მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული არქიტექტურული სტუდიის, Olson Kundig-ის კოსტა რიკაში განხორციელებული ხის სახლის პროექტი პლაია ერმოსას სანაპიროზე მდებარეობს და დაახლოებით 200 კვადრატული მეტრის ფართობს მოიცავს. მასზე მომუშავე არქიტექტორების თქმით, პროექტი შთაგონებულია წყნარი ოკეანის ამ ნაწილის მასიური ჯუნგლებითა და აქაურობისთვის დამახასიათებელი იდილიური ბუნებით.
სახლი მთლიანად ტექის ხისგანაა აგებული, რომელიც ადგილობრივ ნიადაგზე იზრდება. შენობის სამივე სართული ინტეგრირებულია ბუნებასთან – პირველი სართული სრულადაა შერწყმული ტყესთან, მეორე სართული მთლიანად ხეებშია მოქცეული, მესამე კი მათ ზემოდან დასცქერის – აქედან წყნარი ოკეანის მომნუსხველი, დამატყვევებელი ხედი იშლება.
პროექტის დამკვეთები სერფინგისა და გარემოს დაცვის ენთუზიასტები არიან, ამიტომ მათი სახლი კოსტა რიკას მიწის მდგრადი განვითარების ფილოსოფიითაა გაჟღენთილი. სახლის დიზაინი თავისუფალი სივრცით გამოირჩევა, მთავარ საცხოვრებელ სივრცეში მდებარე შიდა ბაღში კი მცენარეებია დარგული. ეს გადაწყვეტილებები შენობის სუფთა ჰაერით მომარაგებასა და ვენტილაციას განაპირობებს.
სახლის პირველი და მესამე სართულები ბუნების ელემენტებს ორმაგი ეკრანის მქონე ხის სისტემით უკავშირდება, რომელთა წყალობით შენობაში სრულად აღწევს ბუნებრივი სინათლე, მათი დახურვის შედეგად კი მეპატრონეებს სურვილის შემთხვევაში, გარემოსგან იზოლაცია და ინტერიერის უცხო თვალისგან დაცვა შეუძლიათ. ამ ყველაფერთან ერთად, კოსტა რიკაში მდებარე ეს ხის სახლი ენერგოეფექტურია – ის მზის ენერგიაზეა დამოკიდებული და გააჩნია მასშტაბური წვიმის წყლის შესაგროვებელი სისტემა, რომლითაც წყალი იზოგება.
ფოტოგრაფი: Nic Lehoux