in

როგორ მოვიქცეთ, რომ ხალიჩას სასიამოვნო სურნელი ჰქონდეს?- 6 ეფექტური მეთოდი

ბევრი ჩვენთაგანისთვის სახლის ერთ-ერთი საყვარელი აქსესუარი, რომელიც წელს ინტერიერის ტენდენციებში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს, სწორედ ხალიჩაა, რომელიც საცხოვრებელი სივრცის გასახალისებლად ყველაზე მარტივ საშუალებას წარმოადგენს.  ხალიჩები ხელმისაწვდომია მრავალგვარ ფერსა და ფორმაში, რაც სხვადასხვა დიზაინისა და ესთეტიკის სივრცეს იდეალურად ერგება.

მნიშვნელოვანია, რომ ხალიჩის მოვლაში რეგულარულად ჩართოთ ისეთი მეთოდები, რომლებიც არამარტო სისუფთავეს უზრუნველყოფს, არამედ უსიამოვნო სუნსაც გააქრობს.

დღეს გთავაზობთ ხალიჩის მოვლის 6 ეფექტურ ხერხს, რომლებიც ნამდვილად გამოგადგებათ

  1. ხშირად გამოიყენეთ მტვერსასრუტი

თქვენი ოცნების ხალიჩის ყიდვა ნამდვილად კარგი გადაწყვეტილებაა, მაგრამ მისი სისუფთავისა და კარგი მდგომარეობის შესანარჩუნებლად რეგულარული წმენდა და მოვლა აუცილებელია. ამის გარეშე, ხალიჩამ შეიძლება სწრაფად დაკარგოს თავისი პირვანდელი ხიბლი და ტექსტურა. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია არამხოლოდ გაწმენდა, არამედ სუნის კონტროლიც, რაც ხელს შეუწყობს ხალიჩის სისუფთავეს და სრულყოფილ იერსახეს.  ხალიჩებში იბუდებს მტვერი, ალერგენები და სუნი, თუმცა ღრმა წმენდის მტვერსასრუტით ეს პრობლემა მარტივად გვარდება.

არ დაგავიწყდეთ მტვერსასრუტით გაწმინდოთ ხალიჩის კიდეებიც, რადგან მტვერი შეიძლება იქაც დაგროვდეს.

  1. ხალიჩის ზედაპირს მოაყარეთ სოდა

უსიამოვნო სუნის გასაქრობად შეგიძლიათ ხალიჩის მთლიან ზედაპირს მოაფრქვიოთ საცხობი სოდა და გააჩეროთ რამდენიმე საათი. შემდგომ გაწმინდეთ ხალიჩა მტვერსასრუტით. ასე უსიამოვნო სუნი გაქრება. სოდა აქრობს არა მხოლოდ არასასიამოვნო სუნს, არამედ ეფექტურად აცილებს ხალიჩას მცირე ზომის მტვრის ნაწილაკებსაც.

  1. მოაპკურეთ ხალიჩას გაზავებული ძმარი

საიდუმლო არაა, რომ სახლის პირობებში დამზადებული საწმენდი საშუალებები უვნებელი და ძალიან ეფექტურია. თუ ამ მეთოდის გამოყენებას დააპირებთ, დაგჭირდებათ თანაბარი რაოდენობის თეთრი ძმრისა და წყლის ერთმანეთში გაზავება.  ძმრის სუნი მალე აორთქლდება. შედეგად კი თქვენი ხალიჩა იქნება უზადოდ სუფთა.

  1. ეთერზეთებით წმენდა

ხშირად სახლში სასიამოვნო სურნელის მისაღებად სანთლებს, ან სხვადასხვა არომატიზატორებს იყენებენ. საჭიროა იცოდეთ, რომ სახლში არსებულ ტექსტილზე და ქსოვილებზე ზრუნვა არანაკლებ მნიშვნელოვანია, იმისათვის, რომ თქვენს საცხოვრებელში მუდმივად იყოს სასიამოვნო არომატი.

შეგიძლიათ საცხობ სოდას, რომელსაც ხალიჩას მოაფრქვევთ, დაამატოთ ერთი წვეთი, თქვენთვის სასურველი სურნელის ეთერზეთი, რომელიც ნესტის გაქრობასთან ერთად (რაც ხშირად ახასიათებს ხალიჩას), სასიამოვნო სურნელსაც დააყენებს თქვენს სახლში

  1. ორთქლით წმენდა

როდესაც ხალიჩას ორთქლით წმენდთ, ეს მას პირვანდელ სილამაზეს უბრუნებს. ამ მეთოდის გამოყენებისას ორთქლი აღწევს ქსოვილის ბოჭკოებამდე, საფუძვლიანად წმენდს ხალიჩას და აშორებს როგორც მტვერს, ისე არასასიამოვნო სუნს.

თუ მრავალსულიანი ოჯახი გაქვთ და ხშირად გიწევთ ხალიჩის წმენდა, ყიდვისას გაითვალისწინეთ, რომ შეიძინოთ ისეთი მასალისგან დამზადებული ხალიჩა, რომლის  წმენდაც ორთქლით შესაძლებელია.

  1. ხალიჩების განიავება

იმისათვის, რომ ხალიჩას უსიამოვნო სუნი მოშორდეს, აუცილებელია ჰაერის ცირკულაცია. ხალიჩების ჰაერზე განიავება არა მხოლოდ სოკოს გაჩენის შანსებს ამცირებს, ის ასევე უშლის ხელს უსიამოვნო სუნის გაჩენას თქვენს სახლში.

დიდი ხალიჩების ამ მეთოდით გაშრობა რთულია, თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენს ხალიჩებს დროდადრო მზის სხივები მოხვდეს.

ამიტომ, ნებისმიერ შემთხვევაში, თუ ხალიჩის გარეთ გატანას ვერ ახერხებთ, ხშირად გააღეთ ფანჯრები და გაანიავეთ ოთახი.

სად ცხოვრობენ არქიტექტორები? – Felix de Montesquiou-ს ბინა პარიზში

ლუდვიგ მის ვან დერ როეს “ბარსელონას სკამის” დიზაინში სიახლეა