ხელსაბანი სამზარეულოს ერთ-ერთი განუყოფელი ნაწილია, რომელსაც მონტაჟის თავისებური სპეციფიკა და გარკვეული წესები აქვს, თუმცა არსებობს რამდენიმე წესი, რომლის თავიდან არიდება ან რაიმეთი ჩანაცვლება შედარებით რთულია, მაგრამ შესაძლებელია.
ერთ-ერთი ასეთი საკითხია ხელსაბანსა და კედელს შორის არსებული პლინტუსები, რომლებიც კედელს დაზიანებისგან იცავენ.
პლინტუსი კედელსა და ხელსაბანს შორის ესთეტიკურ გადასვლას ქმნის და ხელსაბანის სივრცეს დასრულებულ ეფექტს ანიჭებს, თუმცა, ის, რომ პლინტუსის გარეშე ხელსაბანის დამონტაჟება არ შეიძლება, მითია, რომელსაც ქართველი ხელოსნების უმრავლესობა ავრცელებს.
მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტები პლინტუსების გამოყენებას გვირჩევენ, რადგან მათ ბევრი საჭირო ფუნქცია გააჩნიათ და კედლის უსაფრთხოებაზე არიან პასუხისმგებელნი, ხელსაბანის დამონტაჟება მათ გარეშეც ხდება, ამისთვის კი რამდენიმე წესის გათვალისწინებაა საჭირო.
პირველ რიგში, პლინტუსის ერთ-ერთი დანიშნულება ისაა, რომ ის ხელსაბანსა და კედელს შორის უსწორმასწორო ზედაპირს ავსებს და არ ტოვებს სიცარიელეს, ამიტომ თუ პლინტუსის გამოყენება არ გსურთ, აუცილებელი პირობაა, რომ კედელი იდეალურად სწორი იყოს, რათა შუაში თავისუფალი სივრცე არ დარჩეს.
თუმცა, თუ ფიქრობთ, რომ თქვენს სამზარეულოში კედელს უსწორმასწორო ზედაპირი აქვს, პროფესიონალების ჩარევით, შესაძლებელია ამ ნაწილის ამოვსება ან გასწორება.
ამას გარდა, პლინტუსი კედელს იცავს ნესტისა და ობისგან. პლინტუსის გარეშე დამონტაჟებული ხელსაბანი კი მარტივად ახერხებს ჭარბი ტენიანობის გაჩენასა და შესაბამისად, ზრდის ნესტიანობის რისკებს. სწორედ ამიტომ, მოგიწევთ კედელზე სხვადასხვა ქიმიური საშუალებების გამოყენება და მუდმივი დაკვირვება, რათა ნესტმა და ობმა კედლის ზედაპირის დაზიანება არ გამოიწვიოს.
ზოგიერთ პლინტუსს დამატებითი დანიშნულებაც აქვს და ის ელექტროგაყვანილობას ან სანტექნიკის მილებს ფარავს, თუმცა ამ ფუნქციის ჩანაცვლება სხვადასხვა ალტერნატიული საშუალებითაც შეგიძლიათ, მაგალითად, დეკორატიული შპალერის გაკვრით ან კუთხოვანების გამოყენებით.
იმის გამო, რომ პლინტუსების გარეშე დამონტაჟებული ხელსაბანი შედარებით რთული მოსავლელია და მისი მონტაჟი გარკვეულ სირთულეებთანაა დაკავშირებული, სახლის მეპატრონეების უმრავლესობა პლინტუსიან ვარიანტს ირჩევს, რაც საკმაოდ გამართლებული გადაწყვეტილებაა. თუმცა, გახსოვდეთ, რომ ხელსაბანის პლინტუსის გარეშე დამონტაჟება სავსებით შესაძლებელია, უბრალოდ ამ შემთხვევაში მონტაჟისა და მოვლის სირთულეებთან გვაქვს საქმე.