ხის ხელნაკეთი ავეჯი საკმაოდ ბევრისთვისაა მიმზიდველი. ალბათ, გაგვიჭირდება, წარმოვიდგინოთ ინტერიერი ხისგან დამზადებული ავეჯის ერთი სახეობის გარეშე მაინც. ხშირად ხელნაკეთ ხის ავეჯს უფრო მეტად დეკორატიული დატვირთვა აქვს, ვიდრე – ფუნქციური. შეიძლება ითქვას, რომ დღეს საქართველოში მსგავსი ტიპის დეკორი საკმაოდ პოპულარულია. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ ის ახლადშექმნილი სტარტაპი გაგაცნოთ, რომელიც ხის ავეჯს აწარმოებს. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ კომპანია “კარლოს” დამფუძნებლებს, მარგარიტა ცინცაძესა და გვანცა ლაზარაშვილს გავესაუბრეთ.
-გვიამბეთ “კარლოს” შესახებ. როგორ შეიქმნა ის?
-გასულ წელს პანდემიამ ბევრი ადამიანი გახადა იძულებული, სახლიდან მუშაობაზე გადასულიყვნენ. შესაბამისად, სახლი გახდა ერთდროულად სამუშაო, დასასვენებელი და გასართობი სივრცე. ჩვენც ამ მიზეზით რამდენიმე საცხოვრებელი გამოვიცვალეთ კომფორტის ძიებაში. თითოეული ინტერიერისთვის ვეძებდით მინიმალისტურ და ინდივიდუალურ ავეჯს, რომელიც დახვეწილი და პრაქტიკული იქნებოდა. ძალიან გაგვიჭირდა სასურველი დიზაინის მოდელების პოვნა. გარდა იმისა, რომ ხის მასიური, მძიმე ავეჯი მომცრო ინტერიერში სივრცეს და სინათლეს იპარავს, მასზე მეტი მასალაც იხარჯება, რაც თავისთავად, ზრდის თვითღირებულებას.
სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, შეგვექმნა ავეჯის ბრენდი, რომელიც ინჟინრული ხრიკებითა და მცირეოდენი კრეატივით, რაც შეიძლება მოხდენილ მოდელებს შესთავაზებდა მსურველებს.
“კარლო” 2021 წლის იანვარში დავაარსეთ და მისი სახელი პინოქიოს იტალიელი ავტორის –
კარლო კოლოდის საპატივცემულოდ შევარჩიეთ.
-კონკრეტულად, რა პროდუქტს სთავაზობს “კარლო” მომხმარებლებს?
-კარლო მომხმარებელს ხისგან დამზადებულ მოსახერხებელ, დახვეწილ, მინიმალისტურ და, რაც მთავარია, გამძლე ავეჯს სთავაზობს.
-რა მასალას იყენებთ თქვენი პროდუქციის დასამზადებლად?
-ჩვენი პროდუქცია სხვადასხვა ხის მასალისგან მზადდება. გარდა ვიზუალური მხარისა, განსხვავებული ავეჯისათვის მასალა გარემო პირობების გათვალისწინებითაც ირჩევა. დღეისათვის შექმნილ მოდელებში გამოყენებული გვაქვს წიფელი, წაბლი, ლარიქსი და საავეჯე ხარისხის ფანერა.
-იღებთ თუ არა შეკვეთებს დამკვეთის ინდივიდუალური დიზაინით ?
-დიახ, ჩვენ ვიღებთ ინდივიდუალურ შეკვეთებს და ვითვალისწინებთ მომხმარებლის სურვილებსა და საჭიროებებს, რათა მაქსიმალურად დავაკმაყოფილოთ მათი მოთხოვნები. პროდუქტის გარდა, მომხმარებელს ვთავაზობთ შენაძენის ადგილზე მიტანის მომსახურებასაც.
-როგორ ფიქრობთ, როგორი ტიპის ინტერიერებზეა გათვლილი თქვენი პროდუქცია?
-ჩვენი თავდაპირველი იდეის თანახმად, გვსურდა ისეთი ავეჯის შექმნა, რომელიც მცირე ზომის სივრცეს გაამყუდროვებდა, თუმცა, როცა იდეებს ფრთები შევასხით და რეალური პროდუქცია შევქმენით, მივხვდით, რომ “კარლოს” მოდელებისთვის თითქმის ნებისმიერ ინტერიერში მოიძებნება ადგილი.
-თქვენი შეფასებით, რა ტიპის ავეჯზეა მოთხოვნა დღესდღეობით ქართულ ბაზარზე?
-რაც დრო გადის, უფრო ფასდება მინიმალიზმი ინტერიერში და, შესაბამისად, ასეთი ტიპის ავეჯზეც მოთხოვნა დღითიდღე იზრდება. თუმცა, ბაზარზე არსებული პროდუქტის უმრავლესობა იმპორტირებულია ევროპიდან, რაც ფასებზეც არის ასახული. ჩვენი მიზანია, არსებული მოთხოვნა ქართული წარმოების პროდუქტით დავაკმაყოფილოთ და ხელმისაწვდომი გავხადოთ ის უფრო მეტი ადამიანისთვის.
-საკმაოდ კონკურენტულ პირობებში გიწევთ საქმიანობა. როგორ ფიქრობთ, რა ხდის “კარლოს” პროდუქციას გამორჩეულს?
-კარლოს პროდუქცია გამოირჩევა როგორც დიზაინით, ისე დახვეწილი შესრულებითა და გამძლეობით. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ყოველი დეტალი მზადდება ხელით. სხვადასხვა ინჟინრული ხრიკების საშუალებით დამალულია გადაბმები და შეერთების ადგილები, რაც პროდუქტს განსაკუთრებულ სიმსუბუქეს სძენს.
-ამჟამად მხოლოდ მყარ ავეჯს აწარმოებთ, როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
-უახლოეს მომავალში მყარი ავეჯის გარდა, ვაპირებთ სახლის ინტერიერისთვის განკუთვნილი სხვადასხვა აქსესუარების დამატებას გაყიდვაში, რომლის ნახვაც მომხმარებელს შეეძლება როგორც სოციალურ ქსელში, ასევე ჩვენს ოფიციალურ ვებ გვერდზე: www.carlo.ge.
-აქვს თუ არა “კარლოს” შოურუმი და სად უნდა მოგმართონ დაინტერესებულმა პირებმა?
– შოურუმი ჯერჯერობით არ გვაქვს, თუმცა, ვისაც შეძენამდე სურს პროდუქტების დათვალიერება, შეუძლია გვესტუმროს სახელოსნოში, რომელიც მდებარეობს მიხეილ წინამძღვრიშვილის 117 ნომერში.