in

კეთილსინდისიერი ხელოსნის არჩევის 6 წესი

IPS
IPS

ბინაში სარემონტო სამუშაოების წარმოებას ბევრი ჩვენგანი სტიქიურ უბედურებად აღიქვამს. მისი შესრულება მინიმალური დროის, ფულისა და ნერვების დანახარჯებით შესაძლებელია, თუ სწორად ავარჩევთ ხელოსნებს. ჩვენ მოგიმზადეთ 6 წესი, რომელიც გაგიადვილებთ ამ ამოცანის შესრულებას.

1. რეკომენდაცია

პირველი ნაბიჯი ხელოსნის შერჩევაში რეკომენდაციების მოძიებაა. თქვენს სამეგობროში, საახლობლოში ან ინტერნეტში. რეკომენდაციის გარეშე ურთიერთობის დაწყება დიდი შეცდომა იქნება. საუკეთესო გზა ამგვარი რეკომენდაციების მოძიებაში არის სპეციალიზირებულ სოციალურ ქსელებში შექმნილი ჯგუფების მოძებნა, სადაც ორივე მხარე იყრის თავს, როგორც დამკვეთი, ასევე შემსრულებელი. თქვენ ადვილად შეძლებთ შთაბეჭდილების შექმნას ამა თუ იმ ხელოსანზე და საჭიროების შემთხვევაში, დამკვეთისგან, შესრულებული სამუშაოს სურათებსაც კი მოიპოვებთ. რა თქმა უნდა, უკეთესია რესპექტაბელურ კომპანიებს მიმართოთ, სადაც ხელშეკრულებას გააფორმებთ და ხარისხის ერთგვარი გარანტიაც გექნებათ. ინტერნეტში არსებული გამოხმაურებები შეიძლება ყალბი აღმოჩდეს, ამიტომ პირადად დაურეკეთ დამკვეთს და გამოკითხეთ ხელოსნის მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხზე. დაგვიჯერეთ, ის თუ ნამდვილია, მისი შთაბეჭდილების გაზიარებას არ დაგზარდებათ.

2. კარგ ხელოსანთან რიგში მოგიწევთ დგომა

თუ თქვენ ნამდვილად კარგი ჯგუფი მოძებნეთ, მოემზადეთ ლოდინისთვის. ეს გარემოება თავიდანვე უნდა გაითვალისწინოთ და რემონტისთვის საჭირო ჯგუფის ძიება რამდენიმე კვირით ადრე დაიწყეთ.

3. პირადი კომუნიკაცია

არ მიიღოთ გადაწყვეტილება პირადი შეხვედრისა და გასაუბრების გარეშე. თუ პირველივე შეხვედრაზე თქვენთან მოუწესრიგებელი, მოთავხედო და ცოტათი ნასვამი ადამიანი მოვიდა, ყველაფერი ნათელია და ძებნა განაგრძეთ. პროფესიონალიზმი ყველა საქმეშია აუცილებელი. ხელოსანი პირველ რიგში ადეკვატური და ზრდილობიანი უნდა იყოს. სწრაფად “გაშინაურებული”, თქვენი ინიციატივის მიუხედავადაც კი, შეგიძლიათ იმწამსვე დაითხოვოთ. ხელოსანმა უნდა დაგისვათ ბევრი კითხვა და თქვენ მიერ დასმულ კითხვებს თავი არ უნდა აარიდოს. ნამდვილი პროფესიონალი საუბრის დროსვე შეძლებს განსაზღვროს სამუშაოს მოცულობაც და ვადებიც, შესაბამისად მაქსიმუმ მეორე დღეს შეძლებს თქვენთვის მისი მომსახურების ფასისა და ვადების თქმას. თუ ეს ასე არ მოხდა, განაგრძეთ ძებნა. კარგ ჯგუფებს როგორც წესი, შესრულებული სამუშაოების „პორტფოლიო“ გააჩნიათ, ასევე რეკომენდაციებიც, რომლის გადამოწმებაც ადვილადაა შესაძლებელი. კარგი ხელოსანი ყოველთვის გასაგებად და მარტივად საუბრობს. აქვს მოსმენის უნარი და მის გადაწყვეტილებებს თავზე არ გახვევთ, არამედ რამდენიმე ვარიანტს გთავაზობთ და არაჩევანს თქვენ გიტოვებთ. თუ შეხვედრაზე მოსული ადამიანი ამ თვისებებს არ ავლენს, ძებნა განაგრძეთ.

4. პირობების წერილობით გაფორმება

მნიშვნელოვანია ზეპირი მოლაპარაკების დეტალების ფურცელზე გადატანა. შესაძლებელია ის ნოტარიულად არ დაამოწმოთ, თუმცა ფურცელზე ასახული მოლაპარაკების პირობები მომავალში გაუგებრობისგან ორივე მხარეს დაგიცავთ.

5. გადახდა შესრულებული სამუშაოს მიხედვით

ძალიან დიდი შეცდომაა ხელოსნისთვის თანხის წინასწარ გადახდა. აწუწუნებული და საქმეში პირადი პრობლემების შემომტანი ხელოსანი თქვენ არ გამოგადგებათ, მაშინვე სხვა ალტერნატივის ძებნა განაგრძეთ. თუ ამას არ იზამთ, მომავალში გამორთული ტელეფონის მსხვერპლი ან „მრავალგზის“ გარდაცვლილი ნათესავის წუხილის „იძულებით“ თანამოზიარე გახდებით.  ორივე მხარის ინტერესებიდან გამომდინარე, საუკეთესო გამოსავალი შესრულებული სამუშაოს მიხედვით ეტაპობრივი გადახდაა.  ამ შემთხვევაში ხელოსანიც და თქვენც დაცული იქნებით. კარგი სპეციალისტი ყოველთვის დარწმუნებულია მის მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხში და ეტაპობრივ გადახდას ადვილად დათანხმდება.

6. გონივრული კონტროლი

თუ თქვენ რემონტის კეთება კონკრეტულ გუნდს მიანდეთ, ისინი გადამეტებული კონტროლით არ უნდა შეაწუხოთ და მათ მუშაობის საშუალება უნდა მისცეთ. წინასწარ მოილაპარაკეთ და შეადგინეთ თქვენი ვიზიტების გრაფიკი. ყველაზე გონივრულია 2 დღეში ერთხელ ვიზიტი და სამუშაოში შესაბამისი კორექტირებების შეტანა, თუ ამას საჭიროება მოითხოვს.

როგორ ავიცილოთ “მტირალა ფანჯრის” ეფექტი

რა მეთოდები არსებობს ზედაპირების ზღურბლის გარეშე შესაერთებლად