in

4 დიზაინ პროექტი საქართველოდან, სადაც დომინანტურ როლს ხის მასალა ასრულებს

ასაკთან ერთად ხე უმჯობესდება და არასდროს კარგავს საკუთარ სილამაზეს, რის გამოც ინტერიერებში ხისგან შექმნილი ავეჯი, დეკორაციები თუ სხვა დეტალები დიდი პოპულარობით სარგებლობს. ხე უდავოდ ძალიან გამძლე და ელეგანტური მასალაა, რომელიც კარგად შეეფერება ნებისმიერი სტილის დიზაინს. შეიძლება ითქვას, რომ დღეს არ არსებობს ბევრი ისეთი მასალა, რომელიც ხის გარეგნულ თვისებებსა და ფუნქციურობას გაუწევს კონკურენციას. ამასთან, მას შეუძლია სახლს ბუნებრივად თბილი შეგრძნება მისცეს, რაც კიდევ ერთი უნიკალური და საინტერესო თვისებაა.

მრავალფეროვანი გარეგნობის გარდა, არსებობს უამრავი მიზეზი, რის გამოც ინტერიერის დიზაინერები ყველაზე ხშირად სწორედ ხის დეტალებზე აკეთებენ არჩევანს. დიზაინის სამყაროში ამ მასალას შეუძლია სრულად გარდაქმნას ოთახი, არის გამძლე და რაც მთავარია, ეკოლოგიურად სუფთა. დღევანდელ სტატიაში იმ პროექტებს გაგაცნობთ საქართველოდან, რომლებშიც ხის მასალა დომინირებს.

ბინა მთაწმინდაზე

ამ ბინაში ჭარბობს თეთრი ფერის პალიტრა, რომელიც მნახველის ყურადღებას მთავარი წერტილებისკენ ­— ხით მოპირკეთებული ელემენტებისკენ მიმართავს. ხის მასალა გვხვდება შენობის ფასადზეც, რაც გარე და შიდა ზონების მთლიანობასა და ჰარმონიულ კავშირს უზრუნველყოფს. გავლენა განსაკუთრებით იგრძნობა მისაღები ოთახის ნაწილში, რომელიც თითქმის მთლიანად ხის მასალისგან არის შექმნილი. ოთახებში არსებული ხის ავეჯი და აქსესუარები კი სახლის საერთო ხასიათსა და განწყობას ჰარმონიულად ერწყმის.

იხილეთ პროექტი დეტალურად

ბინა ჯავახიშვილის ქუჩაზე

ამ ბინის კონცეფციის შემუშავებისას მთავარი როლი ავთენტურმა ფანჯრებმა, მაღალმა ჭერმა და დიდი რაოდენობით ბუნებრივმა განათებამ ითამაშა, რომელსაც ხის დეტალები განსაკუთრებით მოუხდა, რადგან ამ შტრიხმა პროექტში ბუნებრივი და თბილი შეგრძნება შემოიტანა. ხის პარკეტი, დარაბები და სხვა დეტალები ინტერიერში ბუნებასთან ურთიერთობის განწყობასა და თბილ, მყუდრო გარემოს ქმნის. საბოლოო ჯამში, ბინაში სიმსუბუქე, ბუნებრიობა, სიმშვიდე და ჰარმონია იგრძნობა, რაც სწორედ ხის მასალის სიმრავლით არის განპირობებული.

იხილეთ პროექტი დეტალურად

ბინა ვერაზე

პროექტში ხის გავლენა ყველაზე უკეთ სამზარეულოს ნაწილში იგრძნობა, სადაც ხისფერი აქცენტები ხაკისფერ დეტალებთან არის შეხამებული და მთლიანობაში მშვიდ, ბუნებრივ განწყობას აღძრავს. სახლის ამ ნაწილში განთავსებული ავეჯი და კარები ხისგანაა დამზადებული. ღია ხისფერ იატაკს სივრცეში სითბო და დადებითი განწყობა შეაქვს. დანარჩენ ოთახებში არსებული ხის ავეჯი და აქსესუარები სახლის საერთო ხასიათსა და განწყობას ჰარმონიულად ერწყმის.

იხილეთ პროექტი დეტალურად

ბინა მინდელის ქუჩაზე

პროექტი გემოვნებიანი, დახვეწილი სტილით გამოირჩევა, რომელშიც თითოეული ელემენტი ერთმანეთთან ჰარმონიულ კავშირს ამყარებს და ერთიან დიზაინს ქმნის. ბინა  მყუდრო, თბილი და სასიამოვნოა, რაც ხის ელემენტების სიუხვით მიიღწევა. ხის მრავალფეროვნება სახლის თითოეულ ნაწილში იგრძნობა და ამ მხრივ გამორჩეულია მისაღები ოთახიც, სადაც ხის ავეჯი შესანიშნავადაა შეხამებული თეთრ აქცენტებთან და ბინაში სკანდინავიურ შეგრძნებას აღვიძებს. აღსანიშნავია სამზარეულოში არსებული ხის დარაბები, რაც სივრცეს გამორჩეულ ხასიათს სძენს.

იხილეთ პროექტი დეტალურად

XIX საუკუნით დათარიღებული შენობის ნანგრევებზე შექმნილი თანამედროვე საცხოვრებელი მექსიკაში

6 წესი, რომლებიც ინტერიერში ფერების შერჩევისას უნდა გამოვიყენოთ