in

ხელოვნური ქვის ფაქტურის დეკორაცია — როგორია მისი მონტაჟის სპეციფიკა და ღირებულება ქართულ ბაზარზე?

დეკორატიული ლესვის ტექნიკით შესრულებული ქვის იმიტაციის მქონე სხვადასხვა დეკორი ინტერიერსა და  ექსტერიერში განსაკუთრებული მოთხოვნით სარგებლობს, რადგან განსხვავებულ იერს სძენს სივრცეს და მას ბევრად მიმზიდველს და ორიგინალურს წარმოაჩენს. დეკორატიული ლესვის ეს ტექნიკა რამდენიმე მნიშვნელოვანი უპირატესობით ხასიათდება.

მრავალფუნქციურობა — ხელოვნური ქვის იმიტაციის განსხვავებული დეკორატიული ელემენტები შესაძლებელია განთავსდეს როგორც ინტერიერში, ასევე ექსტერიერში და სხვადასხვა დატვირთვა შეიძინოს. მისი დახმარებით შეიძლება მოაპირკეთოთ კედლები, ბუხრები, მარნები, ფანჩატურები, სველი წერტილები, ექსტერიერში – წყაროები, ხელოვნური ჩანჩქერები. ამიტომ, მისი მრავალფუნქციურობიდან გამომდინარე ინტერიერსა თუ ექსტერიერში პრაქტიკული და ესთეტიკური მიზნით ხშირად იყენებენ.

დიზაინის მრავალფეროვნება — გარდა იმისა, რომ დეკორატიული ლესვის ტექნიკით შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ ზედაპირზე  მოეწყოს განსხვავებული ფორმისა და დიზაინის ხელოვნური ქვის დეკორაციები, მისი მეშვეობით შესაძლებელია სასურველი ფორმის ქანდაკებების, ხელოვნური ხეებისა და განათებების დამზადება. ამასთანავე, მაცხოვრებელს შეუძლია, დეკორაცია სასურველ ფერად შეღებოს და დამატებით საინტერესო ელემენტები შეიტანოს სივრცეში, რომელიც ერთდროულად, ფუნქციური და ესთეტიკური იქნება.

გამძლეობა — დეკორატიული ლესვით დამზადებული ხელოვნური ქვის ფაქტურის დეკორაცია გამძლეობითა და სიმტკიცით ხასიათდება. მას სპეციალურად ამუშავებენ ისე, რომ დიდი ხნის განმავლობაში შეინარჩუნოს პირვანდელი იერსახე. საშუალოდ დეკორაციის საექსპლუატაციო ვადა 20 წელია. ამავდროულად, ამგვარი ტექნიკით შესრულებული ნამუშევარი ნესტისა და წყლის მიმართ მედეგია, რადგან ჰიდროსაიზოლაციო მასალით მუშავდება და თავისუფლად მონტაჟდება სველ წერტილებში,წყაროებსა თუ ჩანჩქერებზე.

დარგის წარმომადგენელი გვიხსნის, რომ ხელოვნური ქვის ფაქტურის დეკორაცია ორი ხერხით სრულდება. ერთ შემთხვევაში რკინის კონსტრუქცია გამოიყენება საყრდენ ზედაპირად, მეორე შემთხვევაში კი ქაფპლასტის („პენოპლასტი“) ფილები.

რკინის კონსტრუქცია საჭიროა იმ შემთხვევაში, თუ კედელი არ არის მყარი და ზედაპირი გამაგრებას საჭიროებს. როგორც ექსპერტი გვიხსნის, ფაქტობრივად,  რკინის კონსტრუქციის მეშვეობით ახალი კედელი მიიღება, რომელსაც შემდეგ, მეტი სიმყარისთვის, ფოლადის ბადე ეკვრება. მესამე ეტაპზე კი ცემენტის მეშვეობით დეკორაციისთვის სასურველი ფორმების მიცემა და მისი დამუშავება ხდება, საბოლოოდ კი მასალა იღებება.

ბლოკის კედლის და მყარი ზედაპირის შემთხვევაში საჭირო აღარ არის რკინის კონსტრუქციის მოწყობა და დამატებით ფოლადის ბადის განთავსება. ზედაპირზე ქაფპლასტის ფილა მონტაჟდება, რომელსაც მსუბუქი, ნაჭრის ფაქტურის მაგვარი ბადე უკეთდება. ფორმების გამოყვანა და შევსება კი თავდაპირველად წებო ცემენტით მიმდინარეობს, რადგან წებო ცემენტი მყარად თავსდება ქაფპლასტზე, ხოლო შემდეგ, მეორე ფენაზე ხდება ცემენტის დატანა.

ისეთ ადგილებში, სადაც დეკორაციას წყალთან უშუალო შემხებლობა აქვს, მესამე ფენა დამატებით ჰიდროსაიზოლაციო მასალით მუშავდება, საბოლოოდ კი დეკორი იღებება.

დარგის სპეციალისტი გვიხსნის, რომ თითოეული ნამუშევარი ინდივიდუალურად ფასდება და ღირებულება დამოკიდებულია დეკორაციის ტიპზე, მოცულობასა და სამუშაოს სირთულეზე. მაგალითად, ინტერიერში სხვადასხვა დეკორატიული ელემენტისა და ქვის ფაქტურის კედლის ფასი, საშუალოდ, 1 მ2-ის მიხედვით, 350-600 ლარია.  რაც შეეხება ექსტერიერს,  ნამუშევრის ფასი მისი მოცულობის მიხედვით განისაზღვრება. მაგალითად, დეკორატიული ლესვით დამუშავებული სანათების ღირებულება საშუალოდ, 580-690 ლარია, ხოლო მცირე ზომის ჩანჩქერის (რომლის ზომა 2,5 მ. სიგანე, სიმაღლე – 3,5 მ.) დაახლოებითი ფასი 12 000 ლარიდან იწყება. ამ მომსახურებაში კი შედის განათების გაყვანილობა და შესაბამისი გამწვანებაც.

ავტორი: მეკო მეტრეველი

ბუნების სამი სტიქიური ელემენტის შთაგონებით შექმნილი ბინა ვაკეში — სალომე გულორდავას ნამუშევარი

სახლი ყოფილი სკოლის შენობაში