ეს ხის კოტეჯი მდებარეობს ბრიტანეთის კოლუმბიაში, კუნძულზე, შესაბამისად, ის ყველა მხრიდან გარშემორტყმულია ველური ბუნებითა და ზღვით. ეს არის მყუდრო საცხოვრებელი მისი მფლობელებისთვის, რომლებიც აქ ძირითადად დროს ზაფხულის არდადეგებზე ატარებენ. არქიტექტორებისა და დიზაინერებისთვის პროექტზე მუშაობისას მთავარი შთაგონება ბუნება იყო, რის გამოც მაქსიმალურად იყენებდნენ უხეშ ბუნებრივ მასალას მშენებლობასა და მოპირკეთებაში. აღსანიშნავია, რომ სახლს აქვს საკმაოდ დიდი ფანჯრები და რამდენიმე მინისგან დამზადებული კედელი, რაც საშუალებას იძლევა, თითქმის შეუფერხებლად დატკბეთ მრავალფეროვანი ხედებით.
მისაღები საკმაოდ დიდი ზომისაა და რამდენიმე ზონას აერთიანებს. მინის დახმარებით ოთახის ნებისმიერი წერტილიდან საინტერესო ხედი იშლება ბაღსა და ტყეზე. გარე სივრცეში განთავსებულია ხის მაგიდა და მცირე სამზარეულო, რომელიც იდეალურია თბილ ამინდში სტუმრების მისაღებად და დროის ოჯახთან გასატარებლად. ინტერიერის შექმნისას მთავარი აქცენტი ხის მასალასა და ბუნებრივ ფერებზეა გაკეთებული, დამატებით კი ძალიან მყუდრო და ელეგანტურ განწყობას ქმნის დახვეწილი დიზაინის მქონე ბუხარიც.
სამზარეულოში იქმნება ხის თბილი გარემო, რომელსაც ამშვენებს ხის ავეჯი. საერთო განწყობას პროექტი უხვი ბუნებრივი განათების, თბილი ხის დეკორის, მკაცრი ნაცრისფერი ჩრდილებისა და თანამედროვე ტექნიკის კომბინაციით ქმნის, რის ხარჯზეც სივრცე ძალიან შთამბეჭდავი ხდება.
კოტეჯს აქვს ორი საძინებელი, რომელთაგან ერთი შედარებით დიდი ზომისაა და აქვს ფანჯარა, საიდანაც ოთახი მზის ბუნებრივი შუქით ივსება. მეორე საძინებელი შესანიშნავია სტუმრების მისაღებად და აქ სივრცე მაქსიმალურადაა ათვისებული ფუნქციური ზონების შექმნით. კარადის ნაცვლად, გამოყენებულია კედელზე განთავსებული საკიდები, რაც სივრცის ათვისების კიდევ ერთი საინტერესო და პრაქტიკული გზაა.
აბაზანა ასევე ძალიან ელეგანტურად გამოიყურება. სარკეებისა და დეკორაციების დახმარებით, ეს ზონა განსაკუთრებით მყუდრო და ლამაზია. თუმცა, სპეციალური საშხაპე ადგილია გამოყოფილი გარე სივრცეშიც, რაც იდეალური გზაა სახლში სისუფთავისა და წესრიგის შესანარჩუნებლად.
მთლიანობაში კოტეჯი ძალიან დახვეწილი და საინტერესოა. გარე სივრცე ისეთივე კომფორტულია, როგორიც სახლის ინტერიერი, რაც შესანიშნავ შესაძლებლობას იძლევა ზაფხულში სასიამოვნო დროის ეზოში გასატარებლად, სადაც უხვად ხვდება ოკეანისგან წამოსული გრილი ჰაერი.