების სწორად გადანაწილებას. პროექტირებისას არქიტექტორმა ისე უნდა მოარგოს დამკვეთის მოთხოვნები გეგმარებას, რომ არ გაჩნდეს დაკარგული სივრცეები. სამწუხაროდ, ხშირად ვაწყდებით მსგავს პრობლემას, რაც დამკვეთისათვის დიდი ხარჯია როგორც მშენებლობის დროს, ასევე მისი ექსპლუატაციისას“. 

ფასების სწორად გადანაწილება

„ვფიქრობ, არ არის აუცილებელი, ყველა მასალა იყოს ძვირიანი იმისათვის, რომ მაქსიმალურ ეფექტს მივაღწიოთ. შეიძლება შეირჩეს ძვირფასი და ეფექტური მასალები ფრაგმენტულად, დეკორაციის სახით. მაგალითად, გამოკვეთილი ფერის ფილები აბაზანის მხოლოდ ერთ კედელზე, ან განსხვავებული დიზაინის შპალერის ჩანართები, რაც მიმზიდველ იერსახეს შექმნის. ხოლო დანარჩენ კედლებს მოვაპირკეთებთ შედარებით ბიუჯეტური ფილებითა თუ კედლის ქაღალდით“, — აღნიშნავს არქიტექტორი.

დეტალების აქცენტირება

რუსუდან ლაშხი გვირჩევს, ყურადღება გავამახვილოთ მცირე დეტალებზე და ინტერიერში ფერები დიზაინ ელემენტების სახით შემოვიტანოთ. მაგალითად, შესაძლებელია ძირითადი ავეჯი სადა ფერებში გადავწყვიტოთ, თუმცა სივრცე გავახალისოთ  ფერადი აქსესუარებითა და დეკორაციებით.

ავტორი: მეკო მეტრეველი

თბილისის არქიტექტურული და ურბანული გარემოს შესწავლა — კვლევითი ცენტრი „უბანის“ საქმიანობა

რა შემთხვევაში არ არის რეკომენდებული იატაკის მოხვეწა?