“MAD Architects”-ის მორიგი შედევრი ამჯერად ჩინეთის ქალაქ ხარბინში გაიხსნა. ოპერის სახლი, რომელიც “ყინულის ქალაქს” შეემატა, იდეალურად ერწყმის გარემოს და კარგად ასახავს იქაურობისთვის დამახასიათებელ ბუნებას და ამინდს. პროექტის ავტორებმა ის იდეალური ფორმები გამოძერწეს, რომლის წყალობითაც მთელი შენობა ბუნებრივად უერთდება ჰორიზონტს.
ხარბინის კულტურული კუნძულის ნაწილი, ახალი ოპერის სახლი სამი ძირითადი სივრცისგან შედგება – 1600 ადამიანზე გათვლილი თეატრი, მცირე დარბაზი 400 სტუმრისთვის და ასევე, დიდი, მრავალფუნქციური საჯარო მოედანი.
შენობა ტალღის ფორმებს ასახავს, რომლებიც ამ სამ სივრცეს ჰარმონიულად აკავშირებს ერთმანეთთან. ფასადის იდეალურად დამუშავებული გლუვი, თეთრი პანელები და უზარმაზარი შუშაბანდი, ქარისა და ყინვისგან წარმოქმნილ ქანდაკებას წააგავს. ყინვა, თოვლი და ქარი კი, აქაური გრძელი და ძალიან ცივი ზამთრის განუყოფელი ნაწილებია.
ექსტერიერის გლუვი ფორმები ინტერიერშიც მეორდება. ფასადისგან განსხვავებით, ოპერის სახლის ინტერიერი თბილია, რაც ხის მასალის გამოყენებით არის მიღებული.
“MAD Architects”-ის ხელწერა ამ ობიექტზეც მარტივი ამოსაცნობია, რაც ბუნებასთან შენობის იდეალურ სინთეზში გამოიხატება.
ფოტო: Iwan Bann, Adam Mork.